რატომ უნდა ვთქვათ „არა“ უფრო ხშირად

ადამიანები სოციალური ცხოველები არიან, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობებისკენ ილტვიან. ჩვენს ბუნებაში ჩადებულია სოციალური თავაზიანობა, რის გამოც სიტყვა „არა“ კონფრონტაციასავით ჟღერს და საფრთხეს უქმნის პოტენციურ კავშირს. შედეგად, ჩვენ მიჩვეულები ვართ ვთქვათ „დიახ“ სხვათა სიამოვნებისთვის, მაგრამ ეს შესაძლოა საზიანოც კი იყოს, თუკი არ ვიქნებით უფრო თავდაჯერებულნი. ბევრ ჩვენგანს უჭირს უარის თქმა, ეშინია უარყოფის, რისხვის ან უბრალოდ გაურკვევლობის, თუ რა იქნება სხვა პირის პასუხი.

Photo Credits to Ms. Career Girl

ჰიპნოთერაპევტისა და მწერლის, ქლოუი ბრაზერიჯის მიხედვით, ადამიანების მიერ სხვისი სიამოვნების აუცილებლობა ხშირად ბავშვობიდან იღებს სათავეს. ჩვენ შეიძლება აღგვზარდეს, როგორც კარგი გოგო ან ბიჭი, ან სულაც თავის დროზე არ ვიღებდით საკმარის ყურადღებას და ახლა ვცდილობთ სხვისი სურვილების დაკმაყოფილებას საკუთარი თავის ხარჯზეც კი. მაგრამ, როდესაც ჩვენ მარტივად გავცემთ სიტყვა „დიახ-ს“, რთული „არა-ს“ სანაცვლოდ, ჩვენ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე დროის, ენერგიისა და ფინანსების სახით, ვიდრე შეგვიძლია.

საინტერესოა, რომ დათანხმებასა და სხვების სიამოვნებას შეიძლება იმდენად მივეჩვიოთ, რომ თანდათანობით ვეღარც კი მივხვდეთ, თავად ჩვენ რა გვინდა ან რა გვჭირდება. მაგრამ, თუ თქვენი ცხოვრება იმდენად არის დატვირთული სხვა ადამიანების თხოვნებით, რომ დრო აღარ გრჩებათ იმისთვის, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია – ან უარესი, თქვენი მენტალური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა – მაშინ ცვლილებების დროა.

ჰიუსტონის უნივერსიტეტის C. T. Bauer-ის ბიზნესის კოლეჯის მარკეტინგის ასოცირებულ პროფესორის, ვანესა მ. პატრიკის მიხედვით, კომუნიკაციისას „არა-ს“ თქმის უნარი მიუთითებს, რომ თქვენი ცხოვრების სადავეები ხელთ გიპყრიათ. ეს უნარი, ასევე, გაძლიერების შეგრძნებას იძლევა.

ამიტომ უარის თქმის სწავლა გამოსადეგია.

ზოგჯერ, უარის თქმა იმიტომ გვიჭირს, რომ გვეშინია ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობები და თავგადასავლები. ამიტომაც ყველაფერს ვთანხმდებით. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, დაგეხმარებათ საკუთარი გრძელვადიანი მიზნების გარკვევა. ამ გზით შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ემთხვევა თქვენს ღირებულებებს. ასევე, შეეცადეთ თქვენს გრაფიკში გამოყოთ თავისუფალი დრო, იმ ახალი და საინტერესო შესაძლებლობებისთვის, რომლებზეც სხვა შემთხვევაში შეიძლება თვალი დაგეხუჭათ.

პირველი ნაბიჯი, იმისათვის რომ იპოვოთ სიტყვა „არა“, გულისხმობს ცოტათი გაბრაზებას მთელ იმ ზემოაღნიშნულ დროზე, ენერგიასა და ფულზე, რომელიც დახარჯეთ თანხმობის გამო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მარტივად შეგეძლოთ გეთქვათ არა. მაგალითისთვის, რამდენჯერ დაგილევიათ ყავა იმ ადამიანთან ერთად, რომელთან ერთადაც სულაც არ გსურდათ ყავის დალევა? რამდენი დამღლელი საათი გაგიტარებიათ შეხვედრებზე, რომლებზე დასასწრებადაც რეალური მიზეზი არ გქონიათ?

შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რა არის ცუდი იმაში, რომ თქვა დიახ და გარშემო ადამიანები კმაყოფილები გყავდეს?“ – აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების დაკმაყოფილების აკვიატებული სურვილი შეიძლება იყოს მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ უბრალოდ წესიერი ადამიანები ვართ, რადგან სხვებს ვუთმობთ, მაგრამ სიტუაცია მოულოდნელად შესაძლოა ძალიან მწარედ შემოგვიბრუნდეს, როდესაც ჩვენი საკუთარი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება. ანტერპრენერი და ავტორი ჯეიმს ალტუჩერი თავის წიგნში „The Power of No“ წერს, რომ როდესაც ვთანხმდებით იმას, რისი გაკეთებაც არ გვსურს, შედეგად გვეზიზღება ის საქმიანობა, ვიტოვებთ წყენას იმ ადამიანის მიმართ, ვინც გვთხოვა და ვაზარალებთ საკუთარ თავს.

„არა-ს“ უფრო ხშირად თქმით საკუთარი დრო და მენტალური კეთილდღეობა რომ დაიბრუნოთ, საჭიროა კარგად გაიაზროთ რა არის ის, რაც მართლა გსურთ. იმის მაგივრად, რომ იმპულსურად უპასუხოთ „დიახ“, მიეჩვიეთ ჯერ საკუთარ თავს ჰკითხოთ: „ამას ჩემი თავისთვის ვთანხმდები?“. ისწავლეთ იმის გაგება, თუ რას გრძნობთ სხეულში თანხმობისა და უარყოფის დროს.

ბევრ ადამიანს შიში იპყრობს იმის გაფიქრებაზე, რომ სხვა უარით უნდა გაისტუმროს. თუკი ვინმე „მოგიმწყვდევთ“ და დახმარებას გთხოვთ ისეთ საკითხში, რაშიც რეალურად ვერ დაეხმარებით, მაგრამ ვერც უარს ეუბნებით, ეცადეთ დრო მოიგოთ. „უთხარით ადამიანებს თავიანთი თხოვნა გამოგიგზავნონ ტექსტური შეტყობინების ან იმეილის საშუალებით რომ შეძლოთ დაუბრუნდეთ მათ“, – ამბობს ვანესა ვან ედვარდსი, ადამიანის ქცევის კვლევის ლაბორატორიის, „მეცნიერება ხალხის შესახებ“ დამფუძნებელი. „სავსებით გონივრულია თქვათ, რომ პასუხის გაცემამდე უნდა შეამოწმოთ თქვენი გრაფიკი.“ ეს საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ სინამდვილეში და იპოვოთ სწორი სიტყვები (ან გამბედაობა), რომელთა საშუალებითაც უარს ეტყვით ადამიანებს.

თუ თქვენ კვლავ გიჭირთ უარის თქმა, გაიხსენეთ მილიარდერი ბიზნესმენის, უორენ ბაფეტის სიტყვები: „წარმატებული ხალხი უარს ამბობს თითქმის ყველაფერზე“. უარის თქმა საშუალებას გაძლევთ უთხრათ „დიახ“ იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და იყოთ უკეთესი ადამიანი, რადგან როდესაც რაიმეს თანხმდებით, ამას აკეთებთ დადებითი განწყობით და არ მომდინარეობს წყენიდან ან შიშიდან. ეს ქმნის სივრცეს იმისთვის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთი მოვალეობისა და ვალდებულების უარყოფა ძნელია. მაგალითისთვის, უფროსს ვერ ეტყვით, რომ მხოლოდ საღამოს 5 საათამდე მუშაობთ, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ უარის თქმის სხვა გზები. თუ თქვენს უფროსს სურს დამატებითი სამუშაო მოგცეთ, მაგალითად, შეგიძლიათ განუცხადოთ, რომ იმ მომენტისთვის თქვენ არ ხართ საუკეთესო არჩევანი ამ დავალების შესასრულებლად, რადგან ისედაც ბევრი საქმე დაგიგროვდათ და არ გსურთ ხარისხის რაოდენობაზე გაცვლა. ასევე, თუ შიშობთ, რომ თქვენი „არა“ შეიძლება ჩანდეს როგორც მუქარა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ საკუთარი თვითდაჯერებულობის აღქმა ხშირად არასანდოა. იმიტირებულ მოლაპარაკებებში ის პირები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ იყვნენ საკმარისად ან ზედმეტად თავდაჯერებულნი, სხვების თვალში ჩანდნენ ნაკლებად თავდაჯერებულნი. ასე რომ, თუ თავს კონფრონტაციულად გრძნობთ, დიდი შანსია, რომ მეორე მხარე ასე სულაც არ აღგიქვამდეთ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ: ყოველი ადამიანის მიერ განვლილი ცხოვრების გზა განსხვავდება. თუ თვლით, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება გაქვთ აღებული, „არა“ არის ის პატარა სიტყვა, რომელიც შეგახსენებთ, თუ რამდენად დიდი გავლენა გაქვთ საკუთარ ცხოვრებასა და მომავალზე.