იდეების მატერიალიზაცია | ინტერვიუ რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილთან

დეა კულუმბეგაშვილის ცხოვრებაში კინო ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუმცა, ოცნება რეჟისორობაზე ბავშვობიდან არ დაწყებულა. 90-იან წლებში, ლაგოდეხში გაზრდილი გოგოსთვის, რომელსაც ერთი ფილმიც კი არ ჰქონდა ნანახი, ადამიანები და მათზე დაკვირვება მთავარ ინტერესს წარმოადგენდა. შთაბეჭდილებებით მდიდარი ბავშვობა ჰქონდა. ახსოვს ადამიანთა სახეები, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი. აინტერესებს, თუ როგორ მოძრაობენ ადამიანები სივრცეში, რადგან ეს მისთვის ვერბალურად გადმოცემულ ინფორმაციაზე ბევრად უფრო ემოციური და მნიშვნელოვანია.

რეჟისორობა მის ცხოვრებაში საკმაოდ გვიან , მეუღლის რჩევის შემდეგ გამოჩნდა. ამერიკული ცხოვრებიდან ფილმების დაუსრულებელი სეანსები და სურვილი, დაეწერა მეუღლის ფილმისთვის სცენარი გამორჩეულად ახსოვს. ასე აღმოჩნდა დეა კოლუმბიის უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ფიქრობს, რომ არ არსებობს „ცუდი“ ან „კარგი“ კინო და რეჟისორმა აუცილებლად უნდა დაუშვას შეცდომები, რადგან სწორედ ამ შეცდომების წყალობით სწავლობ და ვითარდები. აუცილებელი კი სწორი პრიორიტეტები და სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაა.

„ჩემთვის პროცესია მნიშვნელოვანი. ხშირად ჯგუფს შედეგი აინტერესებს და ძალიან ბევრს საუბრობენ შედეგზე. რომ შემეძლოს, მოედანზე სრული სიჩუმის წესს შემოვიღებდი. როგორც წესი, გადასაღებ მოედანზე ძალიან ჩუმად ვსაუბრობ, თითქმის ჩურჩულით. ფილმზე მუშაობა ჩემთვის ინტიმური პროცესია. რთულია, ბალანსის მოძებნა და შენარჩუნება.“

მისთვის ფილმი მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც რეჟისორი საშუალებას აძლევს არ იყოს პასიური მაყურებელი და შეეძლოს ფილმთან ურთიერთქმედება, დიალოგი. ამ კუთხით კი რამდენიმე გამორჩეული რეჟისორი ჰყავს, როგორებიცაა: ბრესონი, იოსელიანი, ტარკოვსკი, კიაროსტამი, ოზუ, რეიგადას, აპიჩატპონგ, ფელინი, ფარაჯანოვი, კუბრიკი… თვლის, რომ რეჟისორისთვის მთავარი ემოციური კავშირი და ემპათიის უნარია. ის, რომ შეგეძლოს არამატერიალურს მატერიალური სახე მიანიჭო და გქონდეს მარტოობის უნარი.  ყველა რეჟისორს, ვინც რაღაცას ქმნის თავისი სირთულეები აქვს გადასალახი. ამიტომ წუწუნი ან საკუთარი თავის შეცოდება დიდ შეცდომად მიაჩნია. შეგეძლოს პროცესით ტკბობა კი უპირველესი და აუცილებელი ნიშაა რეჟისორისთვის:

„თუ ვინმე იმ მომენტში ფიქრობს, რომ პერსპექტივაში იმ ფილმის გადაღება შეუძლებელია, რომელზეც იმ მომენტში ვმუშაობ, ეს ჩემთვის მხოლოდ იმ ერთი ადამიანის აზრია. მე ყოველ დღე უნდა ვიმუშაო იმაზე, რაც მაინტერესებს, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ისევ იქამდე მივდივარ, რომ პროცესია მნიშვნელოვანი. პროცესში იბადება საშუალება- იდეების მატერიალიზაცია შევძლო.“

იდეების მატერიალიზაცია ახალ ფილმშიც შეძლო, „დასაწყისი“ დეას ახალი ფილმია, რომელიც დასაწყისის, ახლის შექმნის შეგრძნებას უქმნის მაყურებელს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაღებული ფილმი ადამიანური ცხოვრების მნიშვნელოვან გადაულახავ პრობლემებს ეხება და რამდენიმე საკვანძო კითხვას უსვამს მაყურებელს. ამგვარად, „დასაწყისი“ ბევრი ფიქრის, ემოციების და უპასუხო კითხვების პასუხების ფილმია, რომელიც არამარტო მაყურებლისთვის, არამედ რეჟისორისთვისაც ახალ ცოდნად და გამოცდილებად გარდაიქმნება.

ფოტო: არსენი ხაჩატურან

ფილმი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფიქრობს, რომ ქართული მხარის ფინანსური მონაწილეობა პრინციპულად მნიშვნელოვანია კოპროდუქციის პირობებში. ამ კუთხით, საქართველოში არსებულ პრობლემებზეც გვესაუბრა. მოცემულ მომენტში კინოს უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს საქართველოში. კინოცენტრის საერთო ბიუჯეტი თითქმის არ იზრდება წლიდან წლამდე, ეს კი ქართველი რეჟისორებისთვის გადაულახავი პრობლემაა. ქართული მხარის ფინანსური მონაწილეობა მისი ფილმის საერთო ბიუჯეტის მინიმალური ნაწილია. მაგრამ ეს მინიმალური ნაწილი პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპულ ფონდებში თანხის მოძიება შეძლო. ასევე არ არსებობს დისტრიბუციის საშუალება, რის გამოც ქართული ფილმები ქართველ მაყურებლამდე იშვიათად აღწევენ.

Covid-19 დეასთვის ახალი თავგადასავალი იყო. პანდემიის დროს მექსიკაში, რეჟისორ კარლოს რეიგადასის სტუდიაში თავის ახალ ფილმზე მუშაობდა და ამჯერად გაორმაგებული ძალებით ცდილობდა სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ფილმი პანდემიის პირობებში, მექსიკის მთებში დაასრულეს, სადაც გარესამყაროსთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ და უწევდა, იმპროვიზაციისთვის მიემართა.  ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება იყო,  რადგანაც ვირუსისა და მასთან დაკავშირებული რისკების გამო ჯგუფის წევრები ყოველ დღე აკლდებოდათ.

„იმედი მაქვს, რომ პანდემიამ ბევრ ადამიანს საკუთარ თავთან ყოფნა და მარტოობა ასწავლა. ევროპული და ევროცენტრისტული კულტურა იმდენად გარე ფაქტორებზე, მიღწევებზეა ორიენტირებული, რომ დიდი იმედი მაქვს, ამ დროს მაინც გაიგეს ადამიანებმა, რომ ადამიანი არ არის მისი მიღწევები. დაინახეს, რომ საჭიროა პაუზა, გაჩერება, არაფრის კეთება. არაფრის კეთება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც აქტიურობა და კეთება. უფრო სწორად კი ქაოტური, გაუაზრებელი კეთების პროცესი.

ცხოვრებას კი უფრო ფართო ხედით უნდა შევხედოთ, ასე კარგად დავინახავთ, რომ ადამიანები თანასწორები არიან და საშუალება გვექნება, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ხშირად როდესაც ესაუბრებიან, როგორც „ქალ რეჟისორს“ პროტესტის გრძნობა უჩნდება, რადგან ფიქრობს, კონკრეტული სქესი არც პროფესიონალიზმს განსაზღვრავს და არც სიძლიერეს. კინო დღესაც „კაცის პროფესიად“ აღიქმება.

რამდენიმე წლის წინ, ჩემმა მეგობარმა ქართველმა რეჟისორმა მამაკაცმა, ასეთი კომპლიმენტი მითხრა:შენი ფილმი ბოლო დროს ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ ფილმებს შორის ერთერთი საუკეთესოა“. იმედი მაქვს თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ძალიან ბევრს იცინებს საკუთარ ნათქვამზე. სამწუხარო რეალობას ასახავს სწორედ ეს ნათქვამი. მე, როგორც ქალი და როგორც ადამიანი ვითხოვ თანასწორ უფლებებს. არც კომფორტის ზონაში მსურს ყოფნა და არც რაიმე განსაკუთრებული პირობები.“

საქართველოში გაზრდილი ქალისთვის, რომელიც მიჩვეულია იმას, რომ ქალისთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია არის ჩრდილში ყოფნა, რთული აღმოჩნდა გააზრება, რომ წინ დიდი ბრძოლა ელოდა თანასწორობისთვის. ქალებმა უნდა გააცნობიერონ თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის რეალიზება და ამისთვის არჩევანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის არ უნდა მოუწიოთ.

ფოტო: არსენი ხაჩატურან

„მინდა სრულფასოვანი ცხოვრება და სწორედ ეს არის ჩემი არჩევანი. ქალებისთვის, ალბათ, იმის გააზრებაა საჭირო, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება საზოგადოებას გვიკარნახოს, რა არის .სრულფასოვანიცხოვრება. ჩვენი არჩევანი ინდივიდუალურად, თავადვე უნდა გავაკეთოთ.“

ცხოვრება ბევრად უფრო დიდი და საინტერესოა, ვიდრე მუდმივად გეგმების დაწყობა. ამიტომ შეცდომის დაშვება, წარუმატებლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აღმოჩენები და წარმატება. ეს დეას რჩევაა, მთავარია არ იყო კომფორტის ზონაში და იბრძოლო, რადგან სწორედ ასე შექმნი რაღაც ახალსა და უნიკალურს.

„დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა კი სექტემბერში, სან სებასტიანის კინოფესტივალზე, ესპანეთში შედგება. შეგახსენებთ, რომ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იქნება წარდგენილი. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.