13 ივლისიდან თბილისიდან პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვები იხსნება

photo – Daniel De Ciantis

საქართველოს მთავრობის მიერ 10 ივლისს მიღებული დადგენილებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებზე პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან შეზღუდვები იხსნება, თუმცა რეისები აღდგება მაშინ, როცა ავიაკოპანიებთან კონსულტაციები დასრულდება.

დადგენილების თანახმად, ცვლილებები, ასევე, შევიდა 23 მაისს მიღებულ “იზოლაციისა და კარანტინის წესებში”. 13 ივლისიდან შეზღუდვები აღარ ვრცელდება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და ქვემოთ ჩამოთვლილ აეროპორტებს შორის:

პარიზი ( ICAO-ს კოდი LFPG)

მიუნხენი (ICAO–ს კოდი EDDM)

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)

10 ივლისის დადგენილების მიხედვით, გადაწყვეტილება ფრენების სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალირად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. დადგენილება ძალაში მიღებისთანავე შედის.