Amazon-მა თანამშრომლებს მოუწოდა, წაშალონ TikTok-ის აპლიკაცია | რატომ?

10 ივნისს Amazon-მა ელ-ფოსტის საშუალებით თანამშრომლებს მოუწოდა, წაეშალათ TikTok-ის აპლიკაცია იმ მობილური მოწყობილობებიდან, რომელთაც კომპანიის ელექტრონულ წერილებთან აქვს წვდომა.

კომპანიამ მიზეზად უსაფრთხოების რისკები დაასახელა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი, TikTok–ის მეშვეობით, iOS-ის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

თუმცა მოგვიანებით ამაზონმა განაცხადა, რომ ელექტრონული წერილი თანამშრომლებს შეცდომით გაეგზავნა და მათი უსაფრთოების პოლიტიკაში TikTok-თან მიმართებით არავითარი ცვლილება არ იგეგმება.

თავად TikTok უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და Amazon-თან კომუნიკაციის თაობაზე მზაობას აცხადებს, რათა პრობლემური საკითხების შესახებ მის შეხედულებებს გაეცნოს.

ექსპერტების აზრით, TikTok იმავე სახის ინფორმაციას აგროვებს, რასაც Facebook და იმაზე ნაკლებს, ვიდრე – Google.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისის ბოლოს ინდოეთში TikTok და 58 სხვა ჩინური აპლიკაცია აიკრძალა, რაც საგრძნობლად შეასუსტებს კომპანიის ზრდას. პროგრამის 2 მილიარდ მომხმარებელს შორის 30% ინდოეთის მოქალაქეა.

TikTok-ის აკრძალვას განიხილავს აშშ-ის მთავრობაც. თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, არმიის წევრებმა კორპორატიული სმარტფონებიდან პროგრამა უკვე წაშალეს.