ვარსკვლავები – ფრაგმენტებად
კრისტალები – სკულპტურებად

უნდა აიღო ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი ნატეხი და ჩადო მათში „შენი მე,“ ინსპირაცია, რომლითაც თავად ხარ აწყობილი.

ასეთ დროს დიდი შანსია დავიწყებული მოგონებები ახალთახალ საჩუქრებად გარდაიქმნას, ხოლო ოცნებები ‒ ბიზნესად.

„კერამიკული სტუდია 1300-იც“ ასე შეიქმნა, თან ძალიან გულუბრყვილო, მაგრამ უტეხი რწმენით, ორი მეგობრის, ტასო გომელაურისა და ირინა ჯიბუტის (ჯიბუ) იდეები სწორედ 1300 გრადუს ცელსიუსზე, კერამიკის ღუმელის მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაცოცხლდა და ნივთების, ჭურჭლის, არტ-ობიექტების, სკულპტურებისა და პერფორმანსების დაუსრულებელი ოკეანე გამოვიდა.

„1300-ის“ თითოეული ნივთი უნიკალური ემოციით გამოირჩევა. ხილის ვაზებს, თეფშებს, ფინჯნებს და მაგნიტებს განზრახ ფორმადარღვეული, ფაქიზი სტრუქტურა აქვთ, როგორც კოსმოსური ნანგრევების გადმონაშთებს, რომლებსაც ფაბრიკაში გასეირნებისას ადვილად მიაგნებ, შეიყვარებ და მათში უკვე შენს დავიწყებულ მოგონებებს გააცოცხლებ.

როგორ აღმოჩნდით კერამიკის ამ ზღაპრულ სამყაროში?

ჯიბუ: პროფესიით, მეც და ტასოც კერამიკოსები ვართ, რამდენიმე წლის წინ ერთად ვმუშაობდით პროექტზე; იმაზე დიდი დრო გავატარეთ ერთად, ვიდრე წარმოგვედგინა და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ორივეს გვინდოდა გვქონოდა სამუშაო სივრცე, სადაც ექპერიმენტებს ჩავატარებდით; კერამიკაზე მუშაობა ისედაც 24 საათიან ფიქრს მოითხოვს, ამიტომ აღარ გადავდეთ და მალევე დავიწყეთ ამ სივრცის მოძიება.

ტასო: ჰო, ჩვენ არ დაველოდეთ არაფერს, ხშირად, როგორც წესი, არის ხოლმე იდეა, მაგრამ იწელება ეს პროცესი და საბოლოოდ ვერ ცოცხლდება. ჩვენ პირიქით, ძალიან მალე ავასრულეთ ის, რაც ორივეს ცალ-ცალკე დიდი ხნის მანძილზე გვინდოდა. თავიდან შეკვეთების აღებაზე არც ვფიქრობდით, უბრალოდ, გვინდოდა, რომ ჩვენი სამუშაო სივრცე გვქონოდა, სადაც კომფორტულად ვიმუშავებდით, ახალ რაღაცებს შევქმნიდით…

ჯიბუ: კონკრეტულ მიმართულებაზე თავიდან არც გვიფიქრია, ვიცოდით, რომ თიხაზე ვიყავით შეყვარებულები ‒ თვითონ მუშაობის პროცესზე, ვენდეთ ამ შინაგან ხმას და ეგრეც გამოვიდა, რასაც დღეს ვაკეთებთ, ყველაფერი თავისით მოხდა.

ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი კი არა, თვითონ კერამიკის დამსახურებაა. ეგაა ისეთი რაღაც, რითაც შეგიძლია გამოხატო შენი თავი. მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, მთავარია, შენ აღმოაჩინო რომელია აქედან შენი.

ტასო: ჩვენი მიზანი იყო, რომ ტექნიკურად დავხვეწილიყავით და რაც არ გვასწავლეს სწავლის დროს, ის უკვე ჩვენით გვესწავლა, ბევრი ცდა ჩაგვეტარებინა.

რამეს რომ გავაკეთებდით, უბრალოდ ფოტოს ვუღებდით, სოციალურ ქსელებში ვანთავსებდით და ასე, ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს მოსწონს ჩვენი პროდუქცია.

ტექნიკის, დიზაინისა და ესთეტიკის შერწყმის განსაკუთრებული სტილი გაქვთ. ნებისმიერ თქვენს ნამუშევარს როგორც ხელწერით, ისე დამუშავების ძალიან დახვეწილი ფორმით ამოვიცნობთ. გაგვიმხელთ ამ საიდუმლოს?

