თამარ ცირეკიძის „ღია ცის“ ქირურგია

მიკროსკოპის ქვეშ ოფთალმოქირურგიის ნამდვილი მაგია დღეში რამდენჯერმე მეორდება. მონაწილეები: ქირურგი, პაციენტი და მიკროსკოპი. მოძრაობები ზუსტი და გამბედავია. გადაწყვეტილებებს მარტო იღებს. თუმცა მიხსნის, რომ შეუძლებელია ამით დაიღალო, როცა იცი, რომ სინათლის დაბრუნების ხელოვნებას ფლობ და ადამიანებს მხედველობასთან ერთად სიცოცხლის სიხარულს ჩუქნი.

ოფთალმოქირურგი თამარ ცირეკიძე წლებია ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს ატარებს. დაახლოებით ერთი თვის წინ მან ფემტოლაზერის საშუალებით რქოვანას შრეობრივი გადანერგვის უნიკალური ოპერაცია საქართველოში პირველმა გააკეთა.

ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი ზუსტი იყო. ამაზე დასტურს ცხოვრებისგან ყველა რთული ოპერაციიდან გამოსვლის შემდეგ იღებს. წესად აქვს ამ დროს რამდენიმე წუთით საკუთარ თავთან მარტო დარჩეს და გამარჯვების ემოცია, სიამაყე და სიხარული შეიგრძნოს.

ოპერაციიდან მორიგ ოპერაციამდე პაციენტებს იღებს. ყველა სამუშაო დღე დილიდან საღამომდე დატვირთულია: კონსულტაციები, კვლევები, ოპერაციები. ყველა პაციენტს იცნობს. ყველა ისტორია ახსოვს. და ამბობს, რომ, პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანების სიყვარულია მთავარი საიდუმლო, რითაც თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ურთულეს ოპერაციებს ატარებს.

უფრო ზუსტად კი, სასწაულებს ახდენს.

ფოტო: ანა ბოკო Forbes Woman Georgia-სთვის

დავიწყოთ იმ უნიკალური ოპერაციით, რომელიც წელს საქართველოში პირველად სწორედ თქვენ ჩაატარეთ.

ჩემმა ამდენწლიანმა ქირურგიულმა გამოცდილებამ, წლებთან ერთად დაგროვილმა ცოდნამ და, ვიტყოდი, გამბედაობამაც მოიტანა ის, რომ პირველად საქართველოში ჩავატარე რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ფემტოლაზერის გამოყენებით. ეს გახლავთ ოფთალმოქირურგიის ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევა და დიდი დახმარება ქართველი პაციენტებისათვის.

ასევე რეზონანსული იყო თქვენ მიერ რქოვანას გადანერგვა ლაზერის სხივის საშუალებით, რომელიც იმითაცაა საინტერესო, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი აკეთებს და მათ შორის თქვენ ერთადერთი ქალი ქირურგი ხართ. რას გულისხმობს ეს ოპერაცია?

რქოვანას გადანერგვა ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ქირურგისთვის. ესპანეთში, ბარსელონაში დავეუფლე ამ ოპერაციას. როდესაც ჩემი კოლეგების მიერ რქოვანას გადანერგვის ოპერაციებს ვესწრებოდი, ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ქირურგი კი არა, ღმერთი აკეთებდა ამას ადამიანის ხელით. თურმე შესაძლებელი ყოფილა. ოპერაცია დონორისა და რეციპიენტის რქოვანების პრეპარირებას გულისხმობს. გვაქვს ურთიერთობა ამერიკის რქოვანას ბანკთან და მათგან ვიღებთ დონორის რქოვანას. როდესაც პაციენტს რქოვანას ხსნი და ღია თვალზე მუშაობ, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო რამდენიმე წუთი. ჩვენ, ოფთალმოლოგები, ამას „ღია ცის“ ქირურგიას ვუწოდებთ. ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობა და, შესაძლებელია, თვალი დაიკარგოს. ოპერაციები კეთდება როგორც მანუალურად, ასევე ფემტოლაზერის საშუალებით. ეს დამოკიდებულია პაციენტის რქოვანას დაზიანების ხარისხზე. რქოვანას გადანერგვა ფემტოლაზერის ანუ ლაზერის სხივის საშუალებით უდიდესი ინოვაციაა ოფთალმოქირურგიაში. განაკვეთებს ლაზერი აკეთებს. მისი სიზუსტის დამსახურებით დონორის რქოვანას შეთავსების პროცესი იოლდება და ოპერაცია ორჯერ ნაკლები რაოდენობის ნაკერებით სრულდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციული ასტიგმატიზმის საფრთხეს და ხედვის უფრო მაღალ ხარისხს იძლევა.

