ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა 6 მილიარდი დედამიწის მსგავსი პლანეტა იყოს

კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა, ნასას კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო არსებული ციური სხეულების 18 პროცენტი, შესაძლოა, დედამიწისმაგვარი  იყოს, რაც, მათემატიკური გამოთვლებით, დედამიწის მსგავსი თითქმის 6 მილიარდი პლანეტის არსებობას ნიშნავს.

Photo Credits: NASA, ESA, M. KORNMESSER

აღნიშნული ვარაუდი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ნოტინგემის უნივერსიტეტის ასტრონომთა  ჯგუფმა 36 ინტელექტუალური ცივილიზაციის არსებობა ივარაუდა.   

NASA-ს კეპლერის მისია, რომელმაც 200,000 ვარსკვლავის შესწავლით, ხელი შეუწყო ათასობით ეგზოპლანეტის პოვნას, არის ერთადერთი, რომელსაც შეეძლო მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო დედამიწისმაგვარი პლანეტების აღმოჩენა და დახასიათება. იმისთვის, რომ პლანეტა დედამიწის მსგავსად იწოდებოდეს, აუცილებელია მისი ზედაპირი  კლდოვანი იყოს, და სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობდეს.

ირმის ნახტომის გალაქტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, 400 მილიარდ ვარსკვლავს აერთიანებს, მისი 7 პროცენტი კი მზის მსგავსი ვარსკვლავია. იმის გამო, რომ ტელესკოპებს უამრავი წელი სჭირდებათ პლანეტების აღმოსაჩენად, მეცნიერებმა ახალი ტექნიკა შეიმუშავეს. ეგზოპლანეტათა სიმულაციითა და მიღებული შედეგების ნასას კეპლერის მისიის მონაცემებთან შედარებით,  ასტრონომთა ჯგუფმა შეძლო განესაზღვრა დედამიწის მსგავსი პლანეტების სავარაუდო რაოდენობა.

მეცნიერთა განმარტებით, აღნიშნულმა ვარაუდმა, შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს თეორიებს პლანეტებისა და ვარსკვლავების წარმოშობის და ევოლუციის შესახებ.