ურსულა ფონ დერ ლაიენი EWOB-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორგანიზაცია European Women on Boards-ის მიერ გამართულ ონლაინღონისძიებაში „Gender Diversity Award“ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოებაზე ყურადღება გამახვილებული იყო 2021 წლის გენდერული მრავალფეროვნების ინდექსზე. EWOB-ის მიზანი ევროპულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსის მიღწევაა.

ფოტო: EWOB

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კვლევების მიხედვით, კომპანიები, რომლებიც გენდერული მრავალფეროვნების პოლიტიკას იზიარებენ, ბევრად წარმატებულები არიან. მისი თქმით, ეს ეხება როგორც ბიზნესს, ასევე პოლიტიკასა და სხვა სფეროებს. ლაიენის განცხადებით, როდესაც კომპანიები თუ ორგანიზაციები მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად კადრს ეძებენ, ხშირად გვესმის განცხადებები, თითქოს შესაფერისი მონაცემებისა და პროფილის მქონე ქალების პოვნა შეუძლებელია, რაც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, არასწორი მიდგომის შედეგია. ამის საპასუხოდ ის აცხადებს:

„შეხედეთ საზოგადოებას. მრავალფეროვნება ფაქტია. თუმცა, აისახება თუ არა ეს მრავალფეროვნება კომპანიებსა და დაწესებულებებზე, უკვე ჩვენი არჩევანია.“

დაახლოებით ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საჯარო კომპანიებს გენდერული მრავალფეროვნების პოლიტიკის გატარება და წამყვან თანამდებობებზე დასაქმებულთა შორის ქალების წილის 40%-მდე გაზრდა ურჩია. ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ათი წლის განმავლობაში ნებაყოფლობით არ იქნა გატარებული ის ზომები, რომლითაც ეს შედეგი მიიღწეოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია European Women on Boards-ს და მისი საქმიანობა დადებითად შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება კი EWOB-ის მიერ ჩატარებულ გენდერული მრავალფეროვნების ინდექსის კვლევაზე გაამახვილა.

„თქვენი ინდექსი 600-ზე მეტი კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, სადაც საბჭოს წევრების 35%-ს ქალები შეადგენენ. ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა შედეგები უნდა გავაუმჯობესოთ ევროკავშირის მასშტაბით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ინდექსში საუკეთესო მაჩვენებლები იმ ორ ქვეყანას აქვს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან – ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან ასევე პირობა დადო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა კომპანიებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა კანონის დონეზე გატარდეს.

ცნობისთვის, EWOB-ის 2021 წლის გენდერული მრავალფეროვნების ინდექსის მიხედვით, 19 ევროპულ ქვეყანაში მოქმედი 600 კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთა შორის ქალები მხოლოდ 7%-ს, ფინანსურ დირექტორთა შორის კი 16%-ს შეადგენენ.