მსოფლიო ბანკი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 6%-ით შემცირდება

მსოფლიო ბანკი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიას ავრცელებს.

,,მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა, 2020 წელს 6%-ით შემცირდება, რაც ასახავს COVID-19-ის გავრცელების დასაწყისში დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს გადაადგილებაზე, სამსახურების დაკარგვასა და შეზღუდვებს საერთაშორისო ტურიზმზე, რომელიც პანდემიამდე მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენდა. ასევე მწვავე იქნება ზემოქმედება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე – მიმდინარე წელს 160 ათასი ქართველი, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 ათას ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს’’, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ტურიზმის აღდგენასა და პანდემიასთან დაკავშირებული შოკების გაფანტვასთან ერთად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4%-ს მიაღწევს.

,,პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე გავლენის შესამსუბუქებლად საქართველოს ძალისხმევა მტკიცე იყო, თუმცა სიღარიბის მოსალოდნელი ზრდის პრობლემის მოსაგვარებლად, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია’’, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა, სებასტიან მოლინეუსმა . 

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით  მიიღოს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.