ბრაზილიის განათლების მინისტრი თანამდებობის დაკავებიდან 5 დღის შემდეგ გადადგა მის აკადემიურ კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.
კარლოს ალბერტო დეკოტელი პირველი შავკანიანი მინისტრი იყო მემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის დროს. წინა კვირაში ბოლსონარუმ ივნისში გადამდგარი განათლების მინისტრის, აბრაამ ვეინტრაუბის ადგილზე დეკოტელი დაასახელა. ვეინტრაუბის გადადგომის მიზეზი კი Twitter-ზე ჩინელების საწინააღმდეგო რასისტული კომენტარების გაკეთება გახდა.
მინისტრის CV-ში აღნიშნული იყო მისი მაგისტრის ხარისხი ბრაზილიის „ჟეტულიო ვარგასის ფონდში“, დოქტორის ხარისხი არგენტინაში, როსარიოს უნივერსიტეტში და პოსტ-სადოქტორო პროგრამა გერმანიის ქალაქ ვუპერტალის უნივერსიტეტში. თუმცა მისი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია. შედეგად, ბრაზილიის მედიაში დეკოტელის „მომავალ ყოფილ მინისტრად“ მოიხსენიებდნენ.
როსარიოს უნივერსიტეტის რექტორის მიხედვით, დეკოტელის არ დაუცვია დისერტაცია უნივერსიტეტში. ამაზე მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საბჭომ მას დისერტაციაში ცვლილებების შეტანა სთხოვა, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გამო მოუწია ბრაზილიაში დაბრუნებულიყო.
ამასთან ერთად, ყოფილ მინისტრს ბრალს სდებდნენ პლაგიატშიც სამაგისტრო დისერტაციასა და რამდენიმე აკადემიურ ნაშრომში ბრაზილიაში სწავლის დროს.
დეკოტელიმ აღნიშნული ბრალდებები უარყო, პრეზიდენტი კი რეზიუმეში განთავსებულ მცდარ ინფორმაციას „ხარვეზებად“ მოიხსენიებს. თუმცა მინისტრის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მან დეპუტატებსა და მრჩევლებს მაინც სთხოვა ჩამნაცვლებლის დასახელება.
აღსანიშნავია, რომ დეკოტელი პრეზიდენტის მიერ დანიშნული მესამე განათლების მინისტრი იყო 18 თვის განმავლობაში.