უნივერსალური იურიდიული მომსახურება ბიზნესს — ინტერვიუ თეონა კუპრეიშვილთან

„ბლექსი გრუპი“, შპს „რეფორმა კონსტრაქშენ მენეჯმენტი“, PSP დაზღვევა, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი, ეგის ინთერნეიშენელი, საგა იმპექსი ‒ ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებიც იურიდიულ მომსახურებას წლებია თეონა კუპრეიშვილსა და მის იურისტთა გუნდს ანდობენ. ვრცელია იმ კომპანიების ჩამონათვალიც, სადაც თეონა იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა იმ დრომდე, ვიდრე მეგობართან და პარტნიორთან, ეკატერინე სირაძესთან ერთად საკუთარ, იურიდიულ ფირმას დააფუძნებდა. თეონა და მისი „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ ბიზნესს მრავალპროფილურ სერვისებს სთავაზობენ. მათ წარმატებაზე ყველაზე მეტს მარტივი სტატისტიკა ამბობს ‒ სასამართლო დავების 95% მოგებულ საქმეებზე მოდის.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სამართალმცოდნეობა სკოლის დამამთავრებელ კლასში ყოფნისას აირჩია, მანამდე ხან ისტორიკოსობა უნდოდა, ხან ძველი ბერძნულის ათვისება, იყო პერიოდი, როცა ექიმობაზეც ფიქრობდა. თეონა გვეუბნება, რომ იურისტის საჭიროება ყოველდღიურ საქმიანობაში ფეხს სწორედ მისი აბიტურიენტობის წლებში იკიდებდა, ბიზნესიც სწორედ მაშინ იწყებდა განვითარებას. მომავალი იურისტისთვის ინსპირაციის ნაწილში მცირე როლი მამის სამსახურში გატარებულმა პერიოდმა შეასრულა, მოსწონდა ოფისის ყოველდღიურობა, მუშაობის ტემპი და სტილი. დღეს გვეუბნება, რომ პროფესიული არჩევანით ბედნიერია, მეტიც ამ პროფესიით ცხოვრობს, რადგან ყველგან და ყოველთვის იურისტია!

პირველი პროფესიული გამოცდილება მეოთხე კურსის სტუდენტმა მიიღო, სტაჟირებაზე მისი წარმატებული აკადემიური მოსწრების გამო მიიწვიეს, ეს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული იურიდიული კლინიკა იყო. თეონა გვეუბნება, რომ სტაჟირების თვეებმა დიდი გამოცდილება მისცა, მაშინ ისწავლა მოქალაქეებთან კომუნიკაცია და ძვირფასი ადამიანებიც შეიძინა, კოლეგები, რომლებიც დღეს უკვე თეონას მეგობრები არიან.

„უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე დღიდან, დღემდე ჩემს თავზე ვმუშაობ, მუდმივად ორიენტირებული ვარ თვითგანვითარებაზე და ეს არ ეხება მხოლოდ სამართალმცოდნეობას. მაინტერესებს ადამიანების ფსიქოლოგია. ჩემს პროფესიაში ფსიქოლოგიურ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წლებმა ამ მხრივ დიდი გამოცდილება მოიტანა. დღეს, როცა ვხვდები ადამიანებს, ზუსტად ვიცი ვინ როგორ აზროვნებს. ეს კი დამკვეთებთან და არა მხოლოდ მათთან სწორი კომუნიკაციის წარმართვაში მეხმარება. ჩემს პროფესიაში გარდა ლოგიკის, სხარტი აზროვნების და ანალიტიკური უნარისა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანის ფსიქოტიპის გამოცნობის უნარი გაქვს და იცი როგორ მართო ნებისმიერი სიტუაცია“.

თეონა კუპრეიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტია. მისი სადოქტორო თემაა საგადასახადო კონტროლის მექანიზმები და მათი პრობლემები საქართველოში. ამავე უნივერსიტეტში თეონა მიწვეული ლექტორია, მაგისტრანტებს სადაზღვევო და სამშენებლო სამართალს უკითხავს. თეონა კუპრეიშვილის პროფესიული გამოცდილება მრავალფეროვანია. 2017 წლიდან 2021 წლამდე ის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“. გასულ წლებში იყო „სამედიცინო ცენტრი ნეოკლინიკის“, იურიდიული კომპანია „თემიდას“, შპს „მეტალფოს“, კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის“ იურისტი, თიბისი ბანკის საკრედიტო ადმინისტრაციის უფროსი, წლებია PSP დაზღვევის სამართლებრივი პორტფელს სრულად თეონას კომპანია ემსახურება. 2015 წელს მეგობართან და პარტნიორთან, ეკატერინე სირაძესთან ერთად „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფს“ აფუძნებს, კომპანია ბაზარზე აქტიურად დამკვიდრებას 2020 წლიდან იწყებს.

„ჩემი იურიდიული ჯგუფის სერვისების 99% ბიზნესს უკავშირდება. გვყავს საკმაოდ მსხვილი დამკვეთები, რომლებსაც მრავალპროფილურ მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენი ორგანიზაცია, ეს არის ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ყველა უშვებს შეცდომას ვინც მუშაობს და ჩვენ შეცდომებისთვის არავის ვსჯით, პირიქით, ვეხმარებით შეცდომების დაძლევასა და განვითარებაში. როცა კომპანიას ვაფუძნებდი, ჩემი მიზანი იყო, რომ არ ვყოფილიყავი ტრადიციული გაგებით ქართველი მენეჯერი, ეს მიზანი სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მოიტანა. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ქართველი მენეჯერი ორიენტირებულია ისეთი ტიპის საკითხებზე, რაც ჩემთვის პროფესიულად და პრინციპულად მიუღებელია. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მეგობარი მენეჯერი. პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს მიდგომა საქმის წარმატებას ხელს უწყობს“.

პირადი, პროფესიული წარმატების გასაღებს თეონა კუპრეიშვილი თვითგანვითარებაში ხედავს, მიაჩნია რომ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია პროფესიაში თავის დამკვიდრება.

„მიმაჩნია, რომ ნამდვილ პროფესიონალს ყოველთვის უნდა შეეძლოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მარტივად არ უნდა ექცეოდეს სხვისი გავლენის ქვეშ. ჩემი სტილი არ არის მაგალითად, სასამართლოს ლანძღვა, რასაც სამწუხაროდ, ჩემი ბევრი კოლეგა მიმართავს, წარუმატებლობის შემთხვევაში მე პირიქით, პრობლემას საკუთარ თავში ვეძებ, ვაანალიზებ მთელს პროცესს, ვცდილობ გავარკვიო სად დავუშვი შეცდომა. თუმცა, შემიძლია ისიც სიხარულით აღვნიშნო, რომ სასამართლო დავების 95% წარმატებით მაქვს დასრულებული“.

ვცდილობთ გავარკვიოთ, რაში მდგომარეობს თეონა კუპრეიშვილის კონკურენტული უპირატესობა, ამ კონტექსტში საკუთარ თავზე საუბარი ჩვენი რესპონდენტისთვის კომფორტული არ არის. რადგან არ ვეშვებით, გვეუბნება, რომ ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობად ღრმა ანალიზის უნარს მიიჩნევს. ამბობს, რომ ცდილობს დამკვეთებს ზედმეტი ვარაუდების გარეშე კონკრეტული პასუხების გასცეს და გრძნობს, რომ ეს პოტენციურ პარტნიორებს განსაკუთრებით ხიბლავთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თეონას გამოწვევები არ აშინებს, ამის დასტურად კოვიდპანდემიის პერიოდში მისი მუშაობის სტილზე საუბარი გამოგვადგება. მაგალითად, ზუსტად 2020 წელს გადაწყვიტა, რომ დრო იყო მისი იურიდიული ფირმა ბაზარზე მყარად დაფუძნებულიყო, ყველაზე მსხვილ კომპანიებთანაც კონტრაქტები 2020 წელს გააფორმა და მეტიც, ე.წ ლოკდაუნის პერიოდში სასამართლოში 160 სარჩელი შეიტანა. პანდემია თეონას შეჩერების მიზეზად ვერ გამოდგა! ახლა მისი უახლოესი მიზანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფის“ მაქსიმალური განვითარება, თეონას ამბიცია აქვს, რომ მისი კომპანია ბაზარზე ლიდერი უნდა იყოს!

იურიდიული საქმიანობის პარალელურად, თეონა კუპრეიშვილი 2023 წლის ივლისიდან შპს „საბცენტრალ სტუდიას“ ხელმძღვანელობს, რომელიც მხატვარმა დავით მაჭავარიანმა (კაკადუმ) დააფუძნა. ეს არის არტ სტუდია, რომელიც საქმიანობს მხატვრული მიმართულებით. 2023 წლის ივლისის თვეში თეონა კუპრეიშვილი დავით მაჭავარიანთან ერთად გახდა პლატფორმა saavtoro.ge-ს თანადამფუძნებელი. პლატფორმის მიზანია დაიცვას სხვა და სხვა ავტორების საავტორო უფლებები. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ავტორს ან იდეის ავტორს ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს პლატფორმაზე, განათავსოს მისი საავტორო ნაწარმოები/ნამუშევარი. პლატფორმის და პლატფორმაზე რეგისტრირებული ავტორების სამართლებრივ მხარდაჭერას და უფლებების დაცვას სრულად უზრუნველყოფს თეონას გუნდი.

ხომ არ იფიქრეთ რომ სულ ესაა, რაც თეონას შესახებ უნდა მოგიყვეთ? ცოტა ხნის წინ პროფესიით იურისტი და ჰობით კარგი დეგუსტატორი კონდიტერიას შეეჭიდა.

„მუდმივად ვამბობ, რომ ყველაფერს განსაზღვრავს ხარისხი, როგორც პროფესიაში მაქვს მაღალი ხარისხისკენ სწრაფვა, ასევე მიყვარს გემრიელი, ხარისხიანი ნამცხვრები. ჩემი და საოცარი კონდიტერია, მე კარგი დეგუსტატორი და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პატარა საკონდიტრო, სადაც ორიენტირებული ვიქნებოდით მხოლოდ ხარისხიან პროდუქციაზე, ბაზარზე არსებულისგან განსხვავებულზე, ჩვენთან იქნებოდა ძველი გემოებიც და თანამედროვეც. სწორედ ამ პრიორიტეტის მიხედვით დავაფუძნეთ საკონდიტრო „ქეიქერი“, სადაც ასორტიმენტი ჩემი დის რეცეპტებით მზადდება“.

იურისტისთვის საკონდიტრო სეგმენტის ათვისება მარტივი არ გამოდგა, თუმცა ძალისხმევას არ იშურებს და თეონას სჯერა, რომ ამ ბაზარზეც ნებისმიერ სირთულეს დაძლევს.