პირველი ქალი ორი აეროპორტის სათავეში | თეა ზაქარაძე – TAV Georgia-ს ქართველი მენეჯერი

„ავიაციას უყვარს პუნქტუალობა და მოითხოვს დისციპლინურ შრომას“ – თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუდან ჩემთვის ეს ფრაზა აჯამებს პროფილის გამოსაძერწად საჭირო მთავარ კითხვაზე პასუხს, რომელსაც მთელი ინტერვიუს მანძილზე დაჟინებით ვეძებ – ვინ არის ჩემი რესპონდენტი. Forbes Woman-ის მთავარი ინტერვიუ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურ მენეჯერთან, თეა ზაქარაძესთან ჩავწერე.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

თეა ზაქარაძე საერთაშორისო კომპანია TAV-ის პირველი ქალი მენეჯერია. მეჩვიდმეტე წელია, ამ კომპანიასთან ერთად მოდის და დღეს უკვე უმაღლესი პოზიციიდან მართავს კომპანიას, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 1400 ადამიანი და 350 მილიონი ლარის აქტივს ფლობს საქართველოში – თბილისსა და ბათუმში.

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი 18 წლის ასაკში გადადგა – მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ 90-იანი წლების ბათუმში და ზოგადად, საქართველოში, განვითარებასა და საჭირო განათლების მიღებაზე წვდომა წარმოუდგენელი იყო. მაშინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მაქსიმუმ ორი თუ სამი საერთაშორისო ფრენა სრულდებოდა.

ბევრი ტრანზიტული რეისით სარგებლობის მერე, ხშირად უოცნებია, რომ ბათუმიდანაც შეძლებოდა პირდაპირ გაფრენა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.

ალბათ, მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ არათუ იფრენდა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, არამედ, რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყნის ორი მთავარი – თბილისისა და ბათუმის – აეროპორტის გენერალური მენეჯერი გახდებოდა.

28 წლის ასაკში BP-ის საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტიდან (Spie Petrofac International) დიდ ავიაციაში აღმოჩნდით. ეს ის სფეროა, სადაც დღემდე მამაკაცები დომინირებენ. ე.წ. Man’s Club-ში აეროპორტის გადაბარების პროცესი რთული იყო?

კარიერის დასაწყისში, ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც თანამშრომლების მიმართ ჩემი ლოიალური დამოკიდებულება, არსებული სტერეოტიპების გამო, ჩემს მენეჯერულ უნარებზე კითხვის ნიშნებს იწვევდა.

„ტავის“ საქართველოში შემოსვლის დღიდან, კომპანიაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს ვიკავებდი და გზა გენერალურ მენეჯერობამდე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა სტერეოტიპი – ავიაცია მამაკაცების სფეროა – მოტივაციას მიმაღლებდა, რომ დასახული მიზნებისთვის ბოლომდე მიმეღწია. არსებული გამოწვევები ჩემთვის უფრო მიმზიდველიც კი ხდებოდა.

კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მომცა, უკეთ გამეცნო ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო სფერო. „ტავში“ მოსვლის დღიდან ვცდილობდი, ჩართული ვყოფილიყავი ყველა დეპარტამენტის საქმიანობაში და აეროპორტის ოპერირება უკეთ გამეცნო და შემესწავლა.

რა ისწავლეთ ამ პერიოდის განმავლობაში?

24-საათიანი სამუშაოა. პროცესში არ არის წყვეტა. ამ 17 წლის განმავლობაში, თუ დამიჯერებთ, ტელეფონი არ გამომირთავს. ჩემგან სულ აქვთ მოლოდინი, რომ აეროპორტში უნდა ვიყო. „თეა აეროპორტი“ – ბევრს ასე ვყავარ მონიშნული მობილურში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

17 წელი, ალბათ, საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ ამ დონეზე ვიყო ასოცირებული აეროპორტთან.

ამ ბიზნესს უყვარს პუნქტუალობა. ჩვენ დრო არ გვაქვს. რეისს სჭირდება ზუსტი მომსახურება. ჩემი ხასიათი და დისციპლინა აეროპორტს ძალიან ესადაგება. ეს ხასიათი რომ არა და ის ძაფები, რამაც თავიდანვე დამაკავშირა ამ ბიზნესთან, ამდენი წელი აქ საქმეს ვერ გავაკეთებდი.