რამდენად ხშირია ტრანსპლანტაციის საჭიროება და რა სირთულე ახლავს რეაბილიტაციის პროცესს?

კვირაში სხვადასხვა ტიპის 40-მდე ოპერაციას ვაკეთებ, მაგრამ, საბედნიეროდ, ტრანსპლანტაციის აუცილებლობა ხშირი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრევენციული მედიცინა მაღალ დონეზეა, რაც დიაგნოსტიკური კვლევების განვითარებამ, ექიმების კვალიფიკაციის დონის ამაღლებამ მოიტანა.

ტრანსპლანტაციის შემდგომი მოვლის პერიოდი კი საკმაოდ რთულია. ყველაფერმა შეიძლება რეაბილიტაცია გაართულოს. ელემენტარული გაციება, გადაღლა, კომპიუტერთან მეტი დროის გატარება, მზის სხივის მოხვედრა ‒ ყველაფერი რისკ-ფაქტორია და პირველი 6-8 თვის განმავლობაში ძალიან საფრთხილოა. შესაბამისად, ექიმის მხრიდან დაკვირვება და მონიტორინგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

ფოტო: ანა ბოკო Forbes Woman Georgia-სთვის

რა არის თვალთან დაკავშირებული პრობლემების ის სპექტრი, რომელთა მოგვარებაშიც პაციენტებს ეხმარებით? რა მეთოდებით მუშაობთ და როგორი შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით?

პაციენტებს ვთავაზობთ რეფრაქციული ქირურგიის ისეთ მეთოდებს, როგორიც არის მხედველობის ფემტოექსიმერ ლაზერული კორექცია, ფაკიური ბროლის ინპლან­ტირება, რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია ‒ რისი საშუალებითაც შესაძლებელია -20.0 D-დან + 20.0 D-მდე რეფრაქციული დარღვევის კორეგირება, მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის მოხსნა. კერატოკონუსის ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრი, კატარაქტალური ქირურგია.

ნეტავ იცოდეთ, რამხელა სიამოვნებაა ოპერაციის მეორე დღეს პაციენტების აღფრთოვანება, როცა სამყაროს სათვალის გარეშე ხედავენ. სულ სხვანაირად გიყურებენ თვალები, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ პრობლემა ჰქონდათ. განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც ხანშიშესული პაციენტი ჩაგიკრავს გულში და გლოცავს. ამ დროს ყველანაირი დაღლა, საათობით საოპერაციოში ყოფნა და იქ გათენებული ღამეები გავიწყდება. ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა შენი პაციენტი შემოგხედავს და გეტყვის ‒ „მე გხედავთ, ექიმო!“ ამ დროს ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულე და რას მიიჩნევთ მთავარ გამარჯვებად?

თავისებურება, სირთულე და, ამავდროულად, წარმოუდგენელი ადრენალინი ჩემს პროფესიაში არის ის, რომ მუშაობ დამოუკიდებლად, არ გყავს ასისტენტი ქირურგი, ყველანაირ მოულოდნელ გარემოებასთან და სირთულესთან მარტოს გიწევს გამკლავება.

მე მგონია, რომ ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც საშუალებას გაძლევს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნა. ვცდილობ, რომ ახალახალი მიზანი დავისახო, მიღწეულს არ დავჯერდე. პროფესიული თვალსაზრისით, აქტიურად ვმუშაობ ინოვაციების დანერგვის კუთხით, მუდმივად ვესწრები საერთაშორისო კონფერენციებს, ვმონაწილეობ საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესებში და ვუზიარებ კოლეგებს ჩემს გამოცდილებას. პანდემიის პერიოდში სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ერთად, ჩვენი ემიგრანტებისთვის ჩართული ვიყავი ონლაინ კონსულტაციებში. დიდ გამოცდილებად მიმაჩნია ასევე ინდოეთში, ქალაქ ჯაიპურში, ჩემ მიერ ჩატარებული კატარაქტის 100 ოპერაცია. მყავს არაჩვეულებრივი რეზიდენტები, რომელთა ნაწილიც უკვე დადგა ძალიან კარგი ექიმი და მე მათით ვამაყობ. პარალელურად, ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომზე.

ფოტო: ანა ბოკო Forbes Woman Georgia-სთვის

როგორი იყო თქვენი პირველი პროფესიული ნაბიჯები?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ კი რეზიდენტურა ოფთალმოქირურგიის მიმართულებით გავიარე. რეზიდენტურაში სწავლის პერიოდში ორჯერ მოვიპოვე ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის გრანტი და სასწავლო კურსები გავიარე გერმანიის ქალაქ მაინცის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჯერ რეფრაქციული ქირურგიის, შემდეგ კი რქოვანას ქირურგიის მიმართულებით. მოგვიანებით ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაციის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებში ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ოჯახში ვცხოვრობდი და მასთან ერთად ვიღებდი პაციენტებს ნიუ-ორლეანის რეგიონულ კლინიკაში. მადლობა პედაგოგებს, ვინც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა.

სამივე გრანტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი რომელი მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა. ვესწრებოდი საერთაშორისო კონფერენციებს, მუდმივად ვეცნობოდი სიახლეებსა და ინოვაციებს, მაგრამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ სრულიად სხვა შესაძლებლობები გამიხსნა.

რამდენად რთული იყო გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ?

რეზიდენტურის დასრულების შემდეგ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში დავიწყე მუშაობა. იქ ღამის მორიგეობებზე ექიმები რჩებოდნენ და არა ქირურგები. ქირურგი მხოლოდ რთული შემთხვევების დროს მიდიოდა. ასე ავიღე თვეში ჯერ ერთი მორიგეობა, მერე ‒ ორი. ნელ-ნელა გავუთამამდი და სრულ დატვირთვაზე ავედი. თვეში 8 ღამე ვიყავი მორიგე რესპუბლიკის მასშტაბით. სხვა სადღეღამისო ოფთალმოლოგიური მომსახურება არ არსებობდა. ნებისმიერი დიდი თუ პატარა ტრავმა, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა, თვალში რაიმეს მოხვედრა, ‒ ამ და სხვა დაზიანებებით ყველა რეგიონიდან მოჰყავდათ პაციენტები კლინიკაში, რაც საოცარი გამოცდილება იყო. შეიძლება კარიერა ისე დაასრულო, რომ დაზიანებების ამხელა სპექტრი ნანახიც არ გქონდეს. ამიტომ სულ ვამბობ, რომ ძალიან გამიმართლა, როცა შესაძლებლობა მომეცა ღამის მორიგეობებში აქტიურად ჩავრთულიყავი. ეს იყო ყველა სახისა და სიღრმის დაზიანება ‒ როგორც მონოთვალის ტრავმა, ისე კომბინირებული ტრავმები, რაც ნეიროქირურგებთან, ყბა-სახის ქირურგებთან ერთად მუშაობას მოითხოვდა. პაციენტები ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ტრავმამ წამიერად შეუცვალათ ცხოვრება. საპასუხისმგებლოა, როცა იცი, გრძნობ, რომ ძალიან ცოტაა მათთვის იყო მხოლოდ ოფთალმოქირურგი. შენ ფსიქოლოგიურადაც უნდა შეძლო დაეხმარო მათ. მყავს პაციენტები ბავშვობაში მიღებული ტრავმით, რომლებიც პრაქტიკულად ჩემს ხელში იზრდებიან. მათთან ერთად იზრდება სიხარული იმის შეგრძნებით, რომ მათ, უკვე ბედნიერ, თვალებში საკუთარ გამარჯვებას ხედავ. დღემდე ვარ ტრავმულ ქირურგიაში და ვფიქრობ, რომ თუ მომავალმა ქირურგმა ტრავმული ქირურგია არ გაიარა, ურგენტული, ანუ დაუგეგმავი მუშაობის გამოცდილება არ მიიღო, ის ვერ იქნება თამამი საკუთარ ნაბიჯებში. მას სითამამე და სიმამაცე ძალიან დიდი ხნის შემდეგ მიეცემა, მე ეს გამბედაობა პრაქტიკამ ძალიან პატარა ასაკში მომიტანა.

