დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართა

აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპსა და დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის. დებატები წარიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კორონავირუსი, ჯანდაცვის სისტემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რასიზმი და ეკონომიკა.

Photo Credits to Olivier Douliery, Pool

დებატები საკმაოდ მძაფრ რეჟიმში დაიწყო და მალევე გადაიზარდა ქაოტურ კრიტიკაში. ორივე კანდიდატი დებატების მიმდინარეობისას არღვევდა განსაზღვრულ რეგლამენტს და სცდებოდა საკითხის ირგვლივ მსჯელობას.

ჯო ბაიდენმა იერიში პანდემიის წინააღმდეგ ტრამპის პოლიტიკაზე მიიტანა და მას არათანმიმდევრული და არაგეგმიური უწოდა. მან ასევე დონალდ ტრამპს ურჩია, დაბრუნდეს საკუთარი ბუნკერიდან ოვალურ კაბინეტში და შეიმუშავოს ვირუსთან გასამკლავებელი გეგმა.

დემოკრატმა ლიდერმა რესპუბლიკელი კონკურენტი, ასევე, რასიზმში დაადანაშაულა. დებატების მოდერატორმა კი მას სახალხოდ მოსთხოვა ნეონაცისტებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების დაგმობა, რისგანაც ტრამპმა თავი შეიკავა.

ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გაუნათლებლობასა და უნივერსიტეტში დაბალ აკადემიურ მოსწრებას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, გაიხსენა ჯო ბაიდენის შვილი, რომელიც ნარკოდამოკიდებულების გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთის მიმართ არც სალანძღავი სიტყვების გამოყენებას ერიდებოდნენ. ისინი ერთმანეთს საკმაოდ ხშირად აწყვეტინებდნენ სიტყვას. დებატების შემდეგ ცხარე კამათი სოციალურ ქსელებშიც გაგრძელდა.

2020 წლის მეორე საპრეზიდენტო დებატები კანდიდატებს შორის 15 ოქტომბერს გაიმართება.