აეროპორტი მოითხოვს დისციპლინას და თუ ეს შენი, როგორც მენეჯერის ხასიათის ნაწილი არ არის და თუ ამას არ გრძნობენ და ხედავენ შენი თანამშრომლები, ძალიან გაგიჭირდება მართვა.

მართვის როგორ სტილს ირჩევთ?

კაბინეტიდან სამუშაო ან ოპერირების პროცესებზე მხოლოდ დაკვირვება არასოდეს ყოფილა ჩემი მართვის სტილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესიდან აქტიურმა ჩართულობამ მომცა შესაძლებლობა, უკეთ შემესწავლა აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის საჭირო ყველა დეტალი, დაწყებული აეროდრომით, დამთავრებული ავტოპარკით.

2005 წლამდე ვიყავი მგზავრი და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რამდენი ადამიანის შრომის ფასად ხდებოდა ჩემი, როგორც მგზავრის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილების უზრუნველყოფა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი ფრენისთვის საჭირო იყო საჰაერო ხომალდის მინიმუმ 150-მდე სერვისით უზრუნველყოფა, რომ არაფერი ვთქვათ ტერმინალის ოპერირების სხვადასხვა სერვისებზე.

და მაინც, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მგზავრის ადგილიდან გენერალური მენეჯერის ადგილზე გადმოინაცვლეთ?

დღეს, როდესაც ვხელმძღვანელობ ორ აეროპორტს, ერთდროულად ვარ მგზავრიც, რიგითი თანამშრომელიც, მენეჯერიც და ა.შ. ყოველთვის ვეუბნები ჩემს გუნდს, რომ არსებულის განვითარება ძალიან მარტივია, ახლის შექმნა კი – უფრო რთული და საინტერესო.

რამდენიმე კვირის წინ, აეროპორტის ვიდეოარქივს ვუყურებდით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის „საბჭოური სტილის შენობა“, წარმატებით ჩავანაცვლეთ უახლესით, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საერთაშორისო აეროპორტით, დავაკომპლექტეთ კვალიფიციური კადრებით, შევქმენით ტრენინგ-ცენტრი, რომელიც პირველად საქართველოში საავიაციო სფეროში მომუშავე პირებს ICAO-სა და IATA-ს მიერ სერტიფიცირებული პროგრამებით ამზადებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმენით აეროპორტის სისტემური მართვის პრეცედენტი.

თუმცა, 2007 წელს აშენებული აეროპორტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს გაფართოებას, განვითარებას და ახალი ტერმინალებით უზრუნველყოფას.

გისმენთ და ვფიქრობ, სინამდვილეში, რამდენად უფრო ფართო ცნებაა აეროპორტი, ვიდრე ის მარტივი წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, ან ტერმინალთან ან ავიაკომპანიასთან იგივდება.

ეს, სხვათა შორის, დიდი გამოწვევაა. ადამიანებს დღემდე არ ესმით კარგად, რას ნიშნავს სინამდვილეში აეროპორტი.

აეროპორტი ნამდვილად არ არის არც მხოლოდ ტერმინალი და არც ავიაკომპანია. აეროპორტი არის აეროდრომი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, 330 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ბალახი ითიბება, ღობეებს ყურადღება ექცევა, უსაფრთხოების კომპლექსური ზომების გატარება სჭირდება, რადგან სტრატეგიული ობიექტია და ა.შ. და ა.შ.

სინამდვილეში, აეროპორტი პატარა ქალაქია. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ ამ პატარა ქალაქის მერი ვარ. წარმოუდგენლად მრავალფეროვანია ის შეხვედრები და გადაწყვეტილებები, რაც ერთმა დღემ აეროპორტში შეიძლება დაიტიოს.

