ხატია ღოღობერიძე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა

ხატია ღოღობერიძე 2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა.

ხატია ონლაინ-გამოცემის „ტაბულას“ ჟურნალისტია. მის მიერ მომზადებული მასალები ძირითადად ქალთა უფლებებს ეხება, მათ შორის ყველაზე უფრო კონტროვერსიულ საკითხებს.

ხატიას მიერ გაწეული შრომა პოზიტიურად აისახება ქალთა მოძრაობაზე, ახდენს მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზებას და, ამავდროულად, ინდივიდუალურად აძლიერებს ქალებს. ის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და ყოველთვის ეთიკური ნორმების დაცვით მუშაობს სენსიტიურ თემებზე.

2018 წელს ხატია სექსუალური შევიწროვების ფაქტებს აშუქებდა. ამ მიმართულებით მისმა და სხვა ქალი უფლებადამცველების აქტიურობამ ქალთა მოძრაობის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ხატიას სტატიები ყოველთვის სავსეა ადამიანური ისტორიებით და ქალების პერსპექტივით. ხატიას ბოლოდროინდელი სტატიები შეეხებოდა აბორტის სტიგმის შემცირებას და სექსუალურ ძალადობას, მათ შორის არასრულწლოვანებზე.

წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე წარდგენილი იყო 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.