აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 26 მარტს სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია ADB-ის საქართველოსთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

„ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ. ADB მზად არის იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით, კერძო სექტორის დასახმარებლად,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მასაცუგუ ასაკავას ოპერატიულობისთვის, გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას.

ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

2020 წლის 18 მარტს, ADB-მა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.