თინეიჯერობის წლებიდან ყველაზე მკაფიოდ თავისი მსგავსის ძიება ახსოვს. ოღონდ ძიების ამ პროცესს რომ იხსენებს, ხასიათის ან ინტერესების მსგავსებას არ გულისხმობს. მარია წულუკიძე გვიყვება, რომ გარეგნობის განსხვავებული შტრიხი – თეთრის ნაცვლად ლურჯი ფერის თვალის სკლერები- დაბადებიდან დაჰყვა და დიდხანს ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც სხვებისგან ეს იშვიათი თავისებურება მასავით გამოარჩევდათ, თუმცა ასეთს ვერავის მიაგნო. „ლურჯი სკლერები არაა რაიმე დაავადებით განპირობებული. არც გენეტიკურია, არც მხედველობის პრობლემა მაქვს. უამრავი გამოკვლევა ჩავიტარე, მაგრამ ექიმებმა ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუძებნეს. ისედაც ლურჯი სკლერები ცუდ ამინდში კიდევ უფრო მუქდება.“
მარია იხსენებს, რომ განსხვავებული გარეგნობა ბავშვობაშივე იქცა უარყოფითი ემოციების საფუძვლად იმ ადამიანების გავლენით, რომლებიც გამუდმებით მიანიშნებდნენ ამ განსხვავებულობაზე. ამბობს, რომ ახალი ადამიანების გაცნობას უფრთხოდა, რადგან ახალ ნაცნობობას უპირობოდ ახლდა ზღვარგადასული ინტერესი და ხშირად შეშფოთება: „თვალები რატომ ჩაგილურჯდა?“ „ავად ხომ არ ხარ?“ „ლურჯად ხედავ?“ „მუქი მაკიაჟი არ გაიკეთო, შენს თვალებს კიდევ ჩალურჯება უნდა?!“ „უცხოპლანეტელი ხარ?!“ მარია ამბობს, რომ მსგავსი რეაქცია გარდაუვალი იყო, მას კი ახსნა-განმარტებისთვის ნებისყოფა აღარ ჰყოფნიდა. „შეიძლება სულ არ მეუბნებოდნენ ცუდად, მაგრამ რადგან პატარა ვიყავი და ემოციური ფაქტორი გაძლიერებული მქონდა, გადამეტებულ ყურადღებას და, ზოგადად, ნებისმიერ შეფასებას მძაფრად აღვიქვამდი. ხშირად მტკენია გული, მომიწყენია მსგავსი კომენტარების გამო. ერთხელ, მახსოვს, პირველ კურსზე ვიყავი, თემას ვწერდით. წერის პროცესში გავჩერდი. უცებ ჩემს პირდაპირ ვინც იჯდა მერხზე, მომაჩერდა და წამოიყვირა: ვაიმე, მგონი ავად ხარ, რა გჭირს, თვალები რატომ გაქვს ასეო?! დარწმუნებული ვარ, ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ სახლში რომ წამოვედი, ძალიან ბევრი ვიტირე.“
მარია ჰყვება, რომ მერე ცოტა კიდევ მეტად გაიზარდა და მიხვდა, რომ ის, რაც „სჭირს,“ ძალიან ლამაზი და განსხვავებულია და ამ განსხვავებულობაში არაფერია სამარცხვინო. „დაახლოებით 18 წლის მერე სხვანაირად გადავაფასე ცხოვრებაში ყველაფერი. მივხვდი, რა არის პრიორიტეტი, რა შეიძლება ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანო და რა- არა. უკვე მარტივად ვისხლეტდი ხისტ შეფასებებს. თვითონ გამოვიმუშავე საამისოდ ერთგვარი იმუნიტეტი და მივეჩვიე სხვების ინტერესი თუ გაკვირვება უარყოფითად არ აღმექვა. მერე კი ნელ-ნელა მართლა მომეწონა საკუთარი გარეგნობის ეს შტრიხი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.“
ამბობს, რომ დღესაც ეკითხებიან ხოლმე: თვალში ტატუ გაქვს? თუმცა ახლა ეს კითხვა სრულიად უწყინრად ჟღერს, რადგან თვითონ მოსწონს ეს შტრიხი და მას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარი გარეგნობის ინდივიდუალურ, სახასიათო შტრიხს. „თუ ადრე ვიმალებოდი, რომ არავის შევემჩნიე ასეთი სხვანაირი, ახლა პირიქითაა: რამდენიმე დღის წინ მაკიაჟს მიკეთებდნენ და ვიზაჟისტმა ჩემი თვალების განსხვავებულობა რომ შეამჩნია, გამიხარდა. ახლა თუ ვინმე მეტყვის, უცხოპლანეტელს გავხარო, ძალიანაც მომეწონება.“
მარია პროფესიით პროგრამისტია, უკვე ცხრა წელია საკუთარი სპეციალობით ლექციებს კითხულობს. ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და წარმატებული ურთიერთობების მთავარ პირობად ჯერ საკუთარ თავთან დამეგობრებას მიიჩნევს. „ჩვენ თუ არ მივიღებთ საკუთარ თავს ისეთებად, როგორებიც ვართ სინამდვილეში, სხვა ადამიანებს მინიმუმ ვერ მოვთხოვთ ამას. პირადად მე როგორც კი მოვიწონე საკუთარი თავი, ჩემშიც და ჩემ გარშემოც ყველაფერი დალაგდა.“