ემბრიოლოგია ანუ ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ეს არის ბიოლოგიისა და მედიცინის მიმართულება, რომელიც სწავლობს ემბრიონებს და მათ განვითარებას. ალბათ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან ემოციურია, როცა ემსახურები სფეროს, რომლის მთავარი მიზანიც ახალი სიცოცხლის დაბადება და ადამიანებისთვის შვილის ყოლის განუმეორებელი სიხარულის მინიჭებაა. უკვე ათი წელია მედიცინის ეს მიმართულება თამარ დვალის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ჩვენი რესპონდენტი კლინიკა „აი ვი ეფ ჯორჯია“-ს ემბრიოლოგია.

ბავშვების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, სკოლის ასაკში თამარს საბუნებისმეტყველო საგნები იტაცებდა, განსაკუთრებით კი ქიმია და ბიოლოგია. ასე იყო სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც და ამიტომაც პროფესიის არჩევა არ გასჭირვებია, საბუნებისმეტყველო საგნების სიყვარულმა განაპირობა, რომ ჩვენი რესპონდენტი მედიცინის გზას დაადგა და გადაწყვიტა, რომ ექიმი უნდა გამხდარიყო. აქ ცოტა ოჯახის კვალიც იკვეთება, რადგან როგორც თავად გვეუბნება, მისი ოჯახის წევრებიც საბუნებისმეტყველო პროფესიის წარმომადგენლები არიან.
2002-2008 წლებში თამარ დვალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო საქმის სპეციალობაზე სწავლობს. შემდეგ ბუნებრივია რეზიდენტურის დრო დგება და თამარი სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით აგრძელებს.
„როგორც სტუდენტობის, ასევე რეზიდენტურაში სწავლის დროს გავდიოდი პრაქტიკას სხვადასხვა კლინიკებში. ამის გარეშე კვალიფიკაციის ამაღლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც ვთვლი, რომ იმ წლებმა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“.
უფრო ზუსტად, თამარის პროფესიულ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მან 2005 წელს სტაჟირება თურქეთში, ქალაქ ანკარაში მდებარე ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკის რამდენიმე განყოფილებაში გაიარა. 2005-2006 წლებში კი ჩვენი რესპონდენტი სტაჟირებას თბილისში მდებარე კლინიკების პედიატრიულ და რეანიმაციულ განყოფილებებში გადის. თამარ დვალს სტაჟირების გამოცდილება აქვს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში
„კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც მედიცინის ნებისმიერ დარგში, ჩვენს სფეროშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ემბრიოლოგებს თანამედროვე ტენდენციების პულსზე გვედოს ხელი. ამიტომაც ხშირად ვესწრები სხვადასხვა კონფერენციებს და ვორქშოფებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვარ ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების წევრი“.
შრომით ბაზარზე პირველ ნაბიჯებს თამარი ფარმაცევტული კომპანია GPC-დან იწყებს, სადაც 2008-2013 წლებში მუშაობდა. პარალელურად, 2013 წელს ემბრიოლოგიით ინტერესდება და ახალი პროფესიის შესასწავლად რეპროდუქციის სკანდინავიური მედიცინის ცენტრში მიდის.
„უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ. სკანდინავიური მედიცინის ცენტრში 2013 წელს მივედი და ემბრიოლოგიის შესწავლა გადავწყვიტე. საქართველოში არც მაშინ იყო და არც ახლა არსებობს მაგისტრატურა ან რეზიდენტურა ამ განხრით. ამიტომ სხვადასხვა სასწავლო კურსი საზღვარგარეთ, კერძოდ ესტონეთის – IVF კლინიკებში გავიარე“.
თამარი ტალინში ემბრიოლოგიის შესასწავლად 2014 წლიდან რამდენჯერმე მიემგზავრება. უკვე დღეს ის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების წევრია.
