ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმის სექტორისთვის | საქართველო და სხვა ქვეყნები

Photo by Tomáš Malík

ტურიზმი ეკონომიკის ერთ–ერთი დარგია, რომელზეც covid-19-ის გავლენა ყველაზე თვალშისაცემია. მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა საზღვრების ჩაკეტვა, რამაც ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ტურისტული ინდუსტრია.

საქართველოსათვის ტურიზმი ეკონომიკის ერთ–ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს. დღეს საქართველოს მთავრობამ ტურიზმის სექტორის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ამ  სექტორისათვის 200–მილიონიან დახმარებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11%–ს  აგენერირებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 150000 ადამიანს უტოლდება. შესაბამისად, ტურისტული სექტორის ამუშავება საქართველოსათვის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 2020  წელს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, რომელიც დაახლოებით 45 მილიონ ლარის ოდენობით თანხებს გამოუთავისუფლეს ბიზნესს. ასევე იგეგმება სასტუმროების სესხებით სუბსიდირება, რისთვისაც 60 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტურისტული კომპანიებისა და გიდების დახმარებისათვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს გამოყოფს. ასევე, 2020 წლის ბოლომდე ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან, რაც დამატებით 90 მილიონი ლარს დატოვებს ამ სფეროში და დაეხმარება მათ კრიზისის დაძლევაში.

საინტერესოა  ამ ფონზე რა ღონისძიებები გაატარა მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნებმა ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად. ამის შესახებ  ინფორმაციას EPRC–ის საინფორმაციო დოკუმენტში ვიპოვით.

ესპანეთი, ერთ–ერთი ქვეყანაა, რომელიც ტურიზმის სექტორზე ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ტურიზმი ესპანეთში ეკონომიკის დაახლოებით 12%–ია, პანდემიის შედეგად ექსპერტები ტურისტული სექტორის 30%–ით შემცირებას ელიან. ამ ფონზე ესპანეთის სახელმწიფომ 400მილიონი ევრო გამოყო ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორში მოქმედი კომპანიების შეღავათიანი კრედიტის მიწოდებისათვის. 31 მარტს სახელმწიფომ გამოსცა შემამსუბუქებელი პოლიტიკის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ერთი წლით გადავადდა სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ძირის გადახდები იმ მეწარმეებისათვის, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ.

ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული კიდევ ერთი ქვეყანა იტალიაა, რომელიც ევროპაში პირველი იყოს, სადაც საჭირო გახდა განსაკუთრებით მკაცრი ღონისძიებების გატარება  ეპიდსიტუაციის დასასტაბილურებლად. იტალიის მთავრობამ ტურიზმის და მომიჯნავე დარგებში დასაქმებულა დასახმარებლად 130 მლნ. ევრო გამოყო. სოციალური დაცვის მექანიზმის ფარგლებში, იტალიის სახელმწიფო 600ევროს ოდენობით კომპენსაციას გადაუხდის ტურიზმის სექტორში სეზონურად დასაქმებულებს. კულტურის, გართობისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი დამსაქმებლები განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადებისაგან, სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენატანებისაგან და სავალდებულო სადაზღვეო დანამატებისაგან. მას შემდეგ, რას ვირუსის კონტროლი შესაძლებელი გახდება, იტალია გეგმავს აქტიურად დაიწყოს ქვეყნის იმიჯის აღდგენა და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა, ამ მიზნით სახელმწიფომ 200მლნ. ევრო გამოყო ადგილობრივი ავიაკომპანიების დასახმარებლად.

კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული ზიანი იაპონიის ტურიზმის სექტორს მიაყენა. იაპონურმა ავიაკომპანიებმა, საზღვრების ჩაკეტვისა და ფრენების გაუქმების შედეგად თებერვალ–აპრილის პერიოდში 2.8 მლრდ. დოლარით იზარალეს. ისტორიაში პირველად, 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები  2021 წლის ივლის–აგვისტოში გადაიტანეს, რის გამოც იაპონიის ეკონომიკის 1.4%–ით შემცირებას ვარაუდობენ. მარტში იაპონიის მთავრობამ 15მლრდ. დოლარი გამოყო ტურიზმისა და მომიჯნავე სექტორებში დასაქმებულთა დასახმარებლად. პანდემიის გადავლის შემდეგ, იაპონიის ტურიზმის სააგენტო 34მლნ. დოლარის დახარჯვას აპირებს საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად, რათა იაპონია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს საერთაშორისო მოგზაურთათვის.