APA: როგორ შეუძლიათ ლიდერებს გაზარდონ ნდობა და შეამცირონ სტრესი COVID-19 პანდემიის დროს

COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე უამრავი ადამიანი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა. რადიკალური ცვლილებები გარემოში, ჩვენს პოზიციებსა თუ შესაძლებლობებში, დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროებს ძლიერ, მშვიდ და სანდო ლიდერს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ფსიქოლოგობი საუბრობენ იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია მსგავსი ეპიდემიების დროს გვერდით კარგი ლიდერის ყოლა. იმისთვის, რომ ლიდერებმა პანდემიის შედეგად მიყენებული სტრესი შეამცირონ, გაზარდონ ნდობა და გააუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობს:

მართეთ სტრესი

ხალხისთვის ლიდერი არის მიზანდასახული პიროვნება, რომელიც ნებისმიერი კრიზისის ფონზეც კი ახერხებს გადაწყვეტილებების მშვიდად მიღებას. ლიდერები, რომლებიც სტრესულ მოვლენებზე ემოციურად რეაგირებენ, სხვებში სტრესსა და შფოთვას აორმაგებენ. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ ლიდერმა საკუთარი სტრესი კი არ უგულებელყოს, არამედ შეისწავლოს ის ბოლომდე, გაიგოს რა იწვევს მის ემოციურ დაძაბულობას და ისწავლოს მისი მართვა. 

გააზიარეთ ინფორმაცია თანაგრძნობითა და ოპტიმიზმით

კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია ლიდერებმა ყურადღება მიაქციონ გაურკვევლობასა და დაძაბულობას, რომელსაც მის ირგვლივ მყოფები განიცდიან. ეს განსაკუთრებით მაშინაა აუცილებელი, როცა ისინი აზიარებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანში სტრესს გაზრდის. მაგალითად, ბიზნესის დახურვა ან სამუშაო საათების შემცირება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მათ სჭირდებათ ისეთი ლიდერი, რომელიც იმედს დაუსახავს მომავლისთვის. 

გაამყარეთ ნდობა

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია ამბობს, რომ კარგი ლიდერი სანდოობის მოპოვებას მაშინ ახერხებს, როცა, ის შექმნილ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს, ანუ ხედავს რისკებს და ფიქრობს შედეგებზე. ნდობის ფაქტორი კიდევ უფრო მყარდება, თუ ლიდერი ყოველთვის აღიარებს, რომ მას არა აქვს ყველა კითხვაზე პასუხი, თუმცა ცდილობს მათ მიღებას სხვებისგან.

იყავით გულწრფელები

ეფექტური ლიდერები არ მალავენ ცუდ ახალ ამბებს. მართალია, აუცლებელია სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა არა ტყუილების ფონზე. კარგი ლიდერი უნდა იყოს პირდაპირი. მას უნდა შეეძლოს, რეალობას თვალი გაუსწოროს და სხვებსაც მიაწოდოს ეს რეალობა ნათლად და შეულამაზებლად.

იქონიეთ რეგულარული კომუნიკაციები

კარგი ლიდერები აყალიბებენ საკომუნიკაციო რუტინას, რომელიც სიმშვიდეს უნარჩუნებს თანამშრომლებსა და აიმედებს მათ. თუ კომუნიკაცია წყდება, ადამიანი ყველაზე საშინელს წარმოიდგენს და სტრესული სიტუაციებიც იმატებს. 

მიეცით მაგალითი

როცა ყველაფერი ქაოტურია, ხშირად არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და რადიკალურ ცვლილელებს როგორ შევეგუოთ. მსგავს სიტუაციაში, ყველაზე დიდ მაგალითს ადამიანები სწორედ მათი ლიდერებისგან იღებენ. ისინი ლიდერის ქცევას სამაგლითოდ აღიქვამენ და ჰბაძავენ მას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ სწორი მაგალითი მივცეთ ყველას, დავიცვათ სოციალური დისტანციის წესები და ა.შ