ჯიბუ: კი, ეს თავდაუზოგავი შრომაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ რაშიც 100%-ით დებ საკუთარ თავს, ის საქმე მართლა გამოდის. ეს პირველი ინგრედიენტია, შემდეგი კი ისაა, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის დიდ მასაზე გათვლილი. ანუ, ჩვენი ყველა ნამუშევარი არის თან ცოტა ობიექტი, ცოტა სკულპტურა. ჭიქასაც ზუსტად ისე ვუყურებთ და აღვიქვამთ, როგორც ნებისმიერ სხვა არტ-ობიექტს. ემოციებისა და სიმბოლოების მატარებლები თუ არ იქნებიან ისინი, ვერც სხვა ადამიანებს გააოცებენ და შეაყვარებენ თავს. ჩვენ ასე ვფიქრობთ. მასობრივი პროდუქტის წარმოებისას, ხშირად ასეთი ხედვა არ აქვთ ხოლმე, თუმცა ჩვენი მუშაობის სტილი ძალიან ბევრ ფიქრს მოიცავს არა იმაზე, თუ რა გაიყიდება, არამედ იმაზე, თუ რითი გამოვხატოთ საკუთარი თავი.

ტასო: ნამდვილად ასეა ყველაფერი. მე მოკლედ ვიტყვი ‒ ჩვენ ნებისმიერ პროდუქტზე ვფიქრობთ და შემდეგ ვმუშაობთ ისე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე და არა გასაყიდ ჭურჭელზე ან ვაზაზე. ალბათ ეს იმის დამსახურებაა, რომ ხელოვანები ვართ და, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, გვაქვს ასეთი მიდგომა.

ახლა აღნიშნეთ, რომ მასაზე გათვლილ პროდუქციას არ ქმნით, მაგრამ თქვენმა განსხვავებულმა სტილმა დადებითი გავლენა მოახდინა თქვენს სტუდიოზე, როგორც ბიზნესზე. რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს?

ტასო: თავიდანვე გვინდოდა და ახლაც გვინდა, რომ უფრო სახელოსნო ვიყოთ, ვიდრე წარმოება. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ რასაც ჩვენი ინტუიციითა და ხედვით ვაკეთებთ, კარგად იყიდება, ამიტომ თითქოს ბუნებრივად მიდის ეს პროცესი.

ჯიბუ: ჰარმონიაა ჩვენთან, ერთმანეთშიც და ჩვენს თანამშრომლებშიც. მგონია, რომ ეს ძალიან გვეხმარება. გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს, დისონანსი არ გვქონია არც საქმეში და არც ურთიერთობაში.

ტასო: ბიზნესის წარმატებაზე და გაყიდვებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდიოს ლოკაციაც გვიწყობს ხელს. ფაბრიკაში ყოველდღიურად ძალიან ბევრი სტუმარი მოდის, უცხოელიც, ქართველიც და მათი დადებითი დამოკიდებულება გადამდებია ‒ ჩვენც მოტივაციით ვივსებით.

თან, განსხვავებულის კეთების სურვილი, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს. კარგია სიახლეები, უბრალოდ ზოგი ან ვერ ბედავს ამას, ან შეიძლება ვერ მოერგოს საკუთარ თავს და არჩევანს. რაც შეგვეხება ჩვენ, ის რომ ვცდილობთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ, აისახება ჩვენს გაყიდვებზეც.

რა არის თქვენი უპირატესობა თქვენს კონკურენტებთან?

ჯიბუ: ჩვენთვის არ არსებობენ კონკურენტები. მთელ ამ პროცესს ცოტა სხვანაირად ვუყურებთ, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს. ყოველდღე გვინდა, რომ რაღაც ახალი ვისწავლოთ, ოღონდ თან ისე, რომ ეს ცოდნა სხვასაც გავუზიაროთ.

ზოგადად, კონკურენცია ძალიან კარგია, მაგრამ ჯანსაღი უნდა იყოს. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ბევრ ადამიანს გავუკვალეთ გზა. სულ ვყვებით, აქამდე როგორ მოვედით, რა გამოვიარეთ. გამორჩეული არა მხოლოდ პროდუქციით, არამედ სხვებთან დამოკიდებულებითაც უნდა იყო, მაშინ ყალიბდება ბრენდი როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, მაშინ იძენს ის იმ თვისებებს, რაც განვითარების საწინდარია.

