კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში“ ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის, დევიდ ფრენსის მესამე ფილმია. ეს არის დოკუმენტური ფილმი აქტივისტებზე, რომლებიც სიცოცხლის ფასად წინ უდგებიან ჩეჩნეთის მთავრობის რეპრესიებსა და არაჰუმანურ ქმედებებს LGBTQ საზოგადოების წინააღმდეგ.

Photo Credits to HBO

ანონიმურობის მაქსიმალური დაცვითა და სიფრთხილით, ფილმში ნათლად ჩანს ჩეჩნეთში მიმდინარე აქამდე უცნობი სასტიკი ქმედებები სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. აქტივისტები ფარულად მუშაობენ მსხვერპლის გადასარჩენად და მათ ვიზისა და თავშესაფრის მოძიებაში ეხმარებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააღწიონ თავი უსამართლო განაჩენს.

„ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, „სისხლიან ოპერაციას“ ატარებს LGBTQ თემის ყველა წარმომადგენლის დასახოცად,“ ამბობს რეჟისორი დევიდ ფრენსი. ნაციონალიზმის, რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და „გეი პროპაგანდის“, ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული კანონის,  დამსახურებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელნი არაცივილიზებული რეჟიმის მსხვერპლებად იქცნენ. „ჩვენი ყველა პრობლემა თქვენნაირი ადამიანების გამო არსებობს,“ სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს მაფიოზური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ჰომოსექსუალ მამაკაცს.

ფრენსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა New Yorker-ის სტატიამ, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ახალგაზრდა რუსი აქტივისტის ქმედებები. ის თავდაუზოგავად ეხმარება ჰომოსექსუალ ჩეჩნებს საკუთარი ქვეყნიდან თავის დაღწევაში. პირველ ჯერზე მას ჩეჩნები  თავშესაფარში (მოსკოვში ან სანქტ-პტერებურგში) გადაჰყავს, რის შემდეგადაც რუსეთიდან წასვლასა და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საზღვარგარეთ წასვლაში ეხმარება. ამ სტატიის წაკითხვამ შთააგონა რეჟისორი გადაეღო დოკუმენტური ფილმი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში“. ფილმი შეიცავს დრამატულ კადრებს, რომლებიც ტელეფონითა და GoPro კამერით არის გადაღებული.

„ისე ვიქცეოდი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი ტურისტი ვიყავი,“ ამბობს დევიდ ფრენსი. „თან მქონდა ორი ტელეფონი. ერთი ტურისტული ფოტოების გადასაღებად, ხოლო მეორე ფილმისათვის საჭირო კადრების აღსაბეჭდად . როდესაც მათ მთხოვეს, რომ ჩემი ტელეფონი შესამოწმებლად მიმეცა, „მათთვის განკუთვნილი“ ტელეფონი ვაჩვენე და დარწმუნდნენ, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენდი.“

ფრენსისათვის ყველაზე დიდ სირთულეს ანონიმურობის დაცვა წარმოადგენდა. ჰომოსექსუალობა იმდენად დიდი სტიგმაა ჩეჩნეთში, რომ ჩეჩნეთის თავდაცვის ძალები აიძულებენ ოჯახებს, საკუთარი ჰომოსექსუალი ოჯახის წევრები სიცოცხლეს გამოასალმონ და ამით „საგმირო საქციელის“ მაგალითი აჩვენონ სხვა ოჯახებს.

რეჟისორმა გამოსავალი deepfake-ის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებაში იპოვა. „ჩვენ დახმარება სხვა ადამიანებს ვთხოვეთ, მეტწილად LGBTQ აქტივისტებს ნიუ-იორკიდან, რათა მათი სახეები გადაგვეღო. ამის შემდეგ ალგორითმი მათ სახეებს ფილმში მონაწილე ნამდვილი ადამიანების სახეებზე ასახავს. ეს ერთგვარი ციფრული გადანერგვაა. ხშირ შემთხვევაში ფილმში მონაწილე ნამდვილი ადამიანების ხმასაც ვცვლიდით.“

ფილმი სავსეა არასასიამოვნო კადრებით, რომელიც ჩეჩენი ხალხისა და მთავრობის წარმოუდგენელ სისასტიკეს ასახავს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში“ წლების შემდეგ ისტორიული არტეფაქტი გახდება, რომელიც მომავალ თაობებს აჩვენებს, თუ როგორ შეუბრალებლად ექცეოდა საზოგადობა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს.