წინწყაროს “ევროპული თავგადასავალი”

„წინწყარო“ 1985 წელს ბრიტანელი შემსრულებლის ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში გაჟღერდა. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ინგლისელმა ქეით ბუშიმ ჰამლეტ გონაშვილის ეს სიმღერა.

ბრიტანელი მუსიკოსი ქეით ბუში 1958 წელს ინგლისის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ბექსლიჰითში დაიბადა. ქეითი 11 წლის იყო, როდესაც პირველი სიმღერა დაწერა. ამის შემდეგ სიმღერებს ფორტეპიანოს თანხლებით ასრულებდა და კასეტებზე იწერდა, ჩანაწერებს კი სტუდიებში აგზავნიდა.

1973 წელს ქეითის ჩანაწერები შემთხვევით Pink Floyd-ის გიტარისტს, დევიდ გილმორს ჩაუვარდა ხელში და სწორედ მისი წყალობით ქეითმა 1975 წელს პროფესიონალურ სტუდიაში სამი სიმღერა შექმნა. ეს სიმღერები გახდა მისი წარმატების საწინდარი და თავისი ეკლექტური სტილით ქეით ბუში მალე გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ სოლო შემსრულებლად იქცა.

ქეითმა „წინწყარო“ 1985 წლის ალბომის მეთერთმეტე სიმღერაში Hello Earth გამოიყენა. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ინგლისელმა მომღერალმა ჰამლეტ გონაშვილის ეს სიმღერა.

ეს ეპიზოდი გერმანელი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის მიერ გადაღებული ფილმიდანაა სახელწოდებით „ნოსფერატუ, ვამპირი“, რომელიც ჰორორ ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიმუშს წარმოადგენს. რეჟისორი პირველი მოსმენისთანავე მიხვდა, რომ ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა „ წინწყარო“ სწორედ ის სიმღერა იყო, რომელიც ფილმს მეტ ექსპრესიას მიანიჭებდა. თუმცა, მან ფილმში არა ორიგინალი, არამედ  ფოლკლორულ ანსამბლ „გორდელას“ შესრულებული ვერსია გამოიყენა.

სწორედ ამ კინოში მოსმენილი „წინწყარო“ გახდა ქეით ბუშის აღფრთოვანების საგანი. მან რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ორიგინალი ვერსია დაურთო სიმღერას „Hello Earth“. აღნიშნულ კომპოზიციაზე საუბრისას ქეითი აღნიშნავს:

„Hello Earth მართლაც რთული დასაწერი აღმოჩნდა… ის ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. საბოლოოდ შევქმენი სიმღერა, რომელსაც ორი ცარიელი სივრცე ჰქონდა, ამ სიცარიელის შესავსებად რაიმე ხალხური, ტრადიციული მუსიკა მჭირდებოდა, ამიტომაც ფილმ „ნოსფერატუში“ მოსმენილი სიმღერა გამოვიყენე. ამ სიმღერის ფონზე სხვა ყველაფერი ნაგავი ჩანდა. გავარკვიეთ თუ შეიძლებოდა მისი მოძიება. საბოლოოდ ვიპოვეთ, შემდეგ ჩავწერეთ ეს ნაშრომი და უეცრად ამ ულამაზესმა ხმებმა შეავსო სიმღერის ორი სივრცე.

ეს ზმანებასავით იყო, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველაფერი ჩენს მიღმა დარჩა და ზემოდან გადმოვყურებდი სამყაროს. წარმოიდგინეთ, თითქოს ღამით წყალზე ტივტივებთ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებთ. ამ დროს წყალი ირეკლავს ვარსკვლავებს და ფიქრობთ, რა იქნება მე რომ ახლა ცაში ვიყო, ხოლო რასაც ვუყურებ ცის წყალზე ანარეკლი აღმოჩნდეს.“

პირველ არხთან ინტერვიუში ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“ ლოტბარი აღნიშნავს: „თავიდან არ ვიცოდით ვინ და როგორ გამოიყენა, იცით, იმ დროს ინფორმაცია არ გვქონდა უცხოეთში როგორ იყენებდნენ ან უსმენდნენ ჩვენს მუსიკას, მაგრამ მოსმენის შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა“.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სიმღერას ორიგინალისგან განსხვავებული ინტერპრეტაცია მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის შინაარსი აზრობრივად არ ჯდება კონტექსტში, ის მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს, რაც სიმღერის, როგორც ხელოვნების ნიმუშის პერსპექტიულობასა და მრავალფეროვნებაზე მიგვანიშნებს.