,,წითელი ჯვარი“ COVID-19-ის ანტისხეულებზე სისხლის შემომწირველთა ტესტირებას იწყებს

Photo – Hush Naidoo

,,წითელი ჯვარი“ ამერიკაში ანტისხეულების ტესტირებას იწყებს, განცხადება გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასთან (FDA) ერთად იქნა მიღებული, საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ თავად გააკეთა.

ტესტით შეუძლებელია დადგინდეს სხეულში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის არსებობა, თუმცა, ორგანიზაცია ლაბორატორიულად შეამოწმებს სისხლის შემადგენელ პლაზმასა და თრომბოციტებს, შედეგად კი ადეკვატურად შეფასდება, შეუძლია თუ არა დონორის იმუნურ სისტემას წარმოქმნას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დონორს შესაბამისი სიმპტომები.

ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის დონაციის მსურველთა რაოდენობა პანდემიის პირობებში საგრძნობლად შემცირდა, აღნიშნული ტესტირების პროგრამაში ჩართვა კი დონორთათვის სტიმულის მიმცემი იქნება.

,,ახლა სისხლის შეწირვის გადაუდებელი საჭიროება არსებობს იმ ქირურგიული პროცედურებისა და მკურნალობისთვის, რომელიც COVID-19-ის გამო დროებით შეჩერებულია“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დონორთათვის ტესტირება უფასოა, შედეგებზე ინფორმაციის მიღება კი 10 დღის განმავლობაში, წითელი ჯვრის სისხლის დონორის აპლიკაციით, ან დონორის პორტალზე RedCrossBlood.org შესვლის გზით იქნება შესაძლებელი.