გამოძიება დაიწყო ხელის სადეზინფექციო საშუალების გადაყიდვაზე

Photo by Kelly Sikkema

ამერიკელი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელმაც „ამაზონზე“ გასაყიდად 17 000-ზე მეტი ხელის სადეზინფექციო საშუალება შეიძინა, გამოძიება დაიწყო.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად მსოფლიოში დაცარიელებული მაღაზიების რაოდენობისა და დეფიციტში არსებული პროდუქტების სიაც იზრდება. ამ სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას პირბადეებთან ერთად, ხელის სადეზინფექციო საშუალებაც იკავებს. რთულმა მდგომარეობამ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ჰიგიენურ ნივთებზე გადამყიდველების მიერ ფასის ხელოვნური ზრდა გამოიწვია.

მსოფლიოში არსებული ვითარებით ტენესის შტატის მცხოვრებმა, მეთ კოლვინმაც ისარგებლა. მარტის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ძმებმა ტენესისა და კენტუკის მაღაზიები მოიარეს და რამდენიმე დღიანი ვაჭრობის შემდეგ 17 000-ზე მეტი ხელის სადეზინფექციო საშუალება შეიძინეს. მას შემდეგ, რაც პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა და მაღაზიები დაცარიელდა, ძმებმა შენაძენის „ამაზონზე“ გაყიდვა დაიწყეს. ფასები 8-დან 70 დოლარამდე მერყეოდა, რაც პროდუქტის რეალურ ღირებულებას რამდენჯერმე აღემატებოდა. ფასების ხელოვნური ზრდის გამო „ამაზონმა“ კოლვინებსა და სხვა გადამყიდველებს ანგარიშები შეუჩერა და გაფრთხილება მისცა. მოსახლეობის უარყოფითი რეაქციის გარდა, საქმით პროკურატურაც დაინტერესდა.

12 მარტს ტენესის შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პროდუქტებზე ფასის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით არსებული შესაბამისი შეზღუდვებიც ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ მეთ კოლვინმა დარჩენილი მარაგი შესაბამის დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცა, მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და მას სანქციის სახით შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.