მაქენზიმ საქართველო დატოვა – ვინ იქნება ბრიტანეთის ახალი ელჩი

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმიტმა, საქართველო დატოვა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, აგვისტოდან მის ადგილს მარკ კლეიტონი დაიკავებს.

დიპლომატმა Twitter-ით გვამცნო ახალი ელჩის ვინაობის შესახებ და ქართულ ენაზე დაგვემშვიდობა: „ყველას დიდი მადლობა. აბა, კარგად და დროებით!“

მაქენზი 2016 წლიდან იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ამ 4 წლის განმავლობაში წარმატებულად ასრულებდა დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, რასაც ქართველი საზოგადოების დიდი სიყვარულიც ადასტურებს მის მიმართ.

„მე, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, თავი არ დავზოგე, შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე ქართველი და ბრიტანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, რადგან, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“, – აღნიშნავს მაქენზი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებულ გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი  20 წელზე მეტია, რაც ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. მათ შორის, ის კარიერის დასაწყისში რუსეთში ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას, ხოლო 2017-2018 წლებში მოსკოვში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ მაქენზი საქმიანობას დიდი ბრიტანეთის სხვა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.