ჯილდო იტალიასთან მეგობრობისთვის | ხათუნა ცხადაძის თარგმანები

ქართველ მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ მიენიჭა. სხვა ჯილდოებთან ერთად, 2015 და 2017 წლებში მას ორჯერ აქვს აღებული „საბა“ უმბერტო ეკოს რომანების ‒ „პრაღის სასაფლაოსა“ და „ფუკოს ქანქარას“ თარგმანებისთვის. ამბობს, რომ აღიარება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა იტალიის სახელწიფო ჯილდო მისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

რა არის „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ – ვის წარადგენენ და რისთვის გადაეცემათ ხოლმე ეს ჯილდო?

„იტალიის ვარსკვლავის ორდენი“, რომელიც 1947 წელს დაარსდა და რომელსაც 2011 წლამდე „იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი“ ერქვა, იტალიის სახელმწიფო ჯილდოა. ამ ორდენს ანიჭებენ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ იტალიასა და თავიანთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განვითარებაში. დაარსებიდან შემდგომ წლებში ამ ორდენით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოვებდნენ, რაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ჯილდოს. „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გადაეცემათ, მისი მინიჭებისათვის ძირითადი მოტივაციაა იტალიის სახელმწიფოს ღირსების განმტკიცება საზღვარგარეთ და აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად მიმართულ საქმიანობათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა იტალიური ენისა და კულტურის გაცნობა მის ფარგლებს გარეთ. ამ ჯილდოს პირადად იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს, ორდენის ხუთკაციანი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი უდგას სათავეში.

ელოდით თუ არა ამ ჯილდოს? რა ემოცია გქონდათ?

ცხადია, არანაირად არ ველოდი. ისიც არ ვიცოდი, რომ ჩემი კანდიდატურა იყო წარდგენილი. ახლაც გაოგნებული და, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. უზომოდ მიხარია, რომ მასწავლებლისა და მთარგმნელის შრომა შედის იმ საქმიანობათა ჩამონათვალში, რომლებმაც შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვონ.

ზრდის თუ თუ არა ჯილდოები მოტივაციას?

რა თქმა უნდა, ჯილდო და აღიარება ყოველთვის ზრდის მოტივაციას, თუმცა ამ შემთხვევაში სხვებისას, ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისას უფრო, ალბათ, ვიდრე ჩემსას: ეს მართლა უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ჩემი პროფესიის ადამიანმა შეიძლება მიიღოს და ის თავისთავად ნიშნავს, რომ მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება ამ ენას, ამ ქვეყანას უკავშირდება; რომ იტალია ჩემი ნაწილია. ამიტომ მხოლოდ მადლობა მეთქმის, უღრმესი მადლობა თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლებმაც იფიქრეს, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებდი.

რამდენად რთულია იტალიური ენა თარგმანის თვალსაზრისით?

ყველა ენიდან თარგმნა ძნელია. თარგმანი ძალიან ნელი, შრომატევადი საქმეა. დიდ მოთმინებას, გამძლეობას, დაკვირვებას, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. კონკრეტულად იტალიურიდან თარგმნის სირთულეზე გამიჭირდება ლაპარაკი, ეს სირთულე ხანდახან რიტმს შეიძლება უკავშირდებოდეს, მაშინ, როცა დედანი ამ ნიშნით არის განსაკუთრებული. პოეზიას – თავისთავად, მაგრამ პროზასაც თავისი რიტმი აქვს, ტემპი, თავისი ხასიათი. ამ ყველაფრის ისეთ განსხვავებულ ენაზე გადმოტანა, როგორიც ქართულია, ცხადია, ძნელია.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

ხშირად აღნიშნავენ, რომ თარგმნა უმადური და დაუფასებელი საქმეა. ეთანხმებით ამ შეფასებას?

