ქართველი თანამედროვე ხელოვანის, ე.წ. 80-იანელთა თაობის უმნიშვნელოვანესი ფიგურის, კონცეპტუალური ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, თემო ჯავახის (ჯავახიშვილის), 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია რიჩარტ ვიზუალი/ReachArt Visual ონლაინ პროექტს წარადგენს.
გამოფენა 70+127…უკან მომავლისკენ მოიცავს თემო ჯავახის შემოქმედების რეტროსპექტულ ჩვენებას ახალგაზრდა ხელოვანებთან თანამშრომლობით. პროექტში თემო ჯავახის მოწვევით მონაწილეობენ ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მიშიკო სულაკაური, ალექსანდრე ვარვარიძე, არჩილ თაბაგარი. გამოფენის კონცეფცია თემო ჯავახის სუბიექტური ხედვის საფუძველზე აერთიანებს თაობათა შორის დიალოგის ექსპერიმენტულ მცდელობას. განსხვავებული პრაქტიკების ჩვენებით პროექტი ხელოვანს, როგორც მოაზროვნეს, ესთეტიკის მრავალმხრივი პრიზმიდან განიხილავს და ამასთანავე, მონაწილეთა ინდივიდუალურ ხედვებს, სუბიექტურ ესთეტიკას წარმოადგენს.
„70+127…უკან მომავლისკენ“ გამოფენის კონცეფცია ხელოვნების დროითი აღქმის ცვალებადობას აანალიზებს და პერსონალურ არტისტულ გამოცდილებებს ვირტუალურ სივრცეში შეკავშირებით წარმოაჩენს. ცალკეული ხელოვანის გამოცდილება, პირადი ისტორია და პირადი შემოქმედებითი გზა ფართო მნიშვნელობას იძენს და ხელოვნების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე გვაფიქრებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი ონლაინ ფორმატით ხორციელდება შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და განთავსებულია რიჩარტ ვიზუალის ვებ-გვერდზე www.reachartvisual.com.