ეს ფოტო DataFest Tbilisi 2018-ის დასრულებიდან 8 თვის შემდეგაა გადაღებული, როდესაც ფესტივალის ორი მონაწილე ანია და საშა ერთ-ერთ სპიკერს, ვარუნს ესტუმრნენ ბერლინში.
Reunion part 2 – ფოტოსაც ასე დაარქვეს, რადგან ისინი ერთმანეთს პირველად სწორედ “დატაფესტზე” შეხვდნენ, დამეგობრდნენ და თვეების შემდეგ ბერლინის ქუჩებშიც ისეირნეს.
დატაფესტის ამბავი კი სულ თავიდან ასე დაიწყო: ჯერ კიდევ ფესტივალის დაარსებამდე, ორგანიზატორები ნახევარდღიან გამოფენას ატარებდნენ, რომელიც მოიცავდა მასტერკლასებს და ეძღვნებოდა მონაცემთა ვიზუალიზაციას. ეს დახურულ კარს მიღმა განხორციელებული პირველი ნაბიჯი მალე უფრო მასშტაბური გახდა და ჰაკათონის სახით ჩატარდა – ჟურნალისტები, პროგრამისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები, დიზაინერები და კიდევ სხვა პროფესიის ადამიანები მონაცემთა სიყვარულმა, მათთან მეგობრობამ და კონკრეტული პრობლემებისადმი სენსიტიურობამ გააერთიანა. ამის შემდეგ კი პირველი რეგიონული ღონისძიებაც ჩატარდა, უკვე ფესტივალის სახით. ასე ჩამოყალიბდა და განვითარდა “დატაფესტი”, რომლის მიზანია საქართველო რეგიონულ ჰაბად აქციოს, სადაც არა მხოლოდ მონაცემების ვიზუალიზაციაზე ისაუბრებენ, არამედ მეცნიერებით, ხელოვნური ინტელექტით, ფინტექით თუ სხვა თანამედროვე მსოფლიოსთვის განუყრელი თემებით დაინტერესებული ადამინები გაიცნობენ და ინსპირაციას მისცემენ ერთმანეთს, მუდმივად განვითარების პულსზე ედებათ ხელი.
ნინო მაჭარაშვილი და თეონა თომაშვილი “დატაფესტის” საორგანიზაციო გუნდის წევრები არიან. ნინო პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა მათემატიკისა და მონაცემების სიყვარულმა, და ასევე თანამედროვე სამყაროს უსაზღვრო შესაძლელობებმა ის დღეს ახალ მიმართულებამდე, მონაცემების ვიზუალიზაციამდე მიიყვანა; თეონას პროფესია საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკას უკავშირდება. ტრადიციული გზებით მუშაობა მისთვის ცოტა მოსაწყენი აღმოჩნდა და სიახლის ძიებაში არსებული სოციალური თუ პოლიტიკურ/ეკონომიკური პრობლემების განსხვავებული ფორმით წარმოჩენა დაისახა მიზნად.
სანამ კონკრეტულად ფესტივალის დეტალებზე გადავალთ, მოდით, ჯერ ციფრულ სამყაროზე ვისაუბროთ. როგორია ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობის კვალდაკვალ?
თეონა: ჩემთვის მეტად პრაქტიკულია, შეგიძლია ყველაფერთან ერთდროულად იყო დაკავშირებული.
ნინო: დღესდღეობით ციფრული სამყარო მუდმივ ცვალებადობასთან არის დაკავშირებული, სიახლეებთან, რომლებიც ასევე ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას. თუმცა მე ეს მომწონს. ცვლილებები სიცოცხლის წყაროა.
ადამიანები vs ტექნოლოგიები?
თუ პირიქით, მათი გაერთიანება?
თეონა: ჩემთვის ერთიანი ძალა უფროა, ვიდრე რომელიმე ცალ-ცალკე.
ნინო: ჩვენ განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, რომ შემდეგი თაობისთვის უკვე წარმოუდგენელიც კი იქნება როგორი იყო ცხოვრება ტექნოლოგიების გარეშე. თუმცა, ამავდროულად დიდი სიფრთხილე გვმართებს და რისკების გაანალიზებაც. მგონია, რომ ადამიანები და მანქანები მუდმივად გამოწვევების წინაშე ვაყენებთ ერთმანეთს.
როგორი იქნება თვითონ დატაფესტის 3 დღე? ვის შეეძლება დასწრება?
თეონა: ჩვენ ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანს ველოდებით, ასევე მრავალფეროვნად გადავანაწილეთ განრიგიც. გვექნება მთავარი სცენა, რომელიც ინსპირაციული გამოსვლებით გიმასპინძლებთ. ჩვენი სპიკერები მოგიყვებიან, თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს მონაცემებთან მეგობრობამ და პირად გამოცდილებებზეც ისაუბრებენ. გვექნება ვორქშოპები, სადაც მონაწილეები პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – job fair – განსხვავებული პროფესიის ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, კარგად შეისწავლონ ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, გაეცნონ ღონისძიებაზე წარმოდგენილი კომპანიების ვაკანსიებს და აღმოაჩინონ ახალი გზები თავიანთი კარიერული განვითარებითვის.
კიდევ ერთი – საღამოს წვეულება, არაფორმალური ნაწილი, რომელიც გვგონია, რომ ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან.
რა ნიშნით არჩევთ სპიკერებს?
ნინო: წელს დაახლოებით 60-მდე სპიკერი გვეყოლება, რომლებიც თავიანთ სფეროებში წარმატებულები არიან, მაგრამ რაც მთავარია, ისინი გახსნილები უნდა იყვნენ ისეთი ღონისძიებისთვის, რომელიც უამრავ ახალ ნაცნობსა და მეგობარს გთავაზობს.
ასევე, გვსურს რომ ჩვენს რეგიონში არსებული კომპანიები ციფრული კუთხით წარმოვაჩინოთ და არ გვქონდეს წარმოდგენა თითქოს ინოვაციებთან დაკავშირებული ვორქშოპები მხოლოდ ამერიკაში ან ევროპაში იმართება. ჩვენმა სპიკერებმა კი სწორედ ამაში უნდა დაგვარწმუნონ.
ქალები ტექნოლოგიებში –
ნინო: მოდით, ვთქვათ მარტივად – ეს სფერო მომავლისაა, კარგად ანაზღაურებადი, მოთხოვნადი და ამიტომ განსხვავება არ უნდა არსებობდეს: ყველა, ქალები და კაცები, მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ამ საზღვრებგარეშე სივრცეში. ტექნოლოგები არღვევენ სტერეოტიპებს და ჩვენ ნამვილად უნდა მივბაძოთ მათ.
თეონა: მე ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ისეთ შეხვედრაზე, სადაც მხოლოდ მე და ნინო ვყოფილვართ ქალები. ასევე, ძალიან ხშირად ჩვენს პარტნიორებს მხოლოდ მამაკაცები წარმოადგენენ. გვინდა, რომ ჩვენი ღონისძიებით მოტივაცია მივცეთ ისეთ გოგონებს, რომლებსაც ცნობიერად თუ არაცნობიერად უნერგავენ, რომ ტექნოლოგიები ქალების სფერო არაა და ისინი წარმატების მიღწევას ვერ შეძლებენ. გვინდა მათ ჩვენი სახით მაგალითი ჰქონდეთ, რომ დარწმუნდნენ – ქალებს ძალიან კარგად გამოგვდის ტექნოლოგიებთან მეგობრობა; და თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ აქ, რატომ არა სხვას?
როგორია “დატაფესტის” სამომავლო გეგმები?
ნინო: უკვე მესამე წელია, რაც “დატაფესტს” ვატარებთ და ამით ჩვენი პირველი ციკლი დაიხურება. სამომავლოდ ჩვენი ღონისძიება უფრო ფართომასშტაბიანი გვინდა გახდეს და საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვოს. ვაპირებთ პარტნიორი ორგანიზაციების რაოდენობა საგრძნობლად გავზარდოთ.
გარდა ამისა, გვინდა გავცდეთ თბილისს და მონაცემების სიყვარულის კონცეფცია რეგიონებშიც გავიტანოთ. ასევე, მეტად აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილები წლის განმავლობაშიც.
მონაცემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს რა რჩევას მისცემდით?
თეონა: იცით, თავიდან ჩემთვისაც ძალიან საშიშად გამოიყურებოდა ეს სფერო, მაგრამ, როგორც წესი, ყველა ჩვენივე შიშს ჩვენვე ვქმნით და სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს რაიმე მიმართულება, რომელსაც ინტერესის შემთხვევაში ვერ დავძლევთ. წარმატების საიდუმლოც ალბათ ისაა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, იმ შემთვევშიც კი, თუ რამე გამოვა, ან არა…
როგორია მომავლის გზა?
ნინო: მუდმივი განვითარებით და ცნობისმოყვარეობით სავსე. დღეს ეს შეიძლება მონაცემებია, ხვალ შეიძლება სხვა რამ იყოს. მთავარია ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს და განვითარების სურვილი, შრომისმოყვარეობა არ დავკარგოთ.
თეონა: მომავლის გზა სიახლეების მიმღებლობაა, სადაც შიშს არაფერი ესაქმება. ამას მე ყოველდღიურ დრაივს დავარქმევდი.