განსაკუთრებული ზრუნვის წელი | ინტერვიუ გვანცა მურღვლიანთან

თიბისიში არც ერთი რგოლის მენეჯერის, არც ერთი თანამშრომლის წვლილს არ ივიწყებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პანდემიური წლის შეფასებას ეხება. თიბისიში მიიჩნევენ, რომ ეპიდემიური გამოწვევა ორგანიზაციამ წარმატებით მათ შორის გუნდის თითოეული წევრის მიდგომების მეშვეობით დაძლია. გვანცა მურღვლიანი, რომელიც თიბისის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსია გვეუბნება, რომ თიბისელები ზედმიწევნით იცავდნენ მითითებებს და ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდნენ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თანამშრომლებს ეხმარებოდნენ როგორც სხვა დროს აქამდეც, თუმცა ახლა გაორმაგებული პასუხისმგებლობით. სწორედ ადამიანებზე გადის თიბისის ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში პირველი ინფიცირებულის გამოვლენისთანავე აამოქმედა. თიბისიმ დაიწყო მზადება ისეთი სიტუაციისთვის, რომელსაც პოტენციურად ვერც ის და ვერც სხვა ორგანიზაციები ასცდებოდნენ. გვანცა გვიყვება, რომ პარალელურად მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ამ მიმართულებით მსოფლიო მოვლენები, რაც საბოლოოდ მენეჯმენტს თანამშრომლებთან კომუნიკაციასა და ყველა იმ აქტივობის დაგეგმვაში დაეხმარა, რომელიც მალევე ვირუსით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის დროს გამოადგათ.

„ეს პროცესი გამოწვევა იყო თიბისისთვის, ისევე როგორც ყველა ორგანიზაციისთვის და ამის წარმატებით დაძლევაში ნამდვილად სათითაო თანამშრომლის წვლილია, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ მითითებებს და ეხმარებოდნენ ერთმანეთს სირთულეების გადალახვაში“.

რადგან თიბისის უპირველესი ამოცანა ყოველთვის თანამშრომელთა უსაფრთხოება იყო, ამიტომაც მიზნად დაისახეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები ზედმიწევნით დაეცვათ, რათა გუნდის თითოეული წევრი ეპიდემიურ საფრთხეს აერიდებინა. ამ გზაზე ორგანიზაციამ დამატებით, თანამშრომლებთან მენეჯმენტის მხრიდან კომუნიკაცია გააძლიერა – უზრუნველყოფდნენ მათ ინფორმირებას სიახლეების თაობაზე და ისინი ჩართული ჰყავდათ ყველა გადაწყვეტილებაში. თიბისის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი გვეუბნება, რომ მიდგომამ გაამართლა – ხელი შეუწყო პირველი სტრესის და გაურკვევლობის შიშის დაძლევას.

ეჯაილ მოწყობაზე მყოფი ორგანიზაციის წევრებს, ახალ რეალობაზე ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. პანდემიამ როგორც ყველგან, აქაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა დააჩქარა. თიბისის ამისთვის 2 კვირა დასჭირდა, გვანცა IT სამსახურის დიდ შრომას განსაკუთრებულად გამოყოფს. მართლაც, არ არის მარტივი სათაო ოფისის 2 500-მდე თანამშრომელი დისტანციურ მუშაობაზე უმოკლეს ვადებში გადაიყვანო.

„თიბისელები საკმაოდ სწრაფად ადაპტირდნენ ახალ სამუშაო სტილზე. რადგან ჩვენი ორგანიზაცია ეჯაილ მოწყობაზეა, გვაქვს ბევრი ცერემონია, რომელიც გუნდებს აძლევს იმის საშუალებას რომ მუდმივ შეხებაში იყვნენ ერთმანეთთან და არ იგრძნონ სამუშაო იზოლაცია“.

