3 მნიშვნელოვანი რჩევა დამწყებ მასწავლებელს

2019 წლის აგვისტოში საქართველოს საჯარო სკოლები 6000-მდე პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა. წელსვე სკოლებში ათასობით ახალგაზრდამ დაიწყო მასწავლებლის კარიერა. ახალ პროფესიაში პირველი ნაბიჯები ხშირად დამაბნეველი და საშიში ჩანს. რამდენი დროც არ უნდა დავუთმოთ პირველი ან მომდევნო გაკვეთილისთვის მზადებას, ყოველთვის ვიგრძნობთ ნერვიულობას, სანამ კლასის წინაშე წარვსდგებით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კლასის და საგაკვეთილო პროცესის უკეთ მართვაში.

> ყველაფრის ცოდნა არ არის აუცილებელი

უნდა აღიაროთ, რომ ყველაფრის ცოდნა არ გევალებათ. მასწავლებლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ (Lifelong learners). შესაბამისად, თუკი კლასში მოსწავლის კითხვაზე პასუხი არ გაქვთ – ნუ ინერვიულებთ, ნუ დაიბნევით – გულწრფელად გაუზიარეთ კლასს, რომ არ იცით ამ კითხვაზე პასუხი და კარგი იქნება ერთად თუ მოიძიებთ. ეს ერთი მხრივ გაგიმარტივებთ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას და მოსწავლეებიც ისწავლიან, რომ აუცილებელია არა ყველაფრის ცოდნა, არამედ იმის ცოდნა, თუ როგორ და სად უნდა ვიპოვოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე.

> ისწავლეთ მასწავლებლებისგან

მასწავლებლისთვის აუცილებელია პროფესიული კავშირები და გამოცდილების გაზიარება. სწავლების პროცესში ხშირად აღმოჩნდებით გამოწვევების წინაშე, ხშირად იფიქრებთ, რომ რაღაც დავალებას ვერ უმკლავდებით – ამ სირთულეების გადალახვაში ისევ თქვენი კოლეგები უნდა იყვნენ თქვენი დამხმარეები. ხშირად უნდა გაიზიაროთ სხვების გამოცდილება. უნდა აღიაროთ, რომ სხვებსაც შეიძლება ღირებული ცოდნა ჰქონდეთ, არ მოგერიდოთ მენტორი მასწავლებლის დახმარება და არც სხვებს უთხრათ უარი გამოცდილების გაზიარებაზე.

> თითოეულ შემთხვევას მიუდექით ინდივიდუალურად

არასდროს შეხედოთ კლასს, როგორც ერთფეროვან და ერთიან ჯგუფს. ყველა მოსწავლეს განსხვავებული საჭიროება და სურვილები აქვს. მასწავლებლისთვის აუცილებელია იცოდეს თითოეული მოსწავლის გამოწვევა და შესაძლებლობა და შესაბამისად წარმართოს, როგორც საკლასო აქტივობები, ისე ურთიერთობა კლასს მიღმა. ასეთი მიდგომა თავიდან აგაცილებთ ერთფეროვანი და მოსაწყენი მასწავლებლის ტიტულს და ასევე, საშუალებას მოგცემთ სამართლიანად შეაფასოთ თითოეული მოსწავლის მიღწეული შედეგები.

ცხადია, მასწავლებლის პროფესია სხვა მრავალ შრესაც მოიცავს. თუმცა, ზემოთ აღწერილი სამი გამოწვევა დამწყები მასწავლებლისთვის შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს.