აშშ-ს კორონავირუსის ვაქცინაზე ექსკლუზიური წვდომა სურს

Photo by David Everett Strickler

კორონავირუსის ვაქცინაზე ექსკლუზიური წვდომის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანულ სამედიცინო კომპანიას „CureVac“ დიდი ოდენობით თანხა შესთავაზა. ინფორმაციას გერმანული მედია საშუალება „Die Welt“ ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ გრენელი – აშშ-ის ელჩი გერმანიაში გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს, გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ადასტურებს აშშ-ს მიერ ბიოფარმაცევტული კომპანიის კვლეევებსა და ვაქცინაზე ექსკლუზიური კონტროლის მოპოვების მცდელობას.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯმა გერმანიის პოლიტიკური სივრცის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მათი მოთხოვნით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კვლევები კვლავ ბერლინში ჩატარდეს და თავიდან აიცილონ ამერიკის მიერ მასზე კონტროლის მოპოვება. ამ მიზნით გერმანიის მთავრობა აღნიშნულ კომპანიას ფინანსურ დახმარებას თავადვე სთავაზობს.

„აღნიშნული ქმედება უკიდურესად არამეგობრული აქტია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები როგორც გერმანიაში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში ვაქცინაზე წვდომას საჭიროებენ; არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს მასზე ექსკლუზიური უფლებების მოპოვება.“ – აცხადებს გერმანიის პარლამენტისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი კარლ ლაუთერბახი.