„როგორც მედიცინის ნებისმიერი დარგი, ემბრიოლოგიაც ძალიან საპასუხისმგებლო სფეროა. მიმაჩნია, რომ ემბრიოლოგი ბუნებით უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული. ეს საქმიანობა მოითხოვს ძალიან დიდ ნებისყოფას და მოთმინებას. მაგალითად, როდესაც აკეთებ ICSI პროცედურას, ამ დროს მიკროსკოპთან მუშაობ ორივე ხელით ერთდროულად, თუმცა თითოეული ხელი სრულიად სხვადასხვა მანიპულაციას ასრულებს, რაც ძალიან დიდ კონცენტრაციას და მობილიზაციას მოითხოვს, რადგან ხელის მცირე არაზუსტმა მოძრაობამაც კი შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს“.

რეპროდუქციის სკანდინავიურ ცენტრ „აი-ვი-ეფ ჯორჯიაში“ ემბრიოლოგ თამარ დვალის სამუშაო დღე ემბრიოლოგიურ განყოფილებაში აპარატურის შემოწმებით და კონტროლით იწყება. აქ აუცილებელია რომ წნევა, ტემპერატურა და ტენიანობა სპეციალისტმა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლოს. თამარი გვიხსნის, რომ პროცედურის დროს ქალის ორგანიზმიდან, ასპირაციის გზით ფოლიკულური სითხის აღება ხდება. ამის შემდეგ, ემბრიოლოგის მიერ აღებულ მასალაში კვერცხუჯრედების მოძიების, სინჯარებში მოთავსების და ინკუბატორში დაყოვნების დროა. პარალელურად კი ხდება სპერმის დამუშავება და პროცედურის ჩასატარებლად მომზადება.
„არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების 2 მეთოდი ‒ ინ ვიტრო ინსემინაცია და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI). ინ ვიტრო ინსემინაციის დროს სინჯარაში მოთავსებულ კვერცხუჯრედთან ერთად ხდება წინასწარ დამუშავებული სპერმის მოთავსება და ამ შემთხვევაში სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს თვითონ ანაყოფიერებს, რაც შეეხება ICSI-ის პროცედურას, ეს არის მიკრომანიპულაცია, რომლის დროსაც ემბრიოლოგს სპეციალური მიკროპიპეტის საშუალებით თავად შეჰყავს კვერცხუჯრედში ყველაზე კარგი მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდი, ანუ ხდება კვერცხუჯრედის გარსის გარღვევა და სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში მოთავსება. განაყოფიერების შემოწმება ხდება 16-18 საათის შემდეგ. მომდევნო დღეებში კი ხდება ემბრიონების განვითარებაზე დაკვირვება და მათი შეფასება.ემბრიონის გადატანა ქალის საშვილოსნოს ღრუში ხდება მე-3 ან მე-5-6 დღეს. ქალის საშვილოსნოს ღრუში ძირითადად ერთი, მაქსიმუმ 2 ემბრიონი გადადის. დარჩენილი კარგი ხარისხის ემბრიონები კი იყინება მათი შემდგომი გამოყენების მიზნით“.
თამარის როგორც ემბრიოლოგის მთავარი მიზანი არის პაციენტების უზრუნველყოფა უშვილობის პროგრესული დიაგნოსტიკითა და წარმატებული მკურნალობით. დღეს მედიცინის ეს მიმართულება პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე უშვილობის მკურნალობისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებს. სწორედ ემბრიოლოგების დახმარებით, პაციენტებს საშუალება ეძლევათ, რომ იმედი რეალობად აქციონ და პირადად დარწმუნდნენ, რომ ცხოვრებაში სასწაულები ნამდვილად ხდება.
