ოპტიმიზმი, როგორც არჩევანი | ინტერვიუ სარა ვილიამსონთან

გასულ თვეში, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (AmCham) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გამართა და პრეზიდენტად სარა ვილიამსონი აირჩია, რომელსაც იგივე თანამდებობა წინა წლებშიც ეკავა.

რა გამოცდილებამ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებმა განაპირობა მისი წარმატება ამ სფეროში? როგორ აფასებს ახალი პრეზიდენტი AmChamის მიღწევებსა და გეგმებს? როგორი იქნება მისი ხელმძღვანელობის სტრატეგია კრიზისულ პერიოდში?

სარა ვილიამსონს Forbes Woman Georgia-ს თავის შეხედულებებსა და მოლოდინებზე ესაუბრა.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში

„ჩემი ოჯახი ტეხასიდანაა. მამა ექიმია, დედა კი საბირჟო მაკლერი. მყავს ორი უმცროსი ძმა და ქართველი მეუღლე. ჩემი მეუღლე ყოველთვის ამბობს, რომ ჩემი ოჯახი უფრო ქართველია, ვიდრე ქართველების უმეტესობა. ვფიქრობ, აშშ-ს სამხრეთის შტატებს უფრო მეტი საერთო აქვთ საქართველოსთან, ვიდრე ჩრდილოეთის შტატებს. სწორედ ამიტომ გამიადვილდა ქართულ კულტურასთან ადაპტაცია.

მუდმივად ვხედავდი მამას, რომელიც მუშაობდა და პროფესიულ წარმატებას აღწევდა. თუმცა, განსხვავებული განცდა იყო დედაჩემის ყურება, რომელიც მუშაობას, დიასახლისობასა და სწავლას ათავსებდა. შემდეგ საბირჟო მაკლერიც გახდა და კარიერაში წარმატებასაც მიაღწია. დედაჩემი ჩემთვის ნამდვილი შთაგონება ‒ ძლიერი ქალის განსახიერება იყო.

განათლება ტეხასში მივიღე ‒ სტუმარმასპინძლობის მიმართულებით. ცხადია, ამ პროფესიით დასაქმებული არ ვარ, თუმცა ჩემმა საგანმანათლებლო გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა UGT-ის (საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი ლიდერი) განვითარებაში. სანამ სკოლას დავამთავრებდი, სასტუმროს მართვის პროგრამაში ჩავერთე, გაყიდვებისა და შემოსავლების მართვის მიმართულებით, შემდგომში უფრო მაღალ პოზიციებზეც მოვხვდი.

შემდეგ ჩემი მეუღლე გავიცანი. ჩვენ ოთხმოცდაათიანი წლების ციფრულ სამყაროში შევხვდით, რაც იმ პერიოდში უკიდეგანო იშვიათობა იყო. მას UGT-ის შენება ერთი ან ორი თვის დაწყებული ჰქონდა. მაშინ მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტი არ ჰქონდა. ჩვენ კი პროგრამული უზრუნველყოფის სასწავლო ჩეტოთახში შევხვდით. არც ისე რომანტიკული, მაგრამ IT კომპანიისთვის საინტერესო ისტორიაა. იმ დროს არ ვიცოდი, რომ ქართველ ტექნიკოსს ვესაუბრებოდი. მეგონა, რომ ის ორი შტატის მოშორებით მდებარე ჯორჯიადან იყო. მოგვიანებით შევიტყვე მისი სამშობლოს საქართველოს შესახებ და ასე დაიწყო ჩვენი ისტორია.

სამი თვის შემდეგ გიორგი შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა და ერთი თვე დარჩა, შემდეგ კი მასთან ერთად საქართველოში დავბრუნდი. ჩვენ ყოველთვის ორწლიანი გეგმით ვხელმძღვანელობდით ‒ დავთქვით, რომ საქართველოში ორი წლის განმავლობაში დავრჩებოდით. მე დიდი კარიერა მქონდა აშშ-ს ერთ-ერთ მენეჯმენტ კომპანიაში, ის კი UGT-ის იწყებდა საქართველოში. დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით ‒ გადავსულიყავით აშშ-ში თუ გვეცხოვრა საქართველოში. საქართველოში ცხოვრება ავირჩიეთ. UGT მაშინ სტარტაპი იყო და ჩვენი ყველა რესურსი ამ სტარტაპის შენებაში ჩავდეთ. ვფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თანდათან ჩვენი ორწლიანი გეგმა ხუთწლიან გეგმად გადაიქცა და ახლა საქართველოში გატარებული დრო დაახლოებით ორ ათწლეულს ითვლის.

მთავარი მიღწევები – ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

AmCham-ი, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა, რომელიც 1998 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიზანი, აშშ-საქართველოს საქმიანი ურთიერთობების გამყარება და საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა.

ადრეულ წლებში, AmCham-ის საქმიანობა გამორჩეული იყო, რადგან ჩვენ არ გვყავდა ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) და სხვა, რომლებიც ჩვენთან ერთად მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს გაიზიარებდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, საგადასახადო რეფორმის პროექტის განხორციელება იყო, რომელსაც USAID-ი აფინანსებდა. რეფორმა გულისხმობდა საგადასახადო კოდექსის დაახლოებით 90%-ის თავიდან გადაწერას. საგადასახადო კოდექსს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდებოდა. ეს ალბათ ჩვენი პირველი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ინიციატივა და პირველი უდიდესი გამარჯვება იყო.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, AmCham-ის ქსელის დაახლოებით 220 წევრის შენარჩუნება და მათი საჭიროებების მუდმივი ადვოკატირებაა, იქნება ეს მთავრობასთან თუ ერთმანეთთან. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ვაჭრობას აშშ-სთან და ევროპასთან.

AmCham-მა და BAG-მა, EBRD-თან თანამშრომლობით, ინვესტორთა საბჭოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღესაც აქტიურია. საბჭოში ჩართულია პრემიერ მინისტრიც. ვიმედოვნებთ, რომ ეს საბჭო მდგრად ინსტიტუციურ გავლენებს შეინარჩუნებს.
AmCham-ს, საქართველოს ძირითადი ეკონომიკური რეფორმების შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ხშირად გვესმის, რომ კონკრეტული ამოცანების შესრულების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. AmCham-ი ნამდვილად დგას ბევრი ასეთი მიღწევის უკან.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, როგორც ცენტრალური საკითხები

ერთ-ერთი პირველი, რაც მახსენდება, ტურიზმის ზრდაა. ამ წლამდე, საქართველოში ტურიზმის ზრდა იყო ფენომენალური და, ვიტყოდი, დამსახურებულიც. საქართველო გამორჩეული კულტურის ქვეყანაა. ამ მხრივ უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ.

აღსანიშნავია, რომ დავინახეთ ინვესტიციების გარკვეული გაფართოება ენერგეტიკაში, საცალო ვაჭრობაში და ტრანსპორტში.

ქართველები კრიტიკულად უყურებენ რეალობას, რადგან, ბუნებრივია, ყველას სურს მეტი პროგრესი და ზრდა. ეს აუცილებელი და ჯანსაღი მიდგომაა, რადგან სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს წინსვლის მამოძრავებელ ძალას. თუმცა, აუცილებელია დიდი სურათიც დავინახოთ, რათა გავიაზროთ, რომ საქართველომ მრავალჯერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება ‒ უკიდურესად არასტაბილურ რეგიონში. საქართველო ‒ რუსეთის ემბარგოს, 2008 წლის ომს და სხვადასხვა პოლიტიკურ არეულობას მრავალჯერ გადაურჩა. ყველა კრიზისულ მდგომარეობაში ‒ საქართველომ გამძლეობა შეინარჩუნა. ეს იმიტომ, რომ დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის წამყვანი ქვეყანაა.

შუა-პანდემიური და პოსტ-პანდემიური რეალობა

პანდემიამ მრავალი დაბრკოლება შეუქმნა ყველას, მათ შორის ბიზნეს სექტორს. ასეთ კრიზისულ პერიოდში რთულია პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება. თუმცა, ვფიქრობ, ოპტიმიზმი არჩევანია ‒ არჩევანი, რომელიც ყოველ დღე უნდა გავაკეთოთ. ჩემი არჩევანია დავინახო და შევაფასო ის შესაძლებლობები, რომლებიც კრიზისიდან გამომდინარეობს. საკუთარ თავს ვეკითხები ‒ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან?

პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე საქართველო პოზიციონირებდა როგორც ძლიერი რეგიონალური კერა. ევროკავშირთან ჩვენი შეთანხმებების, DCFTA–სა და სხვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, საქართველომ უნდა განაგრძოს ფოკუსირება ტურიზმზე, მშენებლობასა და საბანკო საქმეებზე; საჭიროა მეტი ფინანსების მოზიდვა ტრადიციულად ძლიერ სექტორებში.

საქართველო შედარებით იაფი ტურისტული დანიშნულების ადგილია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ხალხი მოგზაურობას დაიწყებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხი გაცილებით უფრო ფრთხილი იქნება ფინანსური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს კი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საინტერესო გამოწვევა და შესაძლებლობაა.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

მართვის სტრატეგია და სამომავლო გეგმები

ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობამ პრიორიტეტი კოლექტიურ საჭიროებებს უნდა მიანიჭოს. ეს არის სტრატეგია, რომელსაც მივყვები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკუთარ თავს ვეკითხები ‒ რა არის საუკეთესო AmCham-ისა და მისი ბიზნეს საზოგადოებისთვის? მე, როგორც პრეზიდენტი, ვაგრძელებ ამ მიდგომას და ვიცი, რომ ეს მიმიყვანს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც თითოეული წევრის საჭიროებებს შეესაბამება. როგორც ნებისმიერი ლიდერი, ჩემს გუნდს ვეყრდნობი. AmCham-ის წარმატება განპირობებულია ნდობით, რომელიც გუნდის წევრებს შორის წლების წინ ჩამოყალიბდა. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივი ძალისხმევით დასახული მიზნებისკენ სწარფვას.

მთავარი გზა, რისი მეშვეობითაც AmCham-ი მდგრადობასა და სიძლიერეს ინარჩუნებს ‒ წევრების უწყვეტი ჩართულობაა. ამრიგად, ჩვენ ძირითად პრიორიტეტად წევრების ჩართულობის შენარჩუნების გზების ძიება რჩება.

რაც შეეხება გეგმებს ‒ ჩვენ კვლავ ვგეგმავთ ვაშინგტონში გამგზავრებას. პანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ქაოსი შექმნა. ამიტომ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძნელია ისეთი ყურადღება მიაქციონ საქართველოს, როგორიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო ვაშინგტონისა და ევროპის რადარზე მკვეთრ წერტილად დარჩეს.

ქალთა გაძლიერება

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქალებს, მივცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ, თუ რას ნიშნავს მათთვის წარმატება. ჩვენ უნდა ვუბიძგოთ მათ, იყვნენ საკუთარი თავის ნამდვილი, ავთენტური ვერსიები.

ქალებს ვურჩევდი, ღრმა თვითანალიზის პროცესში ჩაერთონ და გაიგონ თუ რისი კეთება სურთ; არ შეეშინდეთ ისეთი რამის კეთების, რაზეც ოჯახი და საზოგადოება ხშირად „გვარცხვენს“. ვურჩევდი ყოველთვის ეცადონ საკუთარი თავის პრიორიტეტიზაცია მოახდინონ. მე დედა ვარ, სამი შვილი მყავს, მაქვს წარმატებული კარიერა და სურვილი ვიყო ძლიერი, რათა აქტიური წვლილი შევიტანო საზოგადოების განვითარებაში. მე ვიცი რას ნიშნავს გქონდეს მრავალი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ, როგორც ქალებს გვაქვს, თითოეული ეს პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია და მათი უგულებელყოფა არ შეიძლება. უდავოა, რომ ქალთა ჩართულობა, განსაკუთრებით იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, სადაც ისინი მამაკაცი კოლეგების თანასწორები არიან, დადებითად აისახება თავად ამ კომპანიების საქმიანობასა და ზოგადად საზოგადოების კეთილდღეობაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებამ, ხელი შევუწყოთ ოჯახებს და არა მხოლოდ ქალებს, რათა უკეთ დავაბალანსოთ ის მრავალი პასუხისმგებლობა, რაც საქმიანობის მიღმა გვაქვს. მე მჯერა, რომ ცხოვრების არსი, მის ბალანსშია. თუმცა, მტკიცედ ვუჭერ მხარს საკუთარი თავის პრიორიტეტიზაციას, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვების უკეთეს მოკავშირედ გვაქცევს.