Zoom-ს კონკურენტი ჰყავს – რა ჩაანაცვლებს მას?

Photo By Chris Montgomery

COVID-19-ის კრიზისის პერიოდში ვიდეოკონფერენციებისათვის განკუთვნილი პლატფორმები ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი – Zoom. როგორც ჩანს, მას ნელ-ნელა ძლიერი კონკურენტებიც გამოუჩნდნენ. გასულ კვირას ერთ-ერთი Facebook აღმოჩნდა (ვიდეოზარში ადამიანების რაოდენობის გაზრდის გამო), ამჯერად კი – Google.

მისი პლატფორმა, სახელწოდებით Google Meet ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი სრულყოფილად გამოყენება მხოლოდ კომპანიასთან თანამშრომლობაში არსებული ბიზნესებისათვის იყო შესაძლებელი. ახლა კი თითოეულ „მასპინძელს“ (host) უფლება აქვს, 100-მდე ადამიანი ჩართოს ზარში.

როგორც უკვე ვახსენეთ, Facebook-შიც ცვლილებებია დაგეგმილი – აქამდე თუ ვიდეოზარში ლიმიტი 8 მონაწილე იყო, ახლა ეს რაოდენობა 50-მდე გაიზარდა და, რაც მთავარია, Google Meet-ის მსგავსად, ამ სერვისით სარგებლობა უფასოა.

ამჟამად Zoom-ს 300 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით, რაც Google Meet – ის მომხმარებლებზე 3-ჯერ მეტია. მაგრამ სხვა კომპანიების მიერ დაანონსებული ცვლილებების გამო, შესაძლოა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ნებისმიერი, ვისაც Google-ის ანგარიში აქვს, Meet-ს უფასოდ გამოიყენებს. პლატფორმას არ სჭირდება desktop-აპლიკაცია, არის ვებგვერდზე დაფუძნებული და ხელმისაწვდომია მობილურისათვის განკუთვნილი ვერსიებიც.