გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების პრიორიტეტების წარდგენისას განაცხადა, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში, უნარების განვითარების ახალ ინიციატივებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ, პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვასა და კონკრეტულად ამ ინიციატივის შესახებ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ წარმომადგენელმა – ირინა წეროძემ, BMGtv-ის ეთერში ისაუბრა:
„პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რეფორმის პრიორიტეტულ ამოცანებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების ამ საფეხურზე უკვე განხორციელდა რიგი ფუნდამენტური ცვლილებები, შრომის ბაზარი საქართველოში, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს, ჯერ კიდევ განიცდის. მიზეზი რამდენიმეა, თუმცა პროფესიული განათლების ნაკლები მიმზიდველობა ახალგაზრდებში, ერთ-ერთი გადასაჭრელი პრობლემაა.
სკოლებში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა, უდიდეს გავლენას იქონიებს მოზარდების მიერ გაცნობიერებული პროფესიული არჩევანის გაკეთებაზე; ასევე ხელს შეუწყობს საბაზო უნარების განვითარებას მათთვის საინტერესო პროფესიებში. მაგალითისთვის, შეგვიძლია ვისაუბროთ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობაზე X, XI, XII კლასელებისთვის. ვიცით რომ ამჟამად ეს პროფესიები ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებში. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა და ცხადია, ამ ინიციატივის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს რესურსებით, ალბათ წარმოუდგენელი იქნება, სულ მცირე პედაგოგების სიმცირის გამო. შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობა ყველაზე რეალისტური მიდგომა იქნება. ბოლო წლებში, ბიზნესის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, გაიხსნა არაერთი IT აკადემია. მათი დაფარვის მასშტაბიც იზრდება და საკმარისი რესურსების არსებობის შემთხვევაში, ვფიქრობ, შეძლებენ საჯარო სკოლებისათვის საინტერესო საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზებას“. – ამბობს ირინა წეროძე.
USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას USAID-ის არაერთი პროექტი უწყობს ხელს.
„ძალიან საინტერესოა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გვხვდება. მათ შორისაა ახალი რეგულაცია, რომელიც ექთნების პროფესიულ საქმიანობას და განვითარებას ეხება. სახელმწიფოს ინიციატივით ეს პროფესია რეგულირებად პროფესიათა სიაში შედის. ვიცით, რომ ჯანდაცვის სექტორში, სერვისის მიმწოდებლების უმეტესობა კერძოა, ამიტომ ეს რეგულაცია დიდ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და საჭიროებს ბიზნესის მხრიდან, გარკვეული პროფესიული განვითარების სქემების შემუშავებას. ჩვენი პროგრამა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ამ მიმართულებითაც ეხმარება როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს“ – აცხადებს ირინა წეროძე.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ის საგრანტო პროექტები, რომელიც USAID-მა პროფესიული განათლების მიმართულებით დააფინანსა, განხილული იყო რამდენიმე ასპექტით: ინოვაციურობა, კერძო სექტორის ჩართულობის მზაობა, რეგიონული დაფარვა, მოწყვლადი ჯგუფების მოცვა, მდგრადობა, ახალი კვალიფიკაციების განვითარების შესაძლებლობა და ა შ. ასევე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო პრიორიტეტებთან თანხვედრა.
„დონორების დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც რიგ შემთხვევაში, საპილოტეა და საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებას და ადაპტაციას. სახელმწიფოს ამის რესურსი ნაკლებად აქვს“ – ამბობს USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე.
ცნობისთვის: USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო. მისი საგრანტო ბიუჯეტი 13 მლნ დოლარია და ამ დროისთვის, უკვე დაფინანსებულია 50-ზე მეტი პროექტი, სადაც კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიცია 9 მლნ დოლარზე მეტია.