ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე“ მიმოხილვა

2020 წლის 20 მაისიდან COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად, საქართველოს მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“ შეიმუშავა. პროგრამა გულისხმობს 200 000-მდე ფერმერის დახმარებას ჯამში 37 000 000 ლარით.

ზემოაღნიშნული დახმარება მოიცავს ფერმერებისთვის „აგრო ბარათების“ გადაცემას, რომელზეც დარიცხულია გარკვეული რაოდენობის ქულა. კერძოდ, 0.025 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი მაღალმთიან დასახლებებში მიიღებს ბარათს 50 ქულით, 1 ჰა-ზე – 200 ქულით, ხოლო 10 ჰა-ზე – 2000 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ბარის რეგიონისათვის განკუთვნილია 150 ქულა, ნაცვლად 200-სა და 1500 ქულა, ნაცვლად 2000-სა. ქულების გამოყენება შესაძლებელია ლიცენზირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონლის სპეციალიზირებულ მაღაზიებში,  იხ. ჩამონათვალი (1 ქულა = 1 ლარი). ბარათის გადამოწმება ხდება ვებ გვერდზე myliberty.ge რომელიც 11 ივნისს განახლდება.

პროგრამა, ასევე, გულისხმობს სამელიორაციო მომსახურების დავალიანების ჩამოწერას (წარმოქმნილი 2012-2019 წლებში) და სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას – თვეში 75 ლარი 1 ჰა-ზე.

ამასთან, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, აიღონ შეღავათიანი აგრო კრედიტი (5000-100000 ლარის ფარგლებში) და შეიძინონ აგროდიზელი სპეციალურ ფასად.

მართალია, პროგრამა „ზრუნვა სოფელზე“ ნაწილობრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ, ISETის კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, მოცემულ ანტიკრიზისულ გეგმას რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს:

2013-2015 წლებში მსგავსი ტიპის სუბსიდირებას მნიშვნელოვნად არ გაუზრდია წარმოება აგროკულტურის სფეროში, რაც ახლანდელი პროგრამის წარუმატებლობის ეჭვის საფუძველს იძლევა.

მოყვანილი პროდუქტის შესანახი ადგილების უკმარისობის გათვალისწინება გადაჭრიდა უზარმაზარ პრობლემას, რამეთუ არასაკმარისი ადგილები ფერმერებს მოყვანილი პროდუქტის გადაყრას აიძულებს. ამასთან, ქართველი ფერმერების ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ს აწუხებს მოსავლის  რეალიზაციის საკითხი, იმდენად, რამდენადაც მათ მთავარ მომხმარებლებს სასტუმროს ქსელები, კაფე-ბარები და რესტორნები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. მსგავსი ტიპის ლოჯისტიკური პრობლემები არ არის განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში.

პროგრამა არ ფარავს ყინვის შედეგად გამოწვეულ ზარალს, ერთ-ერთ უპირველეს რისკს და არც მეცხოველეობის სფეროში წარმოქმნილ ზარალს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის გათვალისწინებით კი, აგროდიზელზე გამოყოფილი თანხის სხვაგვარი გამოყენება უფრო გონივრული იქნებოდა.

საბოლოოდ, პროგრამის წარმატებისათვის აუცილებელია სამომხმარებლო მეურნეობის გარჩევა კომერციულისგან, რათა გამოირიცხოს სუბსიდიის არაკეთილსინდისიერი გამოყენება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.