ზაფხულში თიბისიმ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და თანამშრომლებსაც გააცნო, ეს იყო შეთავაზება „იმუშავე საიდანაც გინდა“. თიბისიმ ისიც გადაწყვიტა, რომ მიდგომა მომავალშიც ასეთი ექნებათ. გვანცა მურღვლიანის შეფასებით, ინიციატივა გუნდში დიდი პოზიტივის საფუძველი გახდა. ოღონდ სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, ჩაატარეს კვლევა, თანამშრომლები დისტანციური მუშაობის თაობაზე გამოკითხეს, აღმოჩნდა, რომ მათ დიდ ნაწილს „იმუშავე საიდანაც გინდა“ ძალიან მოეწონა. თიბისიში სულ ასეა, აქ პროცესებს თანამშრომელთა პოზიციების გათვალისწინებით მართავენ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

დისტანციურ მუშაობას სირთულეებიც აქვს. გვანცა სამუშაო და პირადი დროის დაბალანსების საკითხს გამოჰყოფს. თიბისი თანამშრომლებს ამ ბალანსის დაცვაშიც დაეხმარა.

„გავაკეთეთ 10 ოქროს წესი, რომელიც თანამშრომლებს ეხმარება სწორად დაგეგმონ სამუშაო დღე. არ დანიშნონ შეხვედრები არასამუშაო დროს. შეამცირონ შეხვედრების ხანგრძლივობა და ა.შ. ამან ხელი შეუწყო დაბალანსებულ სამუშაო მიდგომას“.

რაც თავის მხრივ, გუნდის თითოეული წევრის პროდუქტიულობაზე აისახა. ამას ხელი თიბისის კიდევ ერთმა განაცხადმა შეუწყო. მაშინ, როცა ბევრი კომპანია მუშაობას აჩერებდა, დასაქმებულები სამსახურის გარეშე რჩებოდნენ, თიბისიმ საჯაროდ გააკეთა განცხადება და თიბისელებს დაპირდა, რომ 2020 წელს, კრიზისის გამო სამუშაო ადგილს არც ერთი მათგანი არ დაკარგავდა. ორგანიზაციის თანამშრომლები დამშვიდდნენ, რთული პერიოდი ემოციურად მყარად გაიარეს. პასუხად მათი მხრიდან თიბისიმ კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი მიიღო. გვანცას პოზიტიური უკუკავშირი განსაკუთრებულად ახარებს, მოსწონს, როცა თანამშრომლები მენეჯმენტის მიერ მათთვის გადადგმულ ნაბიჯებს ხედავენ.

ბევრი სირთულის მიუხედავად, გვანცა მურღვლიანი საჭიროდ მიიჩნევს, რომ 2020 წელს პოზიტიურად შეხედოს. ამიტომაც ამბობს, რომ ეს წელი სამუშაო სტილისა და მიდგომების გარდამტეხ წლად დარჩება. გვანცა მიიჩნევს, რომ ვირუსი მათმა ორგანიზაციამ შესაძლებლობად აქცია და დისტანციური მუშაობა ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„რომ არა ვირუსი, ალბათ უამრავი დრო და ფული დაიხარჯებოდა იმაზე, რომ კომპანია დისტანციურ მართვაზე ასე ეფექტურად გადასულიყო. ასევე დადებითია ის უსაზღვრო კომუნიკაციის შესაძლებლობები და ვირტუალური შეხვედრები, რომელსაც თიბისის მენეჯმენტი თანამშრომლებისთვის აკეთებს. ამით უამრავ ადამიანს მიეცა დრო და საშუალება, რომ სახლიდან გაუსვლელად მენეჯმენტს პირდაპირ ესაუბროს, დაუსვას ლაივში კითხვები და მიიღოს პასუხები. ფიზიკურ შეხვედრებზე ამის შესაძლებლობა უფრო ნაკლებად იყო“.

თიბისელებისთვის 2021 წელსაც ძალაშია „იმუშავე საიდანაც გინდა“. ორგანიზაციას უნდა, რომ მომავალ წელს თანამშრომლების ემოციურ და მენტალურ მდგომარეობას მეტი დრო დაუთმოს. აქ თიბისი მსოფლიო კვლევებს ეყრდნობა, რომელიც აჩვენებს, რომ 2021 წელს სამუშაო ძალის ძირითადი გამოწვევა სწორედ სტრესი და გადაღლილობის სინდრომი იქნება, ცხადია, ამის მთავარი მიზეზი პანდემიაა. სწორედ ამიტომაც, თიბისის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ორგანიზაცია საკუთარ თანამშრომლებს ამ კუთხით საჭირო დროსაც დაუთმობს და დაეხმარება კიდეც!