სამუშაო ადგილების შენარჩუნების ინიციატივა დიდ ბრიტანეთს შესაძლოა 50 მილიარდი დაუჯდეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური სქემის მიხედვით, სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დროებით უმუშევარი მოქალაქეების ანაზღაურების 80%-ს თავად დაფარავს, რაც თვიურად დაახლოებით 2500 გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ აღნიშნული დახმარება ბიზნესის მხოლოდ 10%-ისთვის იქნებოდა საჭირო, რაც დაახლოებით 10-12 მილიარდი დოლარის დანახარჯს უკავშირდებოდა.

თუმცა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ მთავრობის ინიციატივა გაცილებით დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. British Chambers of Commerce-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კომპანიების 20% მთლიანი სამუშაო ძალის დროებით დათხოვნას გეგმავს, ხოლო მისი 50% მომუშავეთა რაოდენობის შემცირებას ვარაუდობს.

ამგვარად, უკანასკნელი კვლევები კერძო სექტორში დასაქმებული ძალის ერთი მესამედით შემცირებას იუწყება, რაც სამი თვის მანძილზე ქვეყნისთვის დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე დანახარჯს გაუტოლდება.

თუმცა აღნიშულ მსხვილ დანახარჯებთან დაკავშირებით Resolution Foundation-ის გენერალური დირექტორი BBC-სთან ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ შემუშავებული სქემის გარეშე მასობრივი უმუშევრობის ეკონომიკური და სოციალური ღირებულება იქნებოდა გაცილებით მაღალი.