„უმადურში“ თუ ფინანსურ ასპექტს გულისხმობთ, კი, ნამდვილად არის. სამწუხაროდ, თარგმნა ძალიან დაბალანაზღაურებადი შრომაა. გულსატკენია, როცა ზეპირ თარგმანში ათჯერ მეტს გვიხდიან, ვიდრე წერილობითში. მე თარჯიმნადაც ვმუშაობ მრავალი წელია და მუდამ მაქვს ეს უსამართლობის განცდა. თარჯიმნობით შეიძლება ერთ დღეში გადაგიხადონ იმდენი, რამდენსაც მხატვრულ ტექსტზე მთელი თვის მუშაობითაც ვერ იშოვი. გასაგებია, რომ ზეპირი თარგმანი, მით უმეტეს სინქრონული, იშვიათ, ძნელად შესაძენ უნარსა და კომპეტენციას გულისხმობს, მაგრამ განა არსებობს კარგად წერის, მხატვრულად წერის უნარზე უფრო იშვიათი და უფრო ძვირფასი უნარი? მოკლედ, მხატვრული თარგმანით თავის გატანა თითქმის შეუძლებელია. თითქმის-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ვიცნობ მთარგმნელებს, რომლებიც მხოლოდ ამ საქმით ირჩენენ თავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დღეში 7-8 საათი სხედან და თარგმნიან. მე ეს არ გამომდის. განწყობა მჭირდება, მომზადება, ყოველთვის არ შემიძლია მუშაობა. ფიზიკურადაც კი.

საშუალოდ რა დრო სჭირდება საშუალო ზომის რომანის თარგმნას? თქვენ იმუშავეთ ისეთ მოცულობით ტექსტებზე, როგორიცაა, მაგალითად, უმბერტო ეკოს რომანები: „ვარდის სახელი“, „ფუკოს ქანქარა“ და „პრაღის სასაფლაო“. ამ გამოცდილებით რა დრო დაგჭირდათ?

ძნელი სათქმელია, ხუთასგვერდიანი რომანი, ალბათ, ერთ წელიწადში, წელიწად-ნახევარში შეიძლება თარგმნოს ადამიანმა. ჩემნაირ მთარგმნელს ვგულისხმობ, რომელსაც სხვა სამსახურიც აქვს, თუმცა ეს მაინც ძალიან ოპტიმისტური ვარაუდია. „ვარდის სახელზე“ რამდენიმე წელიწადს ვმუშაობდი, – იმიტომ არა, რომ მის თარგმნას ამდენი დრო სჭირდებოდა, უბრალოდ მე ვერ ვიმუშავე უფრო სწრაფად, იმ წლებში ჩემი პრობლემების, ჩემი სამსახურეობრივი და პირადი ვალდებულებების გამო. „პრაღის სასაფლაო“ თითქმის წელიწად-ნახევარში ვთარგმნე, ხოლო „ფუკოს ქანქარა,“ რომელიც ყველაზე დიდია, ერთ წელიწადში, სხვა უამრავი საქმის პარალელურად. მაგრამ ეს თარგმანი წარმოუდგენელ გონებრივ დაძაბულობად, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლად დამიჯდა და ძალიან დიდი დრო დამჭირდა ძალების აღსადგენად. იმ წელს მართლა გამოფიტვის ზღვარზე მივიყვანე საკუთარი თავი, რასაც არცერთ მთარგმნელს არ ვურჩევ და ვუსურვებ. მხატვრული თარგმანი სიმშვიდესა და კონცენტრაციას მოითხოვს, ძნელია მუშაობა, როცა ცუდად ხარ, ნერვიულობ, დაძაბული ხარ. სტრესია ვადებიც, რომლებიც ხან უფრო მკაცრია, ხან უფრო მოქნილი, მაგრამ ყოველთვის არის და ძნელია, მათ მოერგო.

თავად თუ წერთ?

