თამარ არჩუაძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დღეიდან თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს. საზოგადოებას არჩუაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარუდგინა.

„მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე – ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალი, რომელიც დარგს კარგად იცნობს… ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს“ –  განაცხადა თურნავამ.

© სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

თამარ არჩუაძე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა 2014 წლიდან. განათლებაც აღნიშნული მიმართულებით მიიღო – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 2002 წელს დაასრულა. არჩუაძის კარიერა საავიაციო სფეროში 2005 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის სამმართველოში, „საქაერონავიგაციასა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.