ქალი მშენებელი | ინტერვიუ თამარ ჩხეტიასთან

სკოლაში მათემატიკა უყვარდა, მაგრამ მასწავლებელმა ურჩია, კარგად წერ და ჟურნალისტიკაზე ჩააბარეო. ბევრი არ უფიქრია, დაუჯერა, ჩააბარა, დაამთავრა და რუსთავი 2-ში სტაჟირებაზე მივიდა. მალე ყველაფერი შეიცვალა: მიკროფონის ნაცვლად ჩაფხუტი, სტუდიის ნაცვლად – სამშენებლო მოედანი. მამის გარდაცვალების გამო სამუშაო ადგილიც შეიცვლა და პროფესიაც. მამისავე დაარსებულ სამშენებლო კომპანიაში მამის ადგილი დაიკავა. ჟურნალისტობიდან ახალ საქმიანობაში მხოლოდ ტემპი და მუდმივი სიახლეების სიყვარული გამოჰყვა. მალე მიხვდა, რომ ზუსტად იქ მოხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო და ასე გახდა ქალი მშენებელი.

ფოტო: ანა ბოკო

„დაგი“ ის ადგილი გახდა, სადაც დაიწყო და დღემდე აგრძელებს საქმიანობას თამარ ჩხეტია, თუმცა, რომ არა კომპანიის მეორე დამფუძნებელი და მამის პარტნიორი, ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებოდა. გოგი გულორდავას, რომელიც დღეს უკვე მისი პარტნიორია, უმადლის რომ იქ არის, სადაც უნდა იყოს. მშენებლობაზე არასდროს უგრძვნია თავი უხერხულად ან „ქალად“, რომელიც უადგილო ადგილას მოხვდა. ქალად თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა სახურავზე ასულს ფრთხილად სიარულს სთხოვენ. „დაგიში“ თავდაპირველად საოფისე საქმიანობა ჩაიბარა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა მშენებლობაზე და აქ მიხვდა, რამხელა სიამოვნებაა, როცა ყოველდღიურად ხედავ შედეგს.

მშენებლობას თავისი ემოცია აქვს, ჩნდება დამოკიდებულებები. ხშირად ეს დამოკიდებულება შენობის ფუნქციას, შინაარსს უკავშირდება. მშენებელი დამკვეთზეა დამოკიდებული, მაგრამ როცა ხედვები ემთხვევა, საბოლოო შედეგიც განსხვავებულია. ასე იყო, როცა აღმაშენებლის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ – ემოცია ორმაგი იყო. ამ უბანში გაიზარდა და თვრამეტივე შენობა, რომელიც აღადგინეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება ადვილი არ იყო. პროექტს დაჰყურებდა და შენობების პირვანდელი სახისთვის მიმსგავსებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა. ხშირად, არსებულსა და პროექტზე დატანილს შორის იმხელა სხვაობა იყო, ეჭვსაც ბადებდა შეძლებდნენ თუ არა ავთენტურობის დაბრუნებას, მაგრამ ეს სირთულე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. სამუშაოს ხშირად ერთი ახალი დეტალი ცვლიდა, რომელიც ბათქაშის, საღებავის ან კედლის ჩამოღების დროს გამოჩნდებოდა. მაშინ „დაგიმ“ სადრენაჟე და კანალიზაციის სისტემაც მთლიანად გამოცვალა. დღეს ეს შენობები პირვანდელი სახით დგანან, ძველი ფერებით, ნახატებით, ორნამენტებით. ყოველთვის უხარია აღმაშენებელზე გამოვლა, ხშირად შვილებთან ერთადაც მოდის. უყვება როგორ დადიოდა სახურავიდან სახურავზე, ათვალიერებდა და თან ფოტოებს იღებდა; დიდი არქივი აქვს რეაბილიტაციამდელი და აღდგენილი შენობების.

სირთულე და სიახლე მშენებლისთვის მუდმივად საჭიროა – სხვანაირად ვერ განვითარდები. ახალი ტექნოლოგიები, ახალი გამოცდილება და მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა – როგორ დაძლევ მათ. ასე იყო, როცა სათაფლიის 24 მეტრიან გადმოსახედს აკეთებდნენ. რთული კონსტრუქცია, თბილისში დამზადება, ტრანსპორტირება და აწყობა, ახალი მასალა, განსხვავებული სპეციფიკა და მთავარი გამოწვევა – მიუდგომელი ადგილი. გამოვიდა!

იმ გადმოსახედზეც პირველებმა „დაგელებმა“ გაიარეს, ასე გაიარა გამოცდა.

როცა აშენებულის ჩამოთვლას იწყებს, სკოლებზე ყველაზე დიდხანს საუბრობს, მისი დამოკიდებულება არ იცვლება, ყოველ ჯერზე ჰგონია, რომ მისმა შვილმა იქ უნდა ისწავლოს, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ემოცია აქვს – ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში დებს აგურს აგურზე. მერე სვანეთს იხსენებს, რა იყო და როგორი გახდა, საიდან დაიწყეს და სადამდე მივიდნენ. ჩამონათვალშია ამბროლაურის აეროპორტი, ქუთაისის ოპერა, საქაერონავიგაციის შენობა, ზუგდიდის სტადიონი, რუხის სავაჭრო ცენტრი, სკოლები, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლია.

გადათვალეს, „დაგის“ პორტფელში საბოლოო ჯამში 98 წლიდან მოყოლებული 100-ზე მეტი შენობა და ობიექტი აღმოჩნდა. მთლიანობაში მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი აშენებული ფართი.

როცა იწყებდნენ მშენებლობიდან მშენებლობამდე თვეები გადიოდა, სამუშაო არ ჩანდა, მაშინ თითქმის არაფერი შენდებოდა, ახლა ერთდროულად 16 ობიექტს აშენებენ. თავიდან სულ 10 კაცი ჰყავდათ დასაქმებული, ახლა 2000 კაცი მუშაობს „დაგის“ ობიექტებზე. გაიზარდა სამეურნეო ბაზაც, ელიავაზე ნაყიდი სამშენებლო ინვენტარით დაწყებული მეურნეობა ახლა ცალკე ლოკაციაზეა განთავსებული. გაიზარდნენ. მაგრამ ამ წლების განმავლობაში მთავარი შეინარჩუნეს – რეპუტაცია. ხარისხი, ვალდებულება და დროულად ჩაბარება – ეს უკვე ამ კომპანიის მახასიათებლებია. თამუნა ამბობს, რომ ამას ყველაზე მეტად უფრთხილდებიან და ალბათ ეს გახდა გადამწყვეტი სახელმწიფოსთან თანამშრომლობისას. ხუმრობა ხომ არ არის, სამი ხელისუფლება შეიცვალა, „დაგი“ კი ბაზარზე ისევ აქტიური დარჩა.

ინტერვიუსთვის რამდენიმე ობიექტი მოვინახულეთ, აშენებული და მშენებარე. ბათუმში სექტემბერში კომაროვის სკოლის ფილიალი უნდა ჩააბარონ. 250 ბავშვზე გათვალისწინებული სასწავლო და 100 ბავშვზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსები. ორი თვის შემდეგ აქ უკვე ბავშვები ირბენენ. იქვე „ოცნების ქალაქს“ აშენებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ეკომიგრანტებისთვის. – „ახლა „ოცნების“ და „კარდონის ქალაქს“, სადაც მომავალი მაცხოვრებლები არინ ერთი ღობე ჰყოფთ“ – ამბობს თამუნა. ამოყვანილ სართულებს უყურებს – „10 დღის წინ აქ არაფერი იყო, ამიტომ მიყვარს ეს პროფესია – ყოველდღე ახალი რამ ხდება“. ასეა მის ძველ პროფესიაშიც – ჟურნალისტიკაშიც სულ სიახლეა, სხვა საერთო ძაფებიც ვიპოვეთ: მშენებლებიც სულ მუშაობენ ჟურნალისტებივით, არც შაბათი და კვირა, არც უქმე დღე და არც უამინდობა და კიდევ ტემპი, ტემპი, რაც ყველაზე მეტად მოსწონს, რომელიც ომის დროსაც არ დაუგდიათ. აი, მაშინ, როცა ჭურვებს ისროდნენ, სოფლები იცლებოდა და გზები იკეტებოდა, მაშინ ვაშენებდითო. მარტვილში სკოლის მშენებლობა ჰქონდათ დაწყებული და სექტემბერში უნდა ჩაებარებინათ, შემოვლითი გზებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ მასალის ჩატანას და მშენებლობის გაგრძელებას, ერთი დღეც არ გაჩერებულან. რამდენი რამ გაიარეს და რამდენია კიდევ გასავლელი. თითოეული შენობა „დაგის“ ისტორიაში ჩაწერილი თითო ფურცელია. ახლა რომ იხსენებს, ხვდება საიდან და როდის დაიწყო მისი თავგადასავალი – მაშინ, როცა მამას ძალიან პატარა რუსთაველის თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე დაჰყავდა.

ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვს. ახლა იცის რას ეტყოდა მამა ყოველი ახალი მშენებლობის დაწყების წინ – „მეტი, მეტი ისწავლე და არ გაჩერდე!“.

 

ავტორი: მანანა მანჯგალაძე

ფოტო:  ანა ბოკო

No Comments Yet

Comments are closed