ხანგრძლივი ჩაკეტილობის შემდეგ ფლორიდაში Walt Disney World Resort გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ მძიმეა, კურორტის ადმინისტრაციამ მაინც მიიღო გახსნის გადაწყვეტილება. ტერიტორიის ნაწილები, Magic Kingdom და Animal Kingdom, გასულ შაბათს გაიხსნა. Epcot და დისნეის ჰოლივუდური სტუდიები კი 15 ივლისიდან გაიხსნება.
ტერიტორიაზე გამკაცრებულია ვიზიტორთა მიმართ არსებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. ყველა სტუმარს აუცილებლად უნდა ეკეთოს დამცავი ნიღაბი და დაემორჩილოს მათივე უსაფრთხოებისთვის წინასწარ მიღებულ ზომებს.
საინტერესოა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, გახსნის დღესვე ასობით დამსვენებელი ესტუმრა კურორტს. კურორტთან ერთად დისნეიმ აზიის ოთხი პარკი და ორლანდოში არსებული გარე სავაჭრო ცენტრი – Disney Springs-იც გახსნა.
შეგახსენებთ, რომ დისნეიმ კურორტის დახურვის გადაწყვეტილება მარტში, ამერიკაში Covid-19-ის აფეთქების შემდეგ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი ნიუ-იორკსა და კალიფორნიაზე მოდიოდა, დღეს ფლორიდა ახალ ეპიცენტრად იქცა და ყოველდღიურად იზრდება შემთხვევების რაოდენობა. უშუალოდ იმ ოლქში, სადაც კურორტი მდებარეობს, ვირუსის 16 630 შემთხვევაა დაფიქსირებული.