არა, არ ვწერ. რაღაცები სულ მაქვს გონებაში. თან დამყვებიან, იცვლებიან, ხან ცოცხლდებიან, ხან მინელდებიან, მაგრამ, ალბათ, არ მყოფნის გამბედაობა. არ ვიცი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მთარგმნელებს, ისეთ ტექსტებთან გვიწევს ურთიერთობა, ისეთ ავტორებთან, რომ საკუთარი სათქმელის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში მუდამ ეჭვი გვეპარება. შეიძლება, მხოლოდ მე მეხება ეს და ბევრი არ დამეთანხმოს, არ ვიცი. რომ „მეწერინებოდეს“, ალბათ, თავმდაბლობა ხელს არ შემიშლიდა, მაინც შემომეწერებოდა რაღაც. ფაქტია, რომ თარგმნა ჩემთვის ფიზიკური და გონებრივი მოთხოვნილებაა, ამის გარეშე არ შემიძლია და თარგმნაც ხომ წერაა, თავიდან წერ, შენს ენაზე, წიგნებს, რომლებიც გიყვარს, რომლებიც მსოფლიოს უყვარს. რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო? რომელი ჩემი ნაფიქრისა თუ განცდილის მოყოლა მომანიჭებდა ასეთ სიამოვნებას? მოკლედ, ალბათ არ ვარ მწერალი. მთარგმნელი ვარ. მართლა მთარგმნელი.

თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე რთული ტექსტი, რომელზეც იმუშავეთ და ის ტექსტი, რომლის თარგმნითაც განსაკუთრებული სიამოვნება მიიღეთ?

უკლებლივ ყველა ტექსტი მიყვარს, რომლებიც მითარგმნია. ეკო ძალიან ძნელი სათარგმნია. სამივე რომანი ძნელი იყო, გამიჭირდება გამორჩევა. საოცრად მიყვარს მელანია მაცუკოს „ვიტა“ და უდიდესი სიამოვნება მივიღე მასზე მუშაობით. საყვარელი წიგნის თარგმნა მართლა ფიზიკური სიამოვნებაა. თუ ყველაზე ძნელი და თან ყველაზე საყვარელი წიგნი უნდა დავასახელო, ეს ნამდვილად იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაურია“.

სწავლება გიყვართ? სასიამოვნოა ეს პროცესი თქვენთვის?

სწავლება ჩემი საყვარელი საქმეა. ხშირად ვამბობ, რომ ძალიან გამიმართლა, ორი პროფესია მაქვს და ორივე საყვარელი. სწავლება და თარგმნა. მე ადამიანებთან ყოფნა მიყვარს, გაზიარება, ერთად სიხარული და ჩემი ორივე პროფესიის არსი სწორედ ესაა: გაზიარება. ცოდნის გაზიარება ენისა და ლიტერატურის სწავლებით და უდიდესი ავტორების ნააზრევის გაზიარება თარგმანის საშუალებით. ენის სწავლება საოცარი სიამოვნებაა, რაღაც კონკრეტულს ქმნი, რაც არ იყო და ახლა არის. არც კი ვიცი, რას შევადარო სიამოვნება, როცა მოსწავლეს იმ ენაზე ელაპარაკები, რომელიც თავად ასწავლე და ყოველ გაკვეთილზე ხედავ მის წინსვლას. საერთოდ ძალიან „ტაქტილური“ ვარ, მიყვარს ის, რასაც ვეხები, რასაც მე ვქმნი, მე ვაკეთებ. ამიტომ მიყვარს, მაგალითად, კულინარიაც – საჭმელს ან ნამცხვარს არასოდეს ვყიდულობ, საკუთარი ხელებით კეთება მიყვარს. ენის სწავლება რაღაც ამდაგვარია ჩემთვის. ლიტერატურის სწავლება კი დისკუსიაა, ტექსტის განხილვაა, მოსაზრებების გაზიარებაა, კამათია და რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე
ახალგაზრდებთან მხატვრულ ტექსტზე ლაპარაკი? კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: ძალიან გამიმართლა. მართლა გამიმართლა.

No Comments Yet

Comments are closed