გერმანიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
დავით ზალკალიანისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის შემდეგ ქართულ მხარეს ეცნობა რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სიის შესახებ. აღნიშნულ სიაში დასახელებულნი არიან ქვეყნები, საიდანაც გერმანიაში ჩასულ მგზავრებს მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ამ ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელნიც გერმანიაში ჩავლენ სასწავლო, სამკურნალო სამივლინებო თუ ოფიციალური ვიზიტით, არ მოუწევთ სავალდებულო წესით კარანტინში გადასვლა.
“დღეს უკვე შედგა შეხვედრა გერმანიის ელჩთან, რომელმაც მაცნობა, რომ გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან, საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ნებართვა გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის, აქ იგულისხმებიან სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც არიან და სწავლობენ გერმანიის სხვადასხვა სასწავლებელში და სკოლებში, ასევე გერმანიაში სამკურნალოდ მიმავალი საქართველოს მოქალაქეები, ვისაც აქვს შესაბამისი ნებართვა ამა თუ იმ სამკურნალო დაწესებულებიდან და ასევე ოფიციალური ვიზიტით და სამსახურეობრივი მივლინებით წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები უკვე 15 ივნისიდან აღარ საჭიროებენ სავალდებულო კარანტინის გავლას გერმანიის ტერიტორიაზე შესვლისას.“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გერმანიას ტურისტული ან სხვა, გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა სტუმრობენ.