Visa იწყებს She’s Next საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამას ქართველი მეწარმე ქალებისათვის

ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება დააანონსა. პროგრამა, ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის გლობალური She’s Next ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და „Forbes Woman Georgia“-სთან ერთად მომზადდა.

She’s Next ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.

მცირე და მიკრო ბიზნესი ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა შეეჩერებინა საქმიანობა ან ებრძოლა ბიზნესის შესანარჩუნებლად. მაშინ როდესაც ელექტრონულ კომერციაზე დიდი მოთხოვნაა, საქართველოში ციფრული გადახდის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, Visa-მ განახორციელა სხვადასხვა ინიციატივა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომი ონლაინ გადახდის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. Visa-მ საქართველოში შექმნა მცირე ბიზნესის ჰაბის (Visa Small Business Hub) ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ინსტრუმენტებს და ინფორმაციას მცირე ბიზნესის წამოწყების, მართვის და განვითარების შესახებ, აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებს Visa-ს პარტნიორებისგან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

She’s Next კამპანია მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით.

საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visa ქმნის She’s Next პორტალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები ასახავს იმას, თუ რა გზა გაიარეს She’s Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 7-28 სექტემბერს, Visa და „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლებს 4 ვებინარს, წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით.

მეწარმე ქალებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საშუალება ექნებათ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ ცოდნა ბიზნესის მართვის, პიროვნული განვითარების, კრიზისების მართვის სტრატეგიების და მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამა და წარმატების შთამაგონებელი ისტორიები პროგრამის მონაწილეებს უზრუნველყოფს ბიზნესის განსავითარებლად საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და ცოდნით.  

პროგრამის ფარგლებში ვებინარებს ჩაატარებენ: ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა დაუშვილი, DIO-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი; ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; რუსუდან თელია, ACT Global- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი.

 „მცირე ბიზნესი არის ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალი მთელს მსოფლიოში. ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი, სამუშაო ადგილების შემქმნელი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ მშპ-ში. Visa მეწარმე ქალების გაძლიერებას ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ  განვითარებას, წარმატებას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების საკუთრებაში არსებული მცირე საწარმოები ინსტრუმენტებით, რესურსებით, ინფორმაციით და სხვადასხვა შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.” – განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. „გლობალური She’s Next ინიციატივის ფარგლებში დაწყებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში დაეხმარება ქალებს შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარები საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის. პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სექტორია. ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალ რეალობასთან ადაპტაციისა და მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის.“

„ფედერაციის მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქალთა როლის გაზრდას ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. “ქალები მომავლისთვის” მედიატორის როლს ასრულებს საჯარო, კერძო და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, რათა ქალ მეწარმეთა საჭიროებების ადვოკატირების გზით შევძლოთ მათი გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ფინანსური, სოციალური და სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით შევძლებთ ქალთა ეკონომიკურ გააქტიურებას.“ – განაცხადა ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

She’s Next საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში იწყება ორშაბათს, 7 სექტემბერს, 11:00 საათზე პირველი ვებინარით თემაზე: „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის“

მომხსენებლები:

ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერების ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ საბჭოს თავმჯდომარე.

ნინა კობახიძის სახელი დაკავშირებულია სხვადასხვა ინიციატივების შემუშავებასთან საჯარო (სამთავრობო და საზოგადოებრივ დონეზე) და კერძო სექტორში. მისი მრავალრიცხოვანი ინიციატივებსა და მიღწევებს შორის აღსანიშნავია სტრუქტურული რეფორმები ეფექტური საჯარო მმართველობისთვის, საერთაშორისო განათლების ცენტრის აქტივაცია, სოლიდარობის ფონდის დაფუძნება და სტუდენტებთან დაკავშირებული სხვა სოციალური პროექტები. მას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2013 წლიდან ნინო იკავებს სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობას საპარტნიორო ფონდში. 2008 წლიდან ის არის შპს „საქართველოს ბიზნეს ზონის” აგრო კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წელს ნინომ დააარსა „რეგიონული განვითარების ასოციაცია”. მას მიენიჭა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების პრიზი „მერკური 2011″, სადაც მიიღო საპატიო წოდება „წლის მეწარმე ქალი”. ის იყო პირველი ქალი, რომელიც 2012 წელს აირჩიეს ჰილარი კლინტონის პატრონაჟით შექმნილი ორგანიზაციის „ინვესტიცია მომავალში” კოორდინატორად.

კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

კრისტინა დოროში Visa–ს ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდას უწევს ზედამხედველობას კავკასიის რეგიონში. ის 2016 წლიდან რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა Visa-ს ძირითადი პროდუქტის მიმართულებით (Core Product) და 2019 წლიდან გახდა CISSEE-ის რეგიონში Visa-ს გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. კრისტინა CEMEA ქალთა ლიდერობის ქსელში CISSEE რეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენელი და სხვადასხვა რეგიონალური ინიციატივების  ხელმძღვანელია.

საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა ყველა წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილისთვის. #She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ გვერდზე: Visa Facebook.

ონლაინ რეგისტრაციისთვის პირველ ვებინარზე „ლიდერობის ძალა: როგორ იქმნება ქალთა ლიდერობა და რა უნარებია საჭირო ლიდერად ჩამოყალიბებისთვის;“ ეწვიეთ ბმულს:  bit.do/shesnextgeorgia.

No Comments Yet

Comments are closed