„ეს არის ზღვა ემოცია როგორც პაციენტისთვის, ასევე ჩემთვის ‒ შეგრძნება იმის, რომ ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების მონაწილე ხარ, მცირე წვლილი შენც მიგიძღვის მის მშობლად გახდომის ოცნების ახდენის პროცესში. როცა პაციენტს ეუბნები, რომ „გილოცავთ ორსულად ხართ“ და მის გაბრწყინებულ თვალებს ხედავ მისი ბედნიერების თანამონაწილე ხდები. კიდევ უფრო საოცარია, როცა უკვე დაბადებული ბავშვებით მოდიან მშობლები და უყურებ ახალ სიცოცხლეს, რომლის მოვლინებაშიც მცირე წვლილი შენც შეიტანე. ხშირად ვამბობ, რომ მადლობელი ვარ ღმერთის, რადგან საშუალება მომცა ამ საოცარი პროცესის თანამონაწილე ვიყო“.
თამარ დვალი გვეუბნება, რომ ემბრიოლოგი ხასიათის განსაკუთრებული შტრიხებით უნდა გამოირჩეოდეს, კერძოდ, აუცილებელია, რომ ამ სფეროს წარმომადგენელი იყო გულისხმიერი და განსაკუთრებულად მობილიზებული. ემბრიოლოგს უნდა შეეძლოს თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა.
„ჩვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, მობილიზაცია, თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მის მდგომარეობაში შესვლა, შეუძლებელია იყო ემბრიოლოგი და გქონდეს საქმისადმი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულება“.
თამარი გვიხსნის, რომ მის პროფესიაში პაციენტის ნდობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ნდობა კი მაშინ მოდის თუ პაციენტი ექიმისგან თანაგრძნობას ხედავს.

„ყოველთვის უნდა გაითვალისწინო პაციენტის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ, გესმის მისი და რომ მზად ხარ შენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთო მისი დახმარებისთვის. დამიჯერეთ, პაციენტი ამას ყოველთვის გრძნობს“.
საქმისადმი ერთგული და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, შრომა, შეუპოვრობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი უპირობო სიყვარული ‒ ეს თამარ დვალის ხედვით, პროფესიული წარმატების მთავარი ფორმულაა.
„როცა ხარ ემბრიოლოგი და აცნობიერებ, რომ ახალი სიცოცხლის შექმნაში მიგიძღვის წვლილი, ეს ძალიან ემოციური და სასიხარულო გრძნობაა, თუმცა ეს ასევე ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. პასუხისმგებლობა ცხოვრების ყველა ეტაპზე მაღალი მქონდა, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემი კარიერა ემბრიოლოგიას დავუკავშირე, პასუხისმგებლობაც გამიათმაგდა. პრინციპში სხვა უფლება არც მაქვს! მე ხომ ყოველდღიურად ახალი სიცოცხლის საწყისთან ვდგავარ!“.
უკვე დღეს თამარ დვალს მედიცინის გარდა საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერც კი წარმოუდგენია, ის რაც ემბრიოლოგიის პარალელურად აინტერესებს გენეტიკაა, ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს მიმართულება სიღრმისეულად შეისწავლოს.
„პირველადი პროფესიით ენდოკრინოლოგი ვარ, რაც ასევე ძალიან საინტერესო სფეროა ჩემთვის, თუმცა ემბრიოლოგიამ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად დავრჩი ამ სფეროში. სიმართლე გითხრათ, მედიცინის გარდა სხვა სფეროში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. გარდა ამისა, ძალიან დაინტერესებული ვარ გენეტიკის შესწავლით და არ გამოვრიცხავ მომავალში ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შევისწავლო, მით უფრო რომ გენეტიკა ემბრიოლოგიასთან პირდაპირ კავშირშია“.
თამარის ცხოვრებაში ახლა ის ეტაპია, როცა პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი დაცული აქვს, მიაჩნია რომ ამის მიღწევა ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია. ემბრიოლოგ თამარ დვალს ხშირად მუშაობა უქმე დღეებშიც უწევს, ამას მისი საქმე მოითხოვს, თუმცა სჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში საქმესა და პირად ცხოვრებას შორის დროის გადანაწილება ყველას შეუძლია.
„ვფიქრობ, რომ პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი დაცული მაქვს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ბევრად უფრო შრომისუნარიანი და პროდუქტიულია და ეს ასეა არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში“.