Eurostat: ევროპაში მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული ვარდნა დაფიქსირდა

ევროპის სტატისტიკურმა სამსახურმა მშპ-ის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. ევროსტატზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველ მეოთხედში ეკონომიკა ევროკავშირში 3.2%-ით, ხოლო ევროზონაში 3.6%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მშპ-ს ზრდის ტემპის შენელება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციამდე დაიწყო. გასული წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირისა და ევროზონის მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მხოლოდ 0.1%-ით განისაზღვრა.

პირველ სამ თვეში მშპ-ს ვარდნის ისტორიული მაჩვენებელი პანდემიის პირობებში გამოწვეულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებით ძირითადი დარტყმა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს. პირველ კვარტალში საფრანგეთსა და იტალიაში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%-ით, ხოლო ესპანეთში 5.2%-ით შემცირდა.

COVID-19-ის გავრცელების მიუხედავად,  მშპ-ის მზარდი ტემპი პირველ მეოთხედში ირლანდიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და შვედეთმა შეინარჩუნეს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიაში დაფიქსირდა (+1.2%), რაც ფარმაცევტული პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტით აიხსნება.

Image Credits to Eurostat

ევროკავშირისგან განსხვავებით,  2020 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, მხოლოდ 1.3%-ით შემცირდა შეერთებულ შტატებში, რაც 2019 წლის იმავე კვარტლის მონაცემებზე 0.3%-ით მაღალია.

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირის ქვეყნებმა 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი უკვე დაამტკიცეს, რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდა. ეკონომიკური სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, ევროკომისია დამატებით 750-მილიარდიანი  ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გამოყოფილი თანხიდან 500 მილიარდი გრანტების, 250 მილიარდი კი სესხის სახით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილდება.