პანდემიის გავლენა კინო და სატელევიზიო ინდუსტრიებზე

კინოთეატრში ფილმის ყურება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის შესახებაც თავად ფილმებიც გვიამბობენ: რომანტიკული დრამის ,,უბის წიგნაკის“ გმირები პაემანზე სწორედ კინოთეატრში მიდიან, ვუდი ალენის ,,კაიროს მეწამული ვარდის“ მთავარი პერსონაჟი პრობლემებით სავსე ცხოვრებას კინოთეატრში გაურბის. როგორც კინო კრიტიკოსები ამბობენ, ფილმის კინოთეატრში ნახვის მთავარი ხიბლი ემოციის გაზიარება – დიდი ეკრანის პირისპირ უცხო ადამიანებთან ერთად ფილმის გმირების თავგადასავლების განცდაა. Covid-19-მა სწორედ ეს შესაძლებლობა წაგვართვა ადამიანებს: პანდემიის გამო დაიხურა კინოთეატრები.

გასათვალისწინებელია, რომ  კორონავირუსის გამოჩენამდეც არსებობდა Svod (Subscription Video on Demand) კომპანიები (ნეტფლიქსი, ჰულუ, ამაზონ პრაიმი და ა.შ.), რომლებიც კინოთეატრებს წარმატებით უწევდნენ კონკურენციას. თუმცა, პანდემიამ კინოთეატრების დახურვასთან ერთად, უარყოფითი გავლენა მის ალტერნატივებზეც იქონია: შეჩერდა ფილმებისა და სერიალების დიდი ნაწილის გადაღებები, პრობლემური გახდა სიუჟეტების ადაპტირება შექმნილ სიტუაციასთან.

კინოინდუსტრია ერთ–ერთი მაღალშემოსავლიანი სფეროა. ბრიტანული კინო და სატელევიზიო ბაზარი ყოველდღიურად 60 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. ჰოლივუდი 2 მილიონ სამუშაო ადგილსა და 400,000 ამერიკულ ბიზნეს-კომპანიას მოიცავს. გასულ წელს მსოფლიოში კინოინდუსტრიამ 136 ტრილიონი დოლარი გამოიმუშავა. შესაბამისად, მაყურებლის ძლიერი ინტერესიც რომ უგულებელვყოთ, პანდემიის გავლენა კინო და ტელე ინდუსტრიებზე, მილიონობით დასაქმებულ ადამიანს აზარალებს. ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი – ბლეირ ბერნეტი, რომლის ყველა დაგეგმილი პროექტი გაუქმდა, წერს: ,,ასე უიმედოდ და დაუცველად  თავი არასდროს არ მიგრძვნია.”

კინო ინდუსტრია

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის – No time to Die–ს პრემიერა ჯერ ნოემბრამდე, საბოლოოდ კი 2021 წლის აპრილამდე გადაიდო. ეს ჩინეთის გარეთ პირველი ფილმი იყო, რომლის გამოშვების თარიღიც შეიცვალა.  ამ პერიოდში მწირი ინფორმაციისა და გლობალური შიშის გამო, ყველა სფეროს მსგავსად, კინო ინდუსტრიაც ,,დაპაუზდა“. მარტისთვის ჩინეთის ფილმის ინდუსტრიას უკვე დაკარგული ჰქონდა 2 ტრილიონი დოლარი, რადგან ჩინური ახალი წლისთვის არც ერთი კინოთეატრი არ იყო ღიაა.

კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე უკვე ივარაუდებოდა, რომ პანდემიის შედეგად კინოინდუსტრია 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავდა. კინოთეატრების დიდი ნაწილი ისევ დაკეტილი რჩება, მათ რიცხვს ქართული კომპანიებიც მიეკუთვნება. იზრდება იმ ფილმების რაოდენობა, რომელთა გამოშვების თარიღიც გადაიდო: ჯეიმს ბონდის No time to Die–ს  მსგავსად თითქმის ყველა მაღალბიუჯეტიანი ფილმის პრემიერა 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ფილმის გადაღებებს, თანდათანობით, ხუთთვიანი სრული წყვეტის შემდეგ, მსახიობები და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები სამუშაო სივრცეს უბრუნდებიან. კოვიდ ტესტებისა და გადასაღებ მოედანზე მსახიობთა ჯგუფების შემცირების აუცილებლობა ზრდის ხარჯს და ახანგრძლივებს გადაღების პროცესს.

კორონავირუსი დამოუკიდებლად დაფინანსებული ფილმებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ყველასათვის საყვარელი ფილმების დიდი ნაწილი – ,,ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ (,,My Big Fat Greek Wedding”), ,,პატარა მის ბედნიერება“ (,,Little Miss Sunshine”), ,,შეპყრობილი“ (,,Whiplash”…) – სწორედ მსგავსადაა დაფინანსებული. გასათვალისწინებელია, რომ დამოუკიდებლად დაფინანსებული ფილმების უმრავლესობა სესხით იქმნება. სესხის აღებისას კი ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანია მომავალი პროგნოზირებადი იყოს. იმის გამო, რომ ვირუსი ქმნის არასტაბილურობის განცდას, ნაკლები მოტივაცია აქვს ინვესტორს გარისკოს. ამასთანავე, როგორც აღვნიშნეთ, იზრდება ფილმის შექმნისთვის საჭირო ხარჯები. არსებული პროგნოზით, დამოუკიდებლად დაფინანსებული ფილმები რაოდენობა 50%–ით შემცირდება.

ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად კინოინდუსტრიას შინაარსის პრობლემაც უდგას: ერთი მხრივ – ადამიანებს სჭირდებათ ჩაკეტილ რეალობაში იპოვნონ სივრცე (კარგად გადაღებულ ფილმს შეუძლია ინდივიდს მისცეს მოგზაურობის, სოციალური ინტერაქციის ის განცდა, რაც პანდემიამ წაართვა), მეორე მხრივ – წარმოუდგენელია უარყო კოვიდის არსებობა, რადგან მან მთლიანი სამყაროს წესრიგი შეცვალა. თუმცა ფაქტია, რომ უკანასკნელი საყურებლად არც ისე სახალისოა. ამიტომ კინემატოგრაფთა ნაწილის მოსაზრებით, ახლო მომავალში გადაღებული ფილმების დიდი ნაწილი წარსულში განვითარდება. თუნდაც ის სიუჟეტები, რომლებიც დღევანდელობას მჭიდროდ უკავშირდება, 90–იანების მუსიკის დახმარებით 30 წლით უკან გადაინაცვლებს. 

სატელევიზიო ინდუსტრია

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრად მეტი დრო განსაკუთრებით მაშინ გვქონდა, როცა სასწავლო და სამუშაო სივრცეები ჯერ კიდევ ადაპტირდებოდნენ ახალ გარემოსთან. სწორედ ამიტომ – გაიზარდა სერიალების მაყურებელთა რიცხვი. გადაღების პროცესები კი მრავალსეზონიანი წარმატებული პროექტებისთვისაც კი გართულდა.

გასათვალისწინებელია, რომ სერიალების მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება მათთვის საყვარელი პერსონაჟების ბედი და თავგადასავალი. შესაბამისად, სცენარისტებისთვის რთული გადასაწყვეტია კორონავირუსმა უნდა იარსებოს თუ არა ეკრანს მიღმა.

კოვიდის შესახებ ხშირად ცვლადი ინფორმაციის გამო დიდი საფრთხეა, რომ ის, რაც გადაღებისას ხდება, სერიალის გამოსვლისას უკვე მცდარი იქნება. ასევე, თვითიზოლაციის სტრესის გამო, როგორც ჩანს, ადამიანებს რეალობისგან რაც შეიძლება შორს ყოფნა სურთ. ამაზე მეტყველებს, ნეტფლიქსის ახალი სერიალის ,,ემილი პარიზში“ (,,Emily in Paris”)  წარმატება.

მიუხედავად ამისა, სერიალები შესანიშნავი პლატფორმაა ადამიანებს „ასწავლო“, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან და გაუმკლავდნენ თანმდევ სტრესს. ასევე, ვირუსთან ბრძოლაში „ახალი გმირები“ იბადებიან, რომელთა ისტორიის მოყოლაც საინტერესოა სცენარისტებისთვის. ამ მიზეზების გამო, ძირითადად სამედიცინო სერიალების ახალ სეზონებში სიუჟეტი კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში ვითარდება.

გთავაზობთ, ხუთ სერიალს, რომელშიც ჩვენს რეალობას – კოვიდს, თვითიზოლაციას, შეხვდებით:

გრეის ანატომიის (Gray’s Anatomy) გადასაღები მოედანი სიეტლშია – ვაშინგტონის შტატში, სადაც საწყის ეტაპზე, პირველი ტალღისას – უამრავი ქეისი დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ სერიალი პრობლემებს მწვავედ განიხილავდა.

კარგი ექიმი (Good Doctor) სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეალური ისტორიების გაცოცხლებას გეგმავს. ჰილ ჰარპერის სერიალის ერთ–ერთი მთავარი გმირის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს საშუალება არ აქვთ ნახონ საკუთარი ოჯახის წევრები, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საქმიანობას. მისი პერსონაჟი ,,წინა ხაზზე მებრძოლი“ ერთ–ერთი ექიმია.

,,ეს ჩვენ ვართ“ (This is US) ამერიკული სერიალია, რომელიც ხშირად სოციალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ახალ სეზონში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, Black Lives Matter-ის საპროტესტო აქციები და პერსონაჟების პირადი ისტორიები კოვიდ–19–ის პანდემიის პარალელურად ვითარდება.

კომედიური სერიალი ,,სუპერმარკეტი“ (Superstore) ახალ სეზონში წარმოაჩენს დასაქმებულთა  თვალით დანახულ პანდემიას. იუმორით ააშკარავებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან მომსახურეობის სფეროში დასაქმებული ადამიანები.

საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სერიალიც გამოეხმაურა კოვიდთან დაკავშირებულ მოვლენებს: მომზადდა ათი სერიისგან შემდგარი ციკლი – ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში. სერიები გვიყვებიან, თუ როგორ ხვდებიან და უმკლავდებიან სახასიათო პერსონაჟები თვითიზოლაციის პროცესს საქართველოში.  

სანამ სამყარო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, ადამიანები შექმნილ მდგომარეობასთან ადაპტირებას ვსწავლობთ: ამერიკაში 1930–იან წლებში პოპულარულმა Drive-In კინოთეატრმა დაიბრუნა აქტუალობა – კინომოყვარულები სოციალური დისტანციის დაცვით საკუთარი მანქანებიდან უყურებენ ფილმებს დიდ ეკრანზე. ეს უკანასკნელი, საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს უკვე.

ინდუსტრია სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ახალ გამოწვევას. ბუნებრივია, იცვლება ფილმებისა და სერიალების შინაარსი, რადგან უკანასკნელ ერთ წელში   თავად მსოფლიოც შეიცვალა.