21-ე საუკუნეში სიმსივნე რომ ყოველთვის განაჩენი არ არის, ამას მეცნიერება და რეალური მაგალითები ამტკიცებს. საქსტატი ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის ავადობას დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით პირველად დადგენილი დიაგნოზით. ოფიციალურ სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ სიმსივნეები დაავადებებს შორის მეორე პოზიციას იკავებს და ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებით 9.7 ათასს შეადგენს. ონკოლოგი ეკატერინე არქანია გვეუბნება, რომ როცა საქმე სიმსივნეს ეხება განსაკუთრებულ მნიშვნელობას დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა იძენს, ანუ აუცილებელია პაციენტებმა შიში დაძლიონ და ონკოლოგს დროულად მიაკითხონ.
უკვე 19 წელი გავიდა, რაც ეკა არქანია ონკოლოგიურ პაციენტებთან ერთად იბრძვის, იბრძვის და სჯერა, რომ მედიცინა დიდ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს არის. ეკა 2021 წლიდან კლინიკა „ჰელსიკორში“ ონკოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მანამდე იყო „ნიუ ჰოსპიტალი“, ონკოლოგიის ინსტიტუტი და სხვა. თუმცა, სამედიცინო სფეროში ეკატერინე არქანიამ პირველი ნაბიჯები ლაბორატორიაში „ენმედიცი“ გადადგა, მაშინ, როცა უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ დაამთავრა.
„პირველ ეტაპზე ჟურნალისტობა მინდოდა, თუმცა, როცა სკოლა დავამთავრე საქართველოში რთული პერიოდი იდგა, მამამ ჩათვალა, რომ შექმნილ რეალობაში ჟურნალისტობა ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. ბაბუის დიდი სურვილი იყო ექიმი გავმხდარიყავი, გარემო პირობების გათვალისწინებით, საბოლოოდ სამედიცინო სფერო ავირჩიე. შემდეგ იყო ფიქრი იმის თაობაზე, მედიცინის რომელი განხრით წავსულიყავი, ვფიქრობდი კარდიოლოგიაზე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ისეთ ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ონკოლოგიურ და მორფოლოგიურ კვლევებს ატარებდნენ. სწორედ იქ მიღებულმა გამოცდილებამ გამოიწვია ონკოლოგიის მიმართ ჩემი ინტერესი“.
ეკა გვეუბნება, რომ წლების გამოცდილება არაფერს ცვლის – სტრესს, რომელიც ამ ონკოლოგიურ მიმართულებას ახასიათებს ვერ შეეჩვევი, მერე რა რომ უკვე მკურნალობის ბევრი ახალი და თანამედროვე მეთოდი არსებობს?!
„ეს დაავადება უკვე აღარ არის განაჩენი. მიუხედავად ამისა, როცა პაციენტი მოდის, რომელსაც მაგალითად, ქიმიოთერაპია სჭირდება, ეს ემოციურად რთულია, რადგან საქართველოში ამ მხრივ სტერეოტიპები ჯერ ისევ არსებობს. როცა ჩემთან პაციენტი შორს წასული ფორმებით მოდის, მე მას იმედი უნდა მივცე, მკურნალობა დავნიშნო, ერთად უნდა გავიაროთ გზა, რომელსაც დიდი განსაცდელის გზას ვუწოდებდი. ეს პროფესია ემოციურად მძიმეა, მთელი დღის განმავლობაში ისმენ უარყოფითს და ზოგჯერ ფიქრობ, რომ შენი ტვინი ამდენს ვეღარ გაუძლებს, თუმცა შემდეგ ძალას მაინც პოულობ. ხშირად მეკითხებიან, თქვენ ალბათ უკვე მიეჩვიეთ, არა, ამას ვერ მიეჩვევი, როცა გყავს პაციენტი რთული დიაგნოზით, შეუძლებელია ამას ემოციების გარეშე შეხვდე“.
როცა შესაძლებლობა გაქვს, ინტერვიუ მედიცინის დოქტორთან ჩაწერო, ცხადია ინტერესდები, რა არის სიმსივნის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები.
„უმთავრესი სტრესია, შემდეგ ცხოვრების წესი, რომლითაც ვცხოვრობთ, კვების რაციონი, თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, არაზომიერი რუჯი, უფრო მოკლედ კი გარემო ფაქტორები, რომელშიც და რომლითაც ვცხოვრობთ“.
ეკას პროფესიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ონკოლოგიური პაციენტები სპეციალისტებთან ძირითადად შორს წასული ფორმებით მიდიან. ონკოლოგი გვეუბნება, რომ ამის მიზეზი ფინანსური სიდუხჭირე და დაავადების მიმართ არსებული დაუძლეველი შიშია. ამიტომაც ეკა არქანიას რჩევაა, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტი არ აჰყვეს შიშს და ექიმთან დროულად მივიდეს, ისევ მისივე სიცოცხლისთვის. ჯამში, საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით, ონკოლოგი გვეუბნება, რომ ექიმთან მისვლის კულტურა საქართველოში არსებობს, თუმცა ფინანსური მდგომარეობა არის ის, რაც პაციენტებს აფერხებს და ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება.
არადა, საქართველოში მოქმედებს სკრინინგ ცენტრები, თუმცა ეკა ამბობს, რომ ამ მიმართულებით აქტიურობაა საჭირო, რადგან ასეთი ცენტრები კონკრეტულ ასაკზეა გათვლილი.
როცა ფინანსურ საკითხს ვეხებით, ირკვევა, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ონკოლოგიური პაციენტები სამკურნალოდ ხშირად უცხოეთში მიდიან, რადგან საქართველოში მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ყოფნით. ეს მთავარი პრობლემაა, იმიტომ რომ ქვეყანაში ყველა ახალი მედიკამენტიც შემოდის, საქართველოს მაღალი დონის პროფესიონალებიც ჰყავს და დიაგნოსტირებაც უმაღლეს დონეზე ხდება.
„საყოველთაო დაზღვევის ლიმიტი იმდენად მცირეა, რომ რამდენიმე კურსში თანხა იწურება და შესაბამისად, პაციენტები მკურნალობის გარეშე რჩებიან, რადგან თანხები, რომელიც მედიკამენტებისთვის არის საჭირო თითქმის არავის აქვს. ამიტომაც ონკოლოგიური პაციენტები მიდიან საფრანგეთში, გერმანიაში, იმიტომ, რომ უფასო მკურნალობა მიიღონ. ეს ზოგს გამოსდის, ზოგს − არა. ცხადია, სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში წასვლა მარტივი არ არის. კიდევ ერთი, ონკოლოგიაში ე.წ. მეორე აზრის მნიშვნელობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. თურქეთის მოქალაქეც კი შეიძლება სხვა ქვეყანაში სხვა ექიმის მოსაზრების მოსასმენად წავიდეს. როცა პაციენტი სხვა ქვეყანაში ამ მიზნით მიდის, პირადად მე ამას ტრაგედიად არ აღვიქვამ, ეს მაშინაც კი, როცა ჩვენს კლინიკებშიც შეუძლიათ ზუსტი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიღებაც“.
ახლა ონკოლოგები, პაციენტები და სახელმწიფო ერთად ფიქრობენ, როგორ გაზარდონ არსებული ლიმიტები, იმისთვის, რომ ახალი ტიპის მკურნალობა პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომის გახდეს. ეკა გვეუბნება, რომ სახელმწიფოს ამის მზაობა აქვს, არსებობს იმედი, რომ ლიმიტის გაზრდა მალე შესაძლებელი გახდება.