მაგალითად, ესაუბრები ავიაკომპანიას, თუ რამდენად მოქნილი შეიძლება იყო მისთვის, როგორც აეროპორტი, ტარიფით, მომსახურებით, პერსონალით; როგორი კადრები უნდა გყავდეს: ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, თურქულის, რუსულის თუ რეგისტრატორისთვის საჭირო პროგრამების ცოდნით – ეს დასრულდება და უცებ, გადიხარ ისეთ თემებს, როგორებიცაა, რომელიმე ახალი კაფეს, მაღაზიის, ბანკის თუ კლინიკის შემოსვლა აეროპორტში; განიხილავ დიზაინის გადაწყვეტებს, ან ლაბორატორიის გახსნის საჭიროებას.

ბათუმს, მაგალითად, თბილისისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნები აქვს – ტურისტულია. ოთხი თვე მაქსიმალურად ვემზადებით, თუმცა, ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივარ ბათუმში რეგულარულად. შორიდან მართვა არ შემიძლია. პირადად უნდა მქონდეს შეხება.

კარგი ლიდერი და მენეჯერი კომპეტენტურ გუნდზე დგას. ამაყობთ გუნდით?

ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენი თანამშრომლები არიან, ხალხი რომელზეც დღეს აეროპორტი დგას. – “People can make or break a company”.

დიახ, ვამაყობ ჩემი გუნდით, თითოეული თანამშრომლით, რომელიც „ტავ“-ამდე და დღესაც ქმნიან აეროპორტის და თანამედროვე ქართული ავიაციის ისტორიას. ვამაყობ მათი გუნდური თუ ინდივიდუალური მიღწევებით.

სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ თითქმის ის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ინარჩუნებს მისი ისტორიის შემქმნელებს – საპენსიო ასაკში მყოფ ჩვენს თანამშრომლებს.

ჩვენ 17 წლის განმავლობაში ქართულ საავიაციო სფეროში შევქმენით ყველაზე ღირებული, კვალიფიციური კადრი.

ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის ახალი სტანდარტის შემუშავებით, აეროპორტები თანამედროვე ავიაციის სტანდარტებს დავუქვემდებარეთ.

დღეისთვის „ტავ ჯორჯია“ ყველაზე სტაბილური კომპანიაა, რომელიც შრომით ბაზარზე სისტემური კორპორატიული კულტურით და დასაქმებულებისთვის შექმნილი საუკეთესო პირობებით გამოირჩევა.

თქვენს სფეროში ახალგაზრდა კადრების პოვნა ადვილია?

კოვიდის შემდეგ განსაკუთრებით გაჭირდა პერსონალი. საავიაციო ბაზარზე მთელ მსოფლიოში ეს პრობლემაა. მთავარი, რაც ჩვენ მოვახერხეთ ის იყო, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე უფრო მსუბუქად გადავედით პოსტ-პანდემიურ პერიოდში და რეისები პირდაპირ მივიღეთ.
თუმცა, დამატებითი პერსონალის პოვნა გაჭირდა, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ძირითადად ონლაინ-პლატფორმებზე გადაერთნენ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ჩემს მენეჯერებს სულ ვეუბნები, მოიყვანეთ სტაჟიორები – ვაჩვენოთ საქმე, დავაინტერესოთ ახალგაზრდები. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლებლებთან – საავიაციო და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან – გვჭირდება მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები, ელექტრიკოსები, მექანიკოსები.

ძალიან ბევრი ტრენინგ-პროგრამა გვაქვს, როგორც უცხოეთში გაცვლითი პირობებით, ისე – ადგილობრივად გადამზადებით. ახალგაზრდებში დიდ ინვესტირებას ვწევთ, რადგან ხვალ მათ უნდა აკეთონ ეს საქმე. მნიშვნელობა არ აქვს, „ტავის“ ბრენდის ქვეშ თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახელით – მათ უნდა შექმნან ხარისხი და დაიცვან უმაღლესი სტანდარტები.

დღეს, ქვეყნის შიგნით იქნება თუ გარეთ, თუ ვინმეს ავიაციის სპეციალისტი სჭირდება, ჩვენთან მოდიან.

მაგალითად: „ტავმა“ სამი წლის წინ ალმატის აეროპორტი იყიდა და მე ძალიან მეამაყება, რომ ჩემი თანამშრომლები დღესაც იქ არიან: ჩვენ ვუზიარებთ მათ ჩვენს ცოდნას. „ტავი“ ჰოლდინგური ტიპის კომპანიაა და ვეხმარებით.

ახლა არაერთი მოლაპარაკება გვაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, თუმცა ვერ დავკონკრეტდები, ვიდრე კონტრაქტები არ გაფორმდება და იქაც – ჩართულები ვართ სატენდერო პროცესებში.

ჩემი გუნდი საოცარი გუნდია: საქართველოსთვის ეს ის ხალხია, ვისაც ავიაციის წლებით დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა აქვს. „ტავში“ ზუსტად ეს გუნდია შეკრებილი.

პანდემია ახსენეთ. ფინანსურად ყველაზე მეტად სწორედ ავიაცია და მასთან დაკავშირებული სფეროები დააზარალა. დაიბრუნეთ 2019 წლის რიცხვები?

ამ ეტაპზე არც მგზავრთნაკადის და არც ფინანსური კუთხით 2019 წლის ციფრები არ დაგვიბრუნებია.

ავიაციის სფეროს ზარალი გლობალურად წელს 10 მილიარდამდე იქნება. იგივე მაჩვენებელი 2020 წელს 140-მდე აღწევდა – ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სფეროში პოზიტიური დინამიკა უკვე იგრძნობა. IATA-ს პროგნოზით, აეროპორტები და ავიაკომპანიები პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2023 წელს დაიბრუნებენ. პანდემიამ დაგვანახა, რომ ავიაცია სახელმწიფოების ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს აეროპორტების პრივატიზება, ინვესტორი კომპანიები უფრო თამამად ავითარებენ სფეროს დიჯიტალიზაციის კუთხით.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი მიზანია, ორივე აეროპორტში დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები მგზავრთა გადაზიდვის, ბარგის რეგისტრაციისა თუ self-check-in-ის კუთხით. ამ მიმართულებით საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა პარიზში გამართულ ყველაზე პრესტიჟულ საავიაციო ფორუმზე Passenger Terminal Expo. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ აეროპორტების ე.წ. „ჭკვიან აეროპორტებად“ გარდაქმნაში, თუმცა, ამისათვის საჭიროა დამატებით ახალი ინფრასტრუქტურა.

საინვესტიციო გარემო საქართველოში გიქმნით ამ განჭვრეტადობას?

ქვეყნის საინვესტიციო გარემო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველოსთან ერთად, ჩვენ არაერთ გამოწვევას გავუმკლავდით: 2008 წლის ომი და ეკონომიკური კრიზისი; არაერთი პოლიტიკური ტურბულენტობა; პანდემია; 13 ეკონომიკის მინისტრი და მათი მოადგილეები, რომელთა ინფორმირება მიმდინარე პროექტებსა თუ არსებულ გამოწვევებზე ახალი ფურცლიდან გვიწევდა – ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, არც ერთი პროექტი არ შეგვიჩერებია.

გასაგებია, რომ პანდემია ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად საბოლოო აღდგენის გზაზე. მაგრამ ბევრ ბიზნესთან მისაუბრია ამ თემაზე და ბევრი მათგანი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდი გარკვეული შესაძლებლობების ასათვისებლადაც გამოიყენა. „ტავმა“ ეს შეძლო?

კოვიდის ნეგატიური ფინანსური გავლენა აშკარაა: საერთაშორისო აუდიტით, ეს ზარალი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ჯამურად 100 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

ეს პერიოდი, როცა კომპანიები ზარალს ითვლიდნენ, ჩვენ დამატებითი ინვესტიციებისთვის გამოვიყენეთ. ბათუმში, მაგალითად, 17 მილიონი დოლარი დავხარჯეთ და დაკეტილ აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ავაშენეთ.

ვფიქრობ, სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან: სერვისები ისე უნდა გაუმჯობესდეს, რომ ამით მგზავრი არ შეწუხდეს.

ბათუმში წელს უკვე ვუახლოვდებით იმ მაჩვენებლებს, რაც 2019 წელს გვქონდა. რაც შეეხება თბილისს, ვფიქრობთ, წელს 2019 წლის 65-70%-მდე მგზავრს დავიბრუნებთ.

არ ვჩერდებით: აეროპორტის წინ, გზებზე ასფალტის საფარი გამოვცვალეთ, ახალი სამიმოსვლო ბილიკი დავამატეთ – ეს ყველაფერი 3 მილიონ აშშ დოლარამდე დაგვიჯდა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ზოგადად, აეროპორტში ინვესტირება პრაქტიკულად არასდროს სრულდება – ყოველწლიურად, ინფრასტრუქტურის შესანახად, 3-5 მილიონ აშშ დოლარამდე გვჭირდება.

ზოგიერთი ხარჯი ხილულია, ზოგიც – ასე პირდაპირ და აშკარად არ ჩანს. მაგალითად, ძალიან ძვირადღირებული IT სისტემები – ეს შეიძლება თვალით ვერ დაინახო, მაგრამ დიდი ინვესტიციებია.

ახალი ტექნიკაც ვიყიდეთ: ბათუმში პირველად დავიწყეთ ე.წ. ფუშბექით ოპერირება. 2 ფუშბექი შევიძინეთ, რაც ჯამში – 300 ათასი დოლარია. იმისთვის, რომ ამ ახალი ტექნიკით შესაძლებელი იყოს თვითმფრინავის გამოყვანა – მთლიანად გადაიხაზა და სადგურების ხელახალი მარკირება მოხდა.

ვაახლებთ რეგისტრაციის, ფინანსური აღრიცხვის, ბარგის მართვის სისტემებს. ბევრი ახალი ინვესტიცია აქეთაც მიემართება. მაქსიმალურად ვცდილობთ, გავამარტივოთ მგზავრთა მომსახურება და ჩვენი სერვისები.
მგზავრმა კომფორტულად და დაცულად უნდა იგრძნოს თავი – ეს არის მთავარი ამოცანა.

ამ კუთხით როგორ ზომავთ, რას მიაღწიეთ?

აეროპორტს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. Skytrax-ის მიღწევებს შორის გამოვყოფდი რამდენიმეს, კერძოდ:
✓ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის პირველად, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – ზედიზედ მეცხრედ მოხვდა;
✓ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – წლის ყველაზე გაუმჯობესებული აეროპორტი;
✓ 5 ვარსკვლავი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე COVID – უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა.

კოვიდის დროს თუ დაგეხმარათ ის ფაქტი, რომ „ტავი“ საერთაშორისო კომპანიაა?

ჰოლდინგი იზრდება: ყოველწლიურად, პორტფოლიოს 2-3 აეროპორტი ემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია სულ განვითარებაზე მუშაობს. ამდენად, ის, რომ ჩვენ ასეთი ჰოლდინგის ნაწილი ვართ, ძალიან დიდი ბენეფიტია.

დღეს „ტავის“ მართვაში არსებულ 100 აეროპორტს შორის ვართ. ეს ქსელი კოვიდის დროს განსაკუთრებით გამოგვადგა. პირველ ეტაპზე, როცა ვერც კი ვხვდებოდით ჩვენ გარშემო რა ხდებოდა, ჰოლდინგის მართვაში არსებული სხვა საერთაშორისო აეროპორტების გამოცდილების გაზიარება გვეხმარებოდა – მაგალითად, როგორ ხდებოდა კოვიდუსაფრთხოების პროცედურების დაცვა, როგორ იმართებოდა რიგები, რა ხდებოდა საზღვარზე…

ვფიქრობ, ასეთი გამოცდილების კომპანია, ამხელა რეზერვით საქართველოში რომ დარჩეს, ყველასთვის კარგი იქნება.

2027 წლის შემდეგ, თუ გინდათ, ნუ გავიხედავთ, მაგრამ უახლოესი მიზნები და სურვილები რა გაქვთ?

ორი ოცნება მაქვს: ეროვნული გადამზიდავების გაძლიერება და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და საქართველოს რეგიონის კარგო ჰაბად დამკვიდრება.

მართლა მაქვს ოცნება, რომ გვყავდეს სახელმწიფოში, ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია, ქართული დროშით, ევროპის და აზიის მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი ფრენებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ – ავად თუ კარგად – დღემდე მოვიდა, მაგრამ ის მაინც კერძო კომპანიაა. მე მინდა, სახელმწიფოს ჰყავდეს თავისი ძლიერი ავიაგადამზიდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ, როგორც კერძო კომპანია, რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. დღეს ადგილობრივ, შიდა ფრენებზე ტარიფები პრაქტიკულად განულებული გვაქვს. ვამბობთ, მოგერგებით – ოღონდ, იფრინეთ, მაგრამ არავინ დაფრინავს, თბილისი-ბათუმის რეისი, ზაფხულის სეზონის დროსაც კი ცარიელია.

კარგოს თვალსაზრისით, რეგიონში საქართველოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით დამატებითი ტერმინალები აშენდება.

ზოგადად, 2024-2025 წლებისთვის, საქართველოს უკვე დასჭირდება ახალი ინვესტიცია, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი.

არ დაგიმალავთ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას, რომ როგორც კომპანია საქართველოში 2027 წლის შემდეგაც დავრჩეთ. იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა TAV-ი საქართველოში, ჩვენს ფრანგ პარტნიორებთან (ADPI Ingenierie) ერთად, ვმუშაობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელსაც სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადავცემთ. ე.წ. MasterPlan-ი მოიცავს აეროპორტის, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ფინანსურ და მარკეტინგულ ანალიზს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი პროექტია, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში აეროპორტებს 500 000 აშშ დოლარამდე უჯდებათ.

პირად ოცნებებს რაც შეეხება, მინდა, ჩემი შვილი იყოს კარგად და მეც დიდხანს – მასთან ერთად. ჩემთვის მთავარი მოტივატორი ყოველთვის ჩემი უფროსი შვილი იყო. დედა საკმაოდ პატარა ასაკში გავხდი და ჩემ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მისი მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდებოდა.

ჩემი, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედაჩემმა, რომელიც ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. ექიმების ოჯახში დავიბადე. დედა სამედიცინო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში მან არაერთი სტერეოტიპი და ბარიერი დაამსხვრია, რითაც დამეხმარა როგორც ქალს, გზა გამეკვალა პროფესიულად და გამოწვევების არ შემშინებოდა. ყველაზე ღირებული, რაც მშობლებისგან ვისწავლე, არის სხვა ადამიანებზე ზრუნვა, რაც ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

და აი, ისევ იქ მოვედით, საიდანაც დავიწყეთ: დღეს, ამდენი წლის შემდეგ, თავს კომფორტულად გრძნობთ პირველი ქართველი ქალი მენეჯერის სტატუსით იმ კომპანიაში, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე 17 წელია, რაც მუშაობთ?

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ საერთაშორისო კომპანიაში, რომლისთვისაც გენდერი არ წარმოადგენს პრობლემას.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების მიუხედავად, კერძო და საჯარო სექტორში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის სამუშაო ადგილებზე ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ TAV Airports-ის პოლიტიკა უზრუნველყოფს გენდერული ბალანსის დაცვით თანამშრომლების განვითარებასა და დასაქმებას. დღეისათვის TAV Airports-ის მიერ მართულ აეროპორტებში ტოპ მენეჯმენტში დასაქმებულთა 44% სწორედ ქალია, რაც ავიაციის სფეროსთვის, სადაც ძირითადად მამაკაცები დომინირებენ, ნამდვილად სტიმულის მომცემი მაჩვენებელია.

სამწუხაროდ, ავიაციაში ხშირად ვერ ნახავთ ქალს, რომელიც დასაქმებულია ტექნიკურ დეპარტამენტში, ფრენების ოპერირებასა თუ, ზოგადად, მენეჯმენტში.

TAV-ში ჩვენ ადამიანებს ვასაქმებთ მათი კომპეტენტურობისა და უნარ-ჩვევების მიხედვით და არა გენდერული, თუ ასაკობრივი ნიშნით.

წარმატების ერთადერთი გასაღები დაუღალავი შრომა და მიზანდასახულობაა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.