სამუშაო სივრცის დისტანციურად მართვის გამოწვევები პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. ვირუსთან ბრძოლა  ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრებასთან ერთად, პანდემიის შედეგები ბიზნეს-კომპანიების საქმიანობაზეც აისახა. კორონავირუსმა კომპანიებს  ცვლილებების დანერგვისკენ უბიძგა და ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა – დისტანციურ რეჟიმში ბიზნესის ეფექტურად მართვა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labour Organization) კვლევის მიხედვით, მსოფლიო სამუშაო ძალის დაახლოებით 68%-ს და დამსაქმებლების 81%-ს პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების დაცვა უწევს. ეს, პირველ რიგში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას უკავშირდება, რასაც კომპანიები დროებით ან მუდმივ ალტერნატივად განიხილავენ. სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას თან ახლავს გარკვეული სირთულეები და ამ პროცესში დაშვებული თითოეული შეცდომა ბიზნესის წარმატებაზე შესაბამისად აისახება.

პანდემიის პირობებში კომპანიის ეფექტურად მართვა ახალ გარემოსთან ადაპტირებასა და დამსაქმებლისა და დასაქმებულის აქტიურ კომუნიკაციას მოიცავს. ვირუსისგან შექმნილ ვითარებასთან გამკლავებას ბიზნეს-კომპანიები მუდამ ერთი გეგმით ცდილობენ, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტური გამოსავალია. მსოფლიოს მრავალი კომპანია ვირუსთან სამუშაო გარემოს შეცვლის გზით ადაპტირდება, იცავს უსაფრთხოების ნორმებს, ახდენს თანამშრომლების გადამზადებას, თუმცა მათი პროდუქტიულობის მაჩვენებელი და საქმიანობის ეფექტურობა გაზრდის ნაცვლად, დღითიდღე იკლებს. ამ ყველაფრის მიზეზების დასადგენად საჭიროა თითოეულმა კომპანიამ თავად განსაზღვროს კონკრეტული პრობლემა და მხოლოდ შემდეგ მოიძებნოს მისი გადაჭრის გზები.

ძირითადი გამოწვევები

კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, დისტანციურმა მუშაობამ ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა. ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღე, ერთ სივრცეში ერთად მუშაობდნენ, დღეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა მოუწიათ, რის გამოც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ზღვარი პირად და სამუშაო სივრცეს შორის. თუ აქამდე პირადი და სამუშაო ცხოვრება მკაფიოდ იყო გამიჯნული და სხვადასხვა სივრცეებად მოიაზრებდა, პანდემიის პირობებში ორივე მათგანი ერთ ლოკაციაში, ჩვენს სახლებში მოექცა, რის გამოც ბევრ თანამშრომელს სამსახურისგან განტვირთვის საშუალება ჩამოერთვა და მათი დაძაბულობა გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალ დასაქმებულს სახლში სამუშაო სივრცეზე წვდომა იშვიათად აქვს, მისი პროდუქტიულობისათვის ხელის შეშლა შინ წარმოქმნილ ნებისმიერ დისკომფორტს შეუძლია. სტრესი შესაძლოა სახლში შექმნილმა პოტენციურმა ტექნოლოგიურმა პრობლემებმა, ოჯახის წევრების მიერ გამოწვეულმა ხმაურმა და სხვა ფაქტორებმა  გააძლიეროს. კონკრეტული პრობლემა განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთება, როდესაც დასაქმებული დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამ ყველაფრის შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში, სამუშაო პროცესში პროდუქტიულობის სიმცირეს ძირითადად დასაქმებულების სახლში წარმოქმნილი გარემო-პირობები იწვევს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიზნეს-კომპანიებს საკუთარი მენეჯმენტის პანდემიურ რეალობაზე ადაპტირებით, შეუძლიათ ამ ვითარების გამოსწორება.

თანამშრომლების ტექნოლოგიური განათლება

სამსახურებრივ გარემოში კოლეგებთან ვერბალური კომუნიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა დისტანციურმა სამუშაო რეჟიმმა ახალი პრობლემები წარმოქმნა. ზოგიერთი თანამშრომლისათვის ვიდეოზარის საშუალებით კომუნიკაცია გართულდა იმის გამო, რომ ისინი კოლეგების „არავერბალურ ენას“ ვეღარ აკვირდებიან. ამასთანავე, არსებობენ თანამშრომლები, რომლებსაც ტექნოლოგიებთან შეხება მხოლოდ პანდემიის პირობებში მოუწიათ. შესაბამისად, დასაქმებულებს შორის არსებობს როგორც კომუნიკაციის, ასევე ტექნოლოგიური განათლების პრობლემა. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ ტექნოლოგიურ სფეროში ინგლისური ენა დომინირებს, ამ ყველაფერს ხშირად ენის ბარიერიც ემატება. ვინაიდან პანდემიის პირობებში უცხო ენის სწრაფად შესწავლას ბევრი კომპანია ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს, პირველი, რაც მათ უნდა გააკეთონ არის საკუთარი თანამშრომლების ტექნოლოგიური ინფორმირება, ტექნოლოგიებთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა და მუდმივი, აქტიური კომუნიკაცია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული დასაქმებულისთვის ინდივიდუალური მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული გეგმის შედგენა, გააუმჯობესებს კომპანიის საქმიანობას.

 ჯანმრთელობა

კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ნებისმიერი თანამშრომელი კორონავირუსის საფრთხის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს და მაქსიმალურად შეეცადონ მოცემული რისკების შეძლებისდაგვარად შემცირებას. ეს პირველ რიგში, თანამშრომლებისთვის COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხდება. თუმცა, დასაქმებულების ინფორმირებულობის შემთხვევაშიც კი, კომპანიებს ახალი გამოწვევა წარმოექმნებათ – ინფიცირებული თანამშრომლების აღრიცხვის პრობლემა. ვინაიდან თანამშრომლების სახლიდან მუშაობენ, ავადმყოფობის შემთხვევაში ბიულეტენის აღება ნაკლებად მოსალოდნელია და შესაბამისად, ბევრი კომპანია ამ ყველაფერს უგულებელყოფს.

თანამშრომლების ჯანმრთელობაზე საუბრისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია მენტალური ჯანმრთელობის საკითხიც. New York Times-ის კვლევის („A New Covid-19 Crisis: Domestic Abuse Rises Worldwide“) მიხედვით, პანდემიის ფარგლებში, კარანტინისა და დისტანციური მუშაობის აუცილებლობის გამო, ქალებზე ძალადობა გახშირდა. ამასთანავე, მუდმივად ჯანმრთელობასა და პანდემიაზე ფიქრის გამო, დასაქმებულებს ხშირად მენტალური მდგომარეობა უუარესდებათ. სოციალური იზოლაციის პარალელურად, სამსახურეობრივი მოვალეობების ეფექტურად შესრულება ბევრი ადამიანის ფსიქიკური პრობლემების სათავე ხდება, რაც გამოიხატება შფოთვასა და სხვა მენტალურ დაავადებებში, რაც საბოლოოდ, კომპანიის წარმატებაზე აისახება. თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვისას, ბიზნეს-კომპანიებმა დასაქმებულებს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ. ასეთ ვითარებაში, თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და ჯანმრთელობაზე, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური, ღიად საუბარი აუცილებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია კომპანიებს ისეთი თანამშრომლების ონლაინ შეკრებების დაგეგმვას ურჩევს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები გააჩნიათ. ეს შეხვედრები არამხოლოდ პრობლემებზე ღიად საუბარს შეუწყობს ხელს, არამედ თანამშრომლებს შორის თანაგრძნობისა და ურთიერთმხარდაჭერის ჩამოყალიბებას დაეხმარება.

რჩევები კომპანიებს

დისტანციურ მუშაობასთან შედარებით, საოფისე სივრცეში ბევრად მარტივია თანამშრომლების მუშაობის ხარისხის დადგენა და მათ სამუშაო პროცესზე დაკვირვება. სწორედ ამიტომ, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასაქმებულებთან აქტიურ კომუნიკაციას. თანამშრომლების მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კომპანიის მენეჯერებთან მუდმივი უკუკავშირი და კომპანიის საქმიანობის შესახებ აზრების გაცვლა. ასეთ დროს, ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელებმა ღიად უნდა მიღონ მათი თანამშრომლების ნებისმიერი შენიშვნა და მაქსიმალურად უნდა ეცადონ ამ პრობლემების გამოსწორებას. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი კომპანიის საქმიანობა და წარმატება მთლიანად თანამშრომლებზეა დამოკიდებული, პანდემიის პირობებში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად უნდა გაღრმავდეს, თანაც ისე რომ გუნდის არც ერთმა წევრმა თავი განცალკევებულად არ იგრძნოს.

თანამშრომლების გადაღლის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია კომპანიების მიერ ორგანიზებული ინდივიდუალური ონლაინ შეხვედრები, რომელშიც თანამშრომლები მათ სამსახურეობრივ გამოწვევებზე ისაუბრებენ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური მდგომარეობაც. მაგალითად, ნებისმიერი მშობლისათვის, საოჯახო საქმეების პარალელურად პროფესიული საქმიანობის წარმართვა დიდ სტრესთან ასოცირდება. ზოგადად, ნებისმიერი დასაქმებულის პროდუქტიულობაზე დაღლილობა უარყოფითად აისახება, შესაბამისად, კომპანიებს შეუძლიათ შრომის გადანაწილების პრაქტიკას მიმართონ. თითოეული თანამშრომელი სამუშაოს დღის იმ დროს აირჩევს, როდესაც ხელისშემშლელი ფაქტორები განსაკუთრებულად შემცირებულია. მაგალითად, მშობლების შემთხვევაში, ისინი იმუშავებენ ისეთ დროს, როდესაც ბავშვებს სძინავთ.

თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი შენიშვნების, ინტერესებისა და გარემოებების გათვალისწინებას გულისხმობს. თუკი ონლაინ შეხვედრის დაგეგმვისას, კომპანიის მენეჯერი თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალურ განრიგს გაითვალისწინებს, ამით სამუშაო პროცესი უფრო გამარტივდება და სამსახურში ურთიერთპატივისცემა დაისადგურებს.

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის აქტიური კომუნიკაციის გარდა, საჭიროა თანამშრომლებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესისგან განსხვავებით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში უფრო მრავალფეროვნად შეიძლება განხორციელდეს. დისტანციურ რეჟიმში აზრების გაცვლა ისეთ ყოველდღიურ პრობლემებს წამოჭრის, რომელზეც აქამდე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. დღესდღეობით, ონლაინ სივრცე ჯგუფური აქტივობების არაერთ საშუალებას გვთავაზობს, იქნება ეს უბრალო ვიდეოზარებით ერთმანეთთან დაკავშირება, სახალისო ონლაინ გამოკითხვების შექმნა თუ ძველი ფოტოების გაზიარების საშუალებით თანამშრომლებთან დაახლოვება. ამ სახის აქტივობები თანამშრომლების, როგორც ერთი გუნდის, სამუშაო პროცესში ჩართულობას გაზრდის და ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულობას.

დღეს მსხვილი ბიზნეს-კომპანიები საკუთარ წარმატებას უშუალოდ თანამშრომლებს უკავშირებენ. შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას, კომპანიების უმთავრეს პრიორიტეტად თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იქცეს. თანამშრომლებს შორის ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, ნებისმიერი წარმატებული კომპანიის განუყოფელი ნაწილია და  ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინებითა და მათთან მუდმივი კომუნიკაციით, სამუშაო სივრცეში, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთპატივისცემა ყალიბდება, რაც შემდგომში კომპანიის თანამშრომლების ერთ გუნდად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ძლიერი და ერთიანი სამუშაო ჯგუფი კი სამსახურეობრივ გარემოში წარმოქმნილ სირთულეებს აუცილებლად დაძლევს.

No Comments Yet

Comments are closed