თბილისში თეატრმა ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა

თეატრის მოყვარულებისთვის თბილისში ღია ცის ქვეშ  წარმოდგენები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა, სპექტაკლების დახურულ სივრცეში ჩატარების დრო ჯერ-ჯერობით მაინც უცნობია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მსახიობისა და თეატრის ადმინისტრაციის ინიციატივით 7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრი „კლუბი 33ა“ მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელ სპექტაკლებს უმასპინძლებს.

პროექტის სახელწოდება, იდეის მსგავსად, ძალიან ორიგინალურია. „100 სკამი ცის ქვეშ“ 7 ივლისიდან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 22:00 სთ-ზე სხვადასხვა ცნობილ სპექტაკლს ჩაატარებს. პროგრამა მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლით „გაყრა“ (რეჟისორი: დავით დოიაშვილი) გაიხსნება. თეატრალური წარმოდგენები ამჟამინდელი ანონსით 11 აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა შესაძლებელია მისი გახანგრძლივებაც. სპექტაკლებს წარმოადგენენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების თეატრალური დასები, რაც მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს.

ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის მიმდინარეობისას დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია. მაყურებლები დასხდებიან 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვით.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.