“Ain’t No Sunshine”-ის შემსრულებელი, ლეგენდარული ბილ უიზერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Photo Credits to Reed Saxon

სოულის მომღერალი ბილ უიზერსი, რომელმაც საზოგადოებას თავი სიმღერებით „Lean on Me“, „Lovely Day“ და „Ain’t No Sunshine“ დაამახსოვრა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენ განადგურებულნი ვართ მოსიყვარულე ქმრისა და ძვირფასი მამის დაკარგვით. ის იყო ადამიანი, რომელიც ადამიანების გაერთიანებას საკუთარი პოეზიითა და მუსიკით ცდილობდა.“ -აცხადებს მომღერლის ოჯახი.

ბილ უიზერსი დასავლეთ ვირჯინიაში დაიბადა და მუსიკალური კარიერი საკმაოდ გვიან, 30 წელს გადაცილებულმა დაიწყო. იგი 70-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო, თუმცა რამდენიმე ალბომის გამოშვების შემდეგ მუსიკალური ბიზნესი მიატოვა. მიუხედავად ამისა, მისი სიმღერები აქტუალურობას დღემდე ინარჩუნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში ჩუმ ცხოვრებას ამჯობინებდა, მისი შემოქმედება მსოფლიოს ეკუთვნის. ამ მძიმე დროს, ჩვენ ვლოცულობთ და იმედი გვაქვს, რომ მისი მუსიკა მის გულშემატკივრებს ანუგეშებს.“-ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.