ფოტო: ანა ბოკო Forbes Woman Georgia-სთვის

გაბედული ხართ?

ძალიან. პროფესიაში საკითხს ყოველთვის ასე ვუდგები – თუ სადმე ვინმე აკეთებს კონკრეტულ ოპერაციას, მე რატომ ვერ გავაკეთებ, თანაც უმაღლესი ხარისხით. რა არ მიწყობს ხელს, რომ არ გავაკეთო? რა შეიძლება იყოს უკან დახევის მიზეზი? ‒ მაქვს გამოცდილება, ცოდნა, ტექნიკური მხარდაჭერა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ცენტრს, სადაც ოპერაციებს ვაკეთებ, თვალის დაავადებათა მკურნალობის 128-წლიანი ტრადიცია აქვს. ის აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. კლინიკის უახლესი თაობის აპარატურა უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას. თვალის პარამეტრების განსაზღვრა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხდება. მიიღება თვალის უნაკლო ციფრული გამოსახულება, რომლის საშუალებითაც თითოეული პაციენტისთვის მასზე მორგებული ოპტიმალური მკურნალობა განისაზღვრება.

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხელმისაწვდომია ოფთალმოლოგიური მომსახურებების სრული სპექტრი და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია კარლ ცაისისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ ამიერკავკასიის რეგიონული რეფრაქციული ქირურგიის ცენტრად.

განტვირთვის საშუალება რა არის თქვენთვის? როგორ ისვენებთ?

ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და გატაცება თანამედროვე ქართველი მხატვრების ფერწერაა. ვცდილობ, არასდროს გავუშვა ხელიდან შესაძლებლობა, დავესწრო გამოფენებს, ექსპოზიციებს. საკუთარ თავს მოკრძალებულ კოლექციონერსაც ვეძახი. სიამოვნება, რომელსაც ხელოვნება და შემოქმედება მანიჭებს, ჩემთვის ახალი, დამატებითი ენერგიაა. მაქვს ცნობილი ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები და აქვე სიამაყით ვიტყვი, რომ ჩემს კოლექციაში პიკო ნიჟარაძის მიერ შექმნილი ჩემივე პორტრეტიცაა, რომელსაც განსაკუთრებულ პატივად და საჩუქრად მივიჩნევ.

კიდევ ერთი მთავარი გატაცება და განტვირთვის საუკეთესო საშუალება ჩემთვის ‒ დრიფტინგია. სიჩქარე, ადრენალინი და რისკი სრული თავისუფლების შეგრძნებას მაძლევს, ეს თავისუფლება კი ახალ იდეებს ბადებს.

ვინ ან რა გაძლევთ მოტივაციას? რაშია წარმატების მთავარი საიდუმლო?

საიდუმლოც და რეცეპტიც თანადგომასა და მიზნისკენ მუდმივ სწრაფვაშია. ფასდაუდებელია ჩემი ქართველი კორიფე მასწავლებლების და კოლეგების როლი ჩემი როგორც ოფთალმოქირურგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მადლობელი ვარ მშობლების, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მიმეღო განათლება და ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ. მადლობა ჩემს მეუღლეს და შვილებს, რომლებმაც ძალიან შემიწყვეს ხელი და, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს, რომლებიც ერთგულად მიდგანან მხარში მთელი ცხოვრება.

სულ ვფიქრობდი, რომ არ არსებობს მიუღწეველი მიზანი. საქმე, რაშიც სულს ჩადებ, შენს გამარჯვებად იქცევა, ‒ საკუთარ თავზე გამარჯვებად. და თუ ამ შენს პირად წარმატებასა და გამარჯვებას კონვერტაციას გაუკეთებ, დაინახავ ადამიანებს, ვისაც რეალურად დაეხმარე ‒ ეს კი გზაა უკვე ახალი მიზნების