2030 წლისთვის მილანში 3 მილიონი ხე დაირგვება

ჰაერის დაბინძურებისა და ნეოკლასიკური სტილის შენობებისგან ნაცრისფრად შეფერილი მილანი 2030 წლისთვის სამი მილიონი ხით გამწვანდება. ალპებთან სიახლოვის გამო, მილანს ჰაერის ცირკულაციის სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან ქალაქში ქარი ძალიან იშვიათად და სუსტად ქრის.

ოფიციალური პირების ვარაუდით, დარგული ხეები 5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავენ, რაც მილანის მიერ გამოყოფილი დაბინძურების 80%-ია. ასევე, პროგნოზის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში ჰაერში არსებული სიცოცხლისათვის საზიანო ნივთიერებები სამი ათასი ტონით უნდა შემცირდეს.

პროექტის მიხედვით, ძველი სარკინიგზო ქსელი შვიდ პარკად უნდა გარდაიქმნას, რომლებშიც ყოველწლიურად 25 ათასი ახალი ხე დაირგვება. ასევე, გამწვანდება კორპუსების სახურავები და სკოლის ეზოები.

დღესდღეობით, მწვანე საფარს მილანის ურბანული ნაწილის მხოლოდ 7% უკავია, რაც სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით დაბალია. მაგალითისთვის, ოსლოში იგივე მაჩვენებელი 28.8% უდრის, ფრანკფურტში 21.5%-ს, ხოლო ჟენევაში 21.4%-ს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.