ონკოლოგს ხშირად ფსიქოლოგის როლის მორგებაც უწევს. ეკა გვიხსნის, რომ პაციენტის ემოციური მხარდაჭერაც ხშირად მისი პასუხისმგებლობაა, რადგან ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალი ექიმის მიმართ დიდი ნდობა უჩნდებათ, ირკვევა, რომ არის შემთხვევები, როცა პაციენტმა ექიმს შესაძლოა ოჯახური მდგომარეობაც კი გაუზიაროს. ეკატერინე არქანია გვეუბნება, რომ ასეთი ხარისხის ნდობა ეხმარება მკურნალობის პროცესსაც, პაციენტს უნდა სჯეროდეს, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის და ექიმი დაავადებას მასთან ერთად ებრძვის.
უკვე ბევრი წელი გავიდა, თუმცა ეკას კარგად ახსოვს პირველი პაციენტი და ისიც, თუ როგორ გაახარა ბევრი წლის შემდეგ მისმა სატელეფონო ზარმა. ეკა ამბობს, რომ რთულია იმ სიხარულის გადმოცემა, როცა პაციენტი გირეკავს და გეუბნება, რომ კარგად არის.
„ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება ამ დაავადებაზე და ასეთი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში არც თუ ცოტაა. ონკოლოგიაში გამარჯვებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯერ ისევ ითვლება, რომ სიმსივნე დაუმარცხებელი დაავადებაა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ამ ომს ვიგებთ“.
ვცდილობთ, გავარკვიოთ რა სიახლეებია ონკოლოგიურ მეცნიერებაში. ეკა არქანია გვიხსნის, რომ იმუნოთერაპია მკურნალობის ყველაზე ახალი მეთოდია. რადგან სიმსივნე მრავალფეროვანი მოლეკულური მახასიათებლებითაა, მკურნალობაც სწორედ ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, პაციენტს უნდა ესმოდეს, რომ ყველა პრეპარატი ყველასთვის ერთნაირად ეფექტური ვერ იქნება. როგორც ეკა გვეუბნება, ახალი მედიკამენტები საკმაოდ ეფექტურია და განსაკუთრებით სიმსივნის ადრეულ სტადიაზე.
ინტერვიუს ბოლო ნაწილში, ეკატერინე არქანიას კარიერულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. თავად გვეუბნება, რომ პროფესიული წარმატება მისმა სურვილმა მოიტანა – დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ონკოლოგიური პრობლემები აქვთ.
2008 წლიდან ეკატერინე არქანია აქტიურად მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში, დაკავებულია მედიკამენტების შესწავლით, ამბობს, რომ ამ კვლევებმა ბევრ პაციენტს კარგი შედეგი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა ნაწილი, როგორც ირკვევა, ასეთ კვლევებს ჯერ ისევ ეჭვის თვალით უყურებს, ეკა ამბობს, რომ ეს ექსპერიმენტი არ არის. პარალელურად მუდმივად ჩართულია საერთაშორისო კონფერენციებში, რომელსაც ევროპა და ამერიკა მასპინძლობს, ეკა გვეუბნება, რომ ასე ხდება ექიმის პროფესიული განვითარება.
და ბოლოს, რა არის მისი, როგორც ონკოლოგის მიზანი და სურვილი? ის რაზეც ზემოთ უკვე ვწერდი, სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტის გაზრდა; კლინიკა, სადაც პაციენტები მიიღებენ სრულყოფილ მომსახურებას და საჭირო არ გახდება მათი სხვა კლინიკებში გადამისამართება.
„ყველა ახალი პაციენტი ახალი ბრძოლაა. როცა პირველად პროფესორმა მკითხა, რატომ ავირჩიე მედიცინის ეს მიმართულება, ჩემი პასუხი იყო: მე მინდა კიბოს დამარცხება და 2003 წლიდან ამ დაავადების დამარცხებისთვის ვიბრძვი, მჯერა, რომ მედიცინა სიმსივნეზე გამარჯვებასთან ახლოს არის“.