საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, რომ საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

კვლევის თანახმად, მსოფლიოში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს 89.4 ქულით; მას რეიტინგში ჰონგ-კონგი (89.1) და ახალი ზელანდია (84.1) მოსდევენ.

რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონში გასულ წელთან შედარებით 2 პოზიციით დაწინაურდა, შესაბამისად, ამ შედეგით ევროპის 45 ქვეყანას შორის საქართველო მე-6 ადგილს იკავებს სტატუსით „უმეტესად თავისუფალი“ .

2020 წლის რეიტინგი 4 მიმართულების შეფასებით შედგა, ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, 12 კომპონენტს მოიცავს.

რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა 5 მიმართულებებით გაიუმჯობესა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა).

მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. ამ კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს.

მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი ქვეყანაში ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აფასებს. საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).