ტასო: ძალიან ცოტანი ვართ კერამიკოსები, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ ვორქშოპებით, რასაც ჩვენ თვითონვე ვატარებთ, აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები და ვისაც სურვილი ექნება, მივცეთ საშუალება საფუძვლიანად შეისწავლონ კერამიკის სხვადასხვა მიმართულებები. ამ ვორქშოპებს სისტემატური სახე ჯერ მხოლოდ თბილისში აქვთ, მაგრამ რამდენიმე გასვლა გვქონდა თუშეთშიც ‒ არტ რეზიდენციაში, სადაც გავაკეთეთ კერამიკის გამოფენა და კერამიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის შევქმენით სპეციალური სამუშაო სივრცე.

სამომავლოდ გვინდა, რომ უფრო პროფესიონალური სახე მივცეთ ჩვენს ვორქშოპებს და უფრო მასშტაბური გავხადოთ, საგანმანათლებლო მიმართულებები ავითვისოთ, ზოგადად, კერამიკის დარგს შევმატოთ ბევრი სიახლე.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, რომ სხვადასხვა თანამედროვე სტუდიებმა თუ არტ-გალერეებმა თქვენსავით აიღონ პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო მიმართულებებზე და თავიანთი ხედვები შედარებით ფართომასშტაბიან აუდიტორიებს გაუზიარონ?

ტასო: ძალიან ბევრი წლის განმავლობაში კერამიკა ჩაკეტილი სფერო იყო. ახლა, ნელ-ნელა იცვლება ეს ყველაფერი, თან ტრენდული გახდა კერამიკის მიმართულება და ამან გამოიწვია ის, რომ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ დარგით. ამიტომაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და თან ძალიან საჭიროა, რომ არსებული სტერეოტიპების დანგრევაზე ვიმუშაოთ, როგორც მე და ჯიბუმ დავიწყეთ 0-დან, ისე სხვამაც სცადოს და დაიწყოს. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ამაზე ინფორმაცია და მეტი მოინდომებს, ალბათ ეს ტრადიციებთან დაკავშირებული ხედვებიც ნელ-ნელა თანამედროვეობას შეხვდება. ჩვენ კი, მეტი სილაღის და სილამაზის მომსწრენი გავხდებით.

თქვენი სტუდია თანამშრომლობს ადგილობრივ მხატვრებთან, მომიყევით რამდენიმე მათგანზე.

ტასო: ჩვენ ვქმნით თიხისგან ნამუშევრებს და შემდეგ მხატვრები თავის ხელით ხატავენ მათზე. ჩვენი პროექტები მოიცავს კოლაბორაციებს ანკა ბოჭორიშვილთან, ქეთი ჯანანაშვილთან, თითიშკასთან. ამას გარდა, თუკი მხატვრებს სურვილი აქვთ ხოლმე ჩვენს მასალაში იმუშაონ, ვთავაზობთ ტექნიკურ დახმარებასაც ‒ ამის მაგალითია, პროექტები უტა ბექაიასთან, ნინო ჩუბინიშვილთან…

რაც მთავარია, გვინდა, რომ უფრო სისტემატური სახე მივცეთ ამ კოლაბორაციებს.

რას ფიქრობთ, რაშია ქალების ძალა?

ტასო: ის რომ ქალები ვართ. კი, ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ ხოლმე ჩვენში, ფიქრობენ, რომ რაღაც არ შეგვიძლია ან არ გამოგვივა, მაგრამ ქალები ძალიან ძლიერები ვართ და ჩვენი ძალა ზუსტად იმაშია, რომ ამას საქმით ვამტკიცებთ.

რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ თქვენგან?

ჯიბუ: სამომავლო გეგმები დიდია ‒ დაახლოებით ორ თვეში გვექნება ახალი დიდი სახელოსნო, აქ, ეს ყველაფერი დარჩება, უფრო მაღაზიის სახით, მთელი დატვირთვა და მუშობა კი ამ ახალ სახელოსნოზე წავა, ბევრი დანადგარებითა და ახალი მასალებით. ახალი
ენერგიით.

ტასო: ორ ნაწილად ვიყოფით: გამოყენებითი და არაგამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით; ვიმუშავებთ კურატორებთან და მხატვრებთან. და, რაც ყველაზე მთავარია, ‒ ეს ბოლოსთვის შემოვინახეთ ‒ თანამედროვე ქანდაკებების გალერეა არ არსებობს დღეს ჩვენს სივრცეში. აი, პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ ‒ ჩვენ სამომავლო გეგმებში, ზუსტად, ამის შექმნა შედის.

 

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Comments are closed