წარმოიდგინეთ სოციალური სტერეოტიპებისგან სრულიად თავისუფალი საზოგადოება, რომლის მთავარ ღირებულებას ლოიალურობა, თანასწორობა და ტოლერანტობა წარმოადგენს ‒ ასე შეიძლება დავახასიათოთ CELA-ს სოციუმი, რომელიც მომავლის ლიდერებს ზრდის.
თავდაპირველად, როდესაც ორგანიზაციის ისტორიასა და საქმიანობას ვეცნობოდი, ის ჩემთვის უტოპიური სამყაროს ნაწილად აღიქმებოდა. სამყაროს, რომლის უზენაეს ღირებულებას ადამიანთა თანასწორობა, უფლებები, თვითრეალიზაცია და ინდივიდუალიზმი წარმოადგენდა. თუმცა, ეს გამონაგონი და იდეალური სამყარო არ ყოფილა, ეს რეალობაა და ამ რეალობის შესახებ ორგანიზაციის საქართველოს დირექტორი ნათია ზედგინიძე გაგვესაუბრა.
იყო საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქვეყნის დირექტორი ნიშნავს, გქონდეს წვდომა უდიდეს ქსელთან, რომელიც საკუთარ თავში სხვადასხვა ქვეყნის CELA-ს ლიდერებს აერთიანებს. ეს არის უდიდესი გლობალური კავშირების სისტემა და ის დიდ როლს თამაშობს ისეთი პატარა სახელმწიფოს განვითარების პროცესში, როგორიც საქართველოა.
ნათია რამდენიმე რეგალიის მფლობელია: CELA (The Central Eurasia Leadership Alliance) საქართველოს ქვეყნის დირექტორი, ხარისხის ინსტიტუტის ‒ IQ-ს დამფუძნებელი, ხარისხის სტანდარტების სპეციალისტი და საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ‒ ლექტორი.
„გააკეთე სწორი საქმე სწორად“, ‒ ამ დევიზით დაიწყო ინტერვიუ რესპოდენტთან, რომელიც ორგანიზაციაში საკუთარი გამოცდილების და, ზოგადად, ორგანიზაციის სპეციფიკის შესახებ გვიყვება.
CELA-ს ისტორია 35 წლის წინ დაიწყო მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია SIBF-ი. ორგანიზაციის მთავარ მიზანს, მსოფლიოს მასშტაბით, ისეთი პლატფორმების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც სხვადასხვა ღირებულების, კულტურისა და ისტორიის მქონე ადამიანებს ერთი ნარატივის ქვეშ გააერთიანებდა. მათი დახმარებით მოახდენდა უზენაესი ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელებას და ერთიანი გლობალური ქსელის შექმნას. CELA მისი ერთ-ერთი შვილობილი ორგანიზაციაა, რომელიც SIBF-ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული.
CELA-ს იდეოლოგიის თანახმად, ლიდერობის კონცეფცია შემდეგნაირად ჟღერს ‒ თუ გინდა ცვლილება, წარმატება და თვითრეალიზაცია, აუცილებელია საზოგადოებაში ეკოსისტემის შექმნა, ანუ ისეთი მიკროსამყაროს შექმნა, რომელშიც ლიდერსა და სოციუმის დანარჩენ წევრებს შორის მოხდება ღირებულებების, საერთო ინტერესებისა და ფასეულობების ურთიერთმიმოცვლა.
ნათია: „CELA-სთვის ლიდერობა გულისხმობს საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას, რაც შესაძლებელი ხდება ფასეულობათა ჯაჭვის სწორად, კეთილსინდისიერად და ეკოლოგიურად გამოყენების შედეგად. ჯაჭვში ჩაბმის პროცესი საკუთარი თავის იდენტიფიკაციით იწყება. პირველ საფეხურზე საჭიროა საკუთარ თავში ჩაღრმავება, ცნობიერსა და არაცნობიერში გარკვევა, საკუთარი „მე“-ს გააზრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა პასუხების გაცემა ისეთ კითხვებზე, როგორებიც არის: ვინ ვარ მე? რა შემიძლია? ამ ეგზისტენციალურ საკითხებზე პასუხების პოვნის შემდეგ ახალი ეტაპი იწყება, რომლის დილემა ასე ჟღერს ‒ მე რა უნდა გავაკეთო? რა შემიძლია მივცე საზოგადოებას, როგორც ქვეყნისა და მსოფლიოს მოქალაქემ?“
როგორც თავად გვიყვება, CELA-ში მისი ისტორია უცნაურად დაიწყო. ორგანიზაციის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და 2016 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ CELA-ს კონკურსში თითო ქვეყნიდან მხოლოდ 5 მონაწილე ირჩევა, ნათია კი, პროექტის ერთ-ერთი შერჩეული კანდიდატი და CELA საქართველოს არჩეული დირექტორი გახდა.
ნათია: „CELA-ში მოხვედრამდე პიროვნული და პროფესიული განვითარების იმ ეტაპზე ვიყავი, როდესაც რაღაც სიახლე და ტრანსფორმაცია მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი არაჩვეულებრივ გარემოში, ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და ახლაც მას ვაკეთებ… და მაინც, რაღაც შინაგანი ცვლილება მინდოდა. ვგრძნობდი, რომ ჩემში ხდებოდა გარკვეული პრიორიტეტების ტრანსფორმაცია და მივხვდი, რომ ცვლილებების განსახორციელებლად გარკვეული ადამიანების თანადგომა, სწავლა, გამოცდილებების გაზიარება მჭირდებოდა. სწორედ ამ დროს გავიგე CELA-ს შესახებ და მისი გლობალური ქსელის წევრი გავხდი“.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით 28-დან 42 წლის ჩათვლით ასაკის ადამიანებს არჩევს და აძლევს მათ შესაძლებლობას, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ორგანიზაცია, აერთიანებს ერთი ღირებულებების მქონე სხვადასხვა კულტურის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ გამოცდილების მქონე ადამიანებს.
ნათია: „CELA-ს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ინდივიდს, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, მოახდინოს თვითრეალიზაცია და შინაგანი სამყაროს გარე სამყაროში გამოვლინება. ორგანიზაციის მთავარი იდეაც ხომ ასე ჟღერს: „გამოავლინე შენი პოტენციალი“.
CELA-ს პროგრამაში გატარებულ დროს „10 ჯადოსნურ დღედ“ მოიხსენიებს და მიაჩნია, რომ მან მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ნათია: „პროექტი გაძლევს შესაძლებლობას, დაივიწყო ყველაფერი, დროებით გამოეთიშო იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ და თავიდან ბოლომდე გადაეშვა იმ სამყაროში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, გაიაზრო ვინ ხარ, რა ხარ, რას წარმოადგენ და რა ფასეულობები გაქვს. ამ 10 დღის შემდეგ ადამიანი უდიდესი მოტივაციით ბრუნდება რეალობაში. მას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა ‒ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახდეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ‒ უფრო განვითარებული, მეტად შემდგარი, მეტად რეალიზებული და მეტად ბედნიერი როდესაც უსმენ მათ ისტორიებს, გამოცდილებებს და თან სწავლობ, იმხელა ენერგია და შთაგონება იბადება შენში, რომ ხვდები, შეუძლებელი არაფერია. საჭიროა, მხოლოდ სურვილი და თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სურვილებში, მაშინ ყველაფერი გამოგივა. მთავარია, მხოლოდ გაბედო და საქმე აკეთო“.
CELA-ს იდეოლოგიის თანახმად, წარმატება არ არის ვერტიკალური, არ არის მატერიალური საზომის მქონე რამ. წარმატება ბედნიერებაა!
„იმისათვის, რომ იყო წარმატებული ლიდერი, არ არის საჭირო ფლობდე სტატუსსა თუ თანამდებობას. ამ ტიტულის მისაღებად აუცილებელია თავს საზოგადოების ნაწილად მიიჩნევდე და ადამიანებს იღებდე ისეთებად, როგორებიც არიან და არ ცდილობდე მათ გადაკეთებას“, ‒ გვიყვება ნათია.
CELA-ს წევრობა მხოლოდ ათდღიანი პროგრამით არ შემოიფარგლება. ის ხელს უწყობს წევრებს შორის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, ბიზნეს ურთიერთობების, მეგობრული თუ პიროვნული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. როგორც რესპოდენტი ამბობს, CELA ერთიანი ოჯახია, რომლის თითოეულ წევრსაც „ორგანიზაციის წევრობა“ აერთიანებს და ერთი ნარატივის ქვეშ აქცევს.
ორგანიზაციის გლობალური ქსელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია.
ნათია: „გარდა იმისა, რომ CELA ბიზნესისთვის ამარტივებს ევრაზიის ქვეყნებში პროდუქტის თუ სერვისების ექსპორტის პროცესს, ის ასევე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. CELA ორგანიზაციას რამდენიმე მოძმე ქსელიც ჰყავს. ესენი არიან: შუა აღმოსავლეთი ალიანსი (MELA), სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ალიანსი (SEALA). მშობელი ორგანიზაცია SIBF ყოველწლიურად მართავს ღონისძიებებს, რომელზეც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები იკრიბებიან. მაგალითად, 2017 წელს საქართველოში ჩატარდა ღონისძიება GNS – Global Network Summit, რომელმაც გააერთიანა CELA, MELA, SEALA-ს ქსელის წევრები. შედეგად, საქართველო ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიების მასპინძელი გახდა. ღონისძიების ფარგლებში იმართებოდა შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და ტურისტული აქტივობები. ეს ხელს უწყობდა ქვეყნის პოპულარიზაციას, ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებისა და გამოცდილებების გაზიარების პროცესს“.
როგორც თავად გვიყვება, 2019 წლის ზაფხულში ბათუმი მთლიანად CELA-ს წევრების მიერ იყო ათვისებული. მათი მხრიდან გამოჩენილი ინტერესის შედეგად კი 2020 წლის მაისში საქართველოში კვლავ იგეგმება CELA-ს წევრების შეკრება.
შეიძლება ითქვას, რომ CELA ის ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ წარმატებას თითოეული ინდივიდის წარმატებით განსაზღვრავს.
ნათია: „ორგანიზაციის წევრების წარმატება გადამდებია. როდესაც CELA-ს ერთი წევრი აღწევს წარმატებას, შენც გიჩნდება სურვილი, გააკეთო რაღაც ფასეული, ინოვაციური. მუხტი იწვევს მუხტს, შემდეგ ახალ მუხტს და ასე უსასრულოდ“.
ორგანიზაცია არაერთი ინდივიდისთვის ათვლის წერტილად იქცა, ასე იყო ნათია ზედგინიძის შემთხვევაშიც. მან სწორედ CELA-ს პროგრამიდან დაიწყო მოგზაურობა დიდი წარმატებისკენ მიმავალ თავგადასავალში.