საქართველო და NATO: გამოწვევები და პერსპექტივები

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ სულ უფრო იმატებს დისკუსია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი მოსაზრება, სურვილი თუ მოლოდინი მოგვისმენია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური გეზი კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და იმისდა მიუხედავად, თუ როგორი სამხედრო-პოლიტიკური ტემპერატურა შეინიშნებოდა რეგიონში, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით NATO-ს გზით სიარულს. ეს სვლა მუდამ მსგავსი ინტენსივობითა და სტაბილური სიჩქარით არ გამოირჩეოდა, თუმცა ეს უკანასკნელი პოლიტიკური ნების საკითხია, ამიტომ მისი შეფასებისაგან თავი შევიკავოთ. საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ოჯახში მიღების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, გავაანალიზოთ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გაჟღერებული მოსაზრებები, რომლებიც სფეროს ექსპერტებსა და კომპეტენტურ პირებს ეკუთვნით. ამავდროულად, სურათის უფრო ნათლად აღსაქმელად გამოვყოთ ის ფაქტორებიც, რამაც, შესაძლოა, ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

Photo Credits to Vano Shlamov/AFP

NATO-ზე საუბრისას, ალბათ, პირველი, რაც ყველა ჩვენგანს აფიქრდება, ეს სწორედ ხელშეკრულების მე-5 მუხლია, რომელიც კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას გულისხმობს NATO-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში. ჩრდილო-ატლატიკური ორგანიზაციის პრინციპი „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“, სინამდვილეში, ამ ეტაპზე საქართველოსათვის შემაბრკოლებელი ფაქტორია. NATO-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლს უნდა ახორციელებდეს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, საჭიროა გამოინახოს რაღაც სხვა, ალტერნატიული გზა, რათა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური სვლა არ შეჩერდეს. რასაკვირველია, მუდმივ რეჟიმში ისმის მოწოდებები NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებისაგან, რომ NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან სულ უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, თუმცა ალტერნატიულ გზაზე საუბრისას მხედველობაში ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გვაქვს.

მე-5 მუხლის გაუვრცელებლობა

ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ეფექტურ ალტერნატივაზე საკუთარი მოსაზრება გააჟღერა Heritage Foundation-ის პოლიტიკური მიმომხილველი, მკვლევარი ლუკ კოფი გახლდათ. მან ჯერ კიდევ 2018 წელს წამოაყენა იდეა საქართველოს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ. თუმცა მისი იდეის მთავარი ფაქტორი, NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე დროებით გაუვრცელებლობა გახლდათ. აღნიშნულმა განცხადებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრში, რასაც დისკუსიების მთელი სერია მოჰყვა. ლუკ კოფის იდეა პოლიტოლოგთა ნაწილმა არასწორად აღიქვა, თითქოს ამით საქართველოს უარი უნდა ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ იყო. საერთაშორისო პარტნიორები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და ყველა მსხვილი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ისევ დაუჭერდნენ. კოფის წინადადება მხოლოდ იურისდიქციის საკითხსა და ოკუპირებული ტერიტორიებისათვის მე-5 მუხლის გაუვრცელებლობას ეხებოდა. თუმცა, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების უმეტესობამ, აღნიშნულ წინადადებაში ბევრი ნათელი წერტილი დაინახეს. პირველ რიგში, ლუკ კოფის ინიციატივა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი შეიძლებოდა გამხდარიყო. ქვეყანაში NATO-ს ჯარების არსებობა ინვესტიციებისათვის საკმაოდ სახარბიელო გარემოს ქმნის. უცხოელი ინვესტორებისათვის კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამხედრო და პოლიტიკური სტაბილურობა და მშვიდობა ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. გარდა ამისა, აღნიშნული წინადადება გავლენას იქონიებდა პრობლემაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეტად აქტუალური საკითხია. „მცოცავი ოკუპაცია“ მინიმუმ ისეთი ინტენსივობით ვეღარ გაგრძელდებოდა, როგორც ეს უკანასკნელ წლებში ხდება. შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ინიციატივა ნიადაგს მოამზადებდა სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის წინა პლანზე წამოსაწევად. ქვეყანაში შეიქმნებოდა უფრო სტაბილური, მზარდი ეკონომიკური გარემო, რაც, რასაკვირველია, ამ პროცესს დააჩქარებდა. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ ლუკ კოფის ამ წინადადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, უკვე თითქმის ერთი წლის შემდეგ, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მსგავსი იდეა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მან განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს და საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ოსეთზე გაუვრცელებლად. რასაკვირველია, არც რასმუსენი გულისხმობდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი უნდა ეთქვა. ამისათვის კი მან გერმანიის მაგალითი მოიყვანა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში უკვე იყო ამგვარი პრეცედენტი, როდესაც 1955 წელს გერმანია NATO-ში ისე გაწევრიანდა, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთ გერმანიაზე გავრცელდა, მოგვიანებით კი, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, აღნიშნული მუხლი აღმოსავლეთზეც მსგავსად გავრცელდა. აშკარაა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენისა და ლუკ კოფის იდეები მსგავს ნარატივებს შეიცავენ და მიზნად საქართველოსათვის ალტერნატიული გზების შეთავაზებას ისახავენ. თუმცა, სამწუხაროა, რომ არც ერთი ინიციატივა საკმარისად ეფექტურად არ გაანალიზდა.

საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე მხოლოდ რასმუსენი და კოფი არ საუბრობენ. 2020 წლის დასაწყისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმაც. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უნდა მიიღონ. ჩავუშოღლუმ ყურადღება სამოქმედო გეგმაზეც გაამახვილა (MAP) და განაცხადა, რომ NATO-მ უნდა გაააქტიუროს იგი, რათა საქართველო გახდეს ორგანიზაციის წევრი. ფაქტია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოთა ყოფილი თუ მოქმედი ლიდერები, სფეროს ექსპერტები და მკვლევარები NATO-ს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ გაფართოებისა და საქართველოს ორგანიზაციაში მიღებისაკენ, თუმცა, თუკი ამ ყველაფერს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც დავამატებთ, შესაძლოა პროცესის დაჩქარების გარკვეული ნიშნები დავინახოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ნიშნები და ფაქტორები ცალკე გამოვყოთ და ვისაუბროთ მათ შესახებ, თუ რამდენად რეალურია, რომ რომელიმე მათგანმა სერიოზული გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ყარაბაღის კონფლიქტი

რამდენიმე დღეა რაც დასრულდა სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დაპირისპირება ყარაბაღის ტერიტორიაზე. ყარაბაღის მეორე ომში ორივე მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე სამხედრო კუთხით. სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიები და ყარაბაღის ნაწილი აზერბაიჯანს გადასცა, თუმცა სადავო ტერიტორიაზე, ყარაბაღის მეორე ნაწილში, ქალაქ სტეპანაკერტის შემოგარენში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან. ერთი შეხედვით, აღნიშნულ კონფლიქტში გამარჯვებული აზერბაიჯანი გამოვიდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ კიდევ უფრო გამარჯვებული რუსეთის ფედერაცია გამოდგა. მან სამხრეთ კავკასიაში, აფხაზეთისა და ცხინვალის შემდეგ საკუთარი ჯარი ყარაბაღშიც განათავსა, რითიც კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ამ რეგიონში. შესაბამისად, ეს უკანასკნელი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთის საჯარისო შენაერთების რეგიონში მომრავლების ფონზე, NATO-ში საქართველოს გაწევრიანება თავად NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გახდება.

თურქეთის გავლენა

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა ურთიერთობა თურქეთსა და NATO-ს შორისაც. თურქეთისა და კერძოდ, ერდოღანის ბოლოდროინდელი ნაბიჯები სახელმწიფოს მნიშვნელობისა და გავლენის ზრდას გულისხმობს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი სწორედ ამ მიზნით არის ჩართული რეგიონებში მიმდინარე უამრავ კონფლიქტში: ყარაბაღის კონფლიქტი, სირიის კონფლიქტი (იდლიბში), ლიბიის კონფლიქტი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კონფლიქტი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თურქეთმა რამდენიმე წლის წინ რუსეთისაგან შეიძინა საჰაერო თავდაცვითი სისტემები (S-400), რამაც მასსა და NATO-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბა. თურქეთს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება რუსეთისაგან შეეძინა ამგვარი სისტემები, სწორედ ამიტომ მას შეუწყდა F-35-ის (მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი) კონტრაქტიც. აღნიშნული დაძაბულობა დროის სვლასთან ერთად მინელების ნაცვლად სულ უფრო და უფრო მეტად მძაფრდება და თურქეთი თანდათანობით კარგავს სანდო სტრატეგიული პარტნიორის როლს. სწორედ, ამან შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი საქართველოსათვის, მისი NATO-სთან დაახლოების პერსპექტივაში.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაცია ეყოლება. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა და მისგან მართვის სადავეებს, საბოლოოდ, 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიაზე გადაიბარებს. ჯო ბაიდენის გამარჯვებამ დიდი დისკუსია გამოიწვია ქართულ სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოებაში. ზოგი ბაიდენს საქართველოს უდიდეს მეგობრად ნათლავს, ზოგისთვისაც, მისი მოსვლით საგარეო ურთიერთობებში საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. რასაკვირველია, რთულია წინასწარ ნებისმიერი სახის პროგნოზის გაკეთება, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ. განსხვავებით აშშ-ის წინა პრეზიდენტისაგან, ჯო ბაიდენი NATO-ს მნიშვნელობას უსაფრთხოების სფეროში სრულად იაზრებს და როგორც მისი განცხადებებით ვხვდებით, იგი აპირებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია NATO-სთან თანამშრომლობის კუთხით უფრო მეტ პერსპექტივას შემოგვთავაზებს, ვიდრე ამას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებდა.

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამომავლო პერსპექტივები NATO-სთან ურთიერთობის კუთხით სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი:

NATO აქაურობას!

No Comments